კიუშუ ბაშო კვლავ წარუმატებლად გრძელდება ქართველი სუმოისტებისთვის. წლის ბოლო სუპერტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძის მეტოქე მეორე მაეგაშირა მიოგირიუ იყო და ტოჩინოშინი ჰიკიოტოშის ილეთით დამარცხდა.
ეს აღნიშნული წყვილის 23-ე დაპირისპირება იყო და ურთიერთშეხვედრებში მეტოქემ ტოჩისთან ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა - 12:11-ზე.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როგორც პირველ შეხვედრაში, ასევე დღესაც, ორთაბრძოლის დაწყებისთანავე უპირატესობის მოპოვებას ქართველი სუმოისტი ახერხებს, თუმცა მის გამარჯვებამდე მიყვანას ვერ და ორივე შემთხვევაში თითქმის ანალოგიური ილეთით მარცხდება.
რაც შეეხება მომავალ მეტოქეს, ხვალ ლევანი კომოსუბი ენდოს დაუპირისპირდება, რომელთანაც აქამდე 11 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 5 მოგების საპირისპიროდ 6 მარცხია. ენდოს კი მიმდინარე ბაშოზე 1 მოგება და 1 წაგება აქვს.
ამრიგად ტოჩის შემოდგომის მეორე სუპერტურნირზე განცდილი 2 მარცხით სიტუაცია გაურთულდა, რადგან დარჩენილი 13 რთაბრძოლიდან მხოლოდ 3-ის წაგების უფლება აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაშო ოძეკის პრესტიჟულ ტიტულს ვერ დაიბრუნებს.
ტოჩინოშინის მსგავსად მარცხი განიცადა თეიმურაზ ჯუღელმაც, რომელიც რანგით მეორე დივიზიონ ჯურიოში ასპარეზობს. გაგამარუს მეტოქე ჯურიოს მე-13 ნომერი ჰოშორიუ იყო, რომელთანაც ჩვენებური იორიკირის ილეთით დამარცხდა.
ეს აღნიშნული წყვილის პირველი დაპირისპირება გახლდათ და მეტოქემ ურთიერთშეხვედრებში მოგებათა ბალანსი თავის სასიკეთოთ გახსნა.
ჯუღელის მომდევნო მეტოქე კი ჯურიოს მე-14 ნომერი იროდორი იქნება, რომელსაც აქამდე 2-ჯერ შეხვედრია და 1 შეხვედრაში მეტოქის დამარცხება მოახერხა, ერთხელ კი თავად დამარცხდა.
გაგამარუს მიმდინარე ბაშოზე დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება და თუ დარჩენილი 13 ორთაბრძოლიდან 8-ის მოგებას ვერ მოახერხებს, დიდი ალბათიბით მესამე დივიზიონ მაკუშიტაში დაქვეითდება.