„მწვადები და სიყვარული“

„მწვადები და სიყვარული“

თუკი ვახტანგ მეფემ თბილისი გააშენა, „ნაცმოძრაობამ“ სიღნაღი დაამშვენა (და მერე რა, რომ ის, თავის დროზე ერეკლემ ააშენა).

არა მხოლოდ დაამშვენა, ახალი სახელიც უბოძა: „სიყვარულის ქალაქი“ დაარქვა.

მაგალითად, მეთიუ ბრაიზამ ბრძანა (სიღნაღის ნახვის შემდეგ), თავი ევროპაში მეგონაო) როგორც ჩანს, არც მან იცოდა, რომ თავის დროზე, ქალაქი ერეკლემ ააშენა).

ერთი სიტყვით, ოფიციალური გათვლებით, სიღნაღში საკურორტო მაჯისცემამ პიკს უნდა მიაღწიოს.

შესაძლოა, ამიტომაც კახეთის გუბერნატორმა (რომელიც მანამდე საკანონმდებლო ორგანოში იურიდიულ კომიტეტს თავმჯდომარეობდა) სიღნაღში მწვადის ფესტივალი მოაწყო, რომლის ფარგლებშიც კახელები ერთმანეთს მწვადის შეწვის ხელოვნებაში გაეჯიბრნენ (თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, პეტრე ცისკარიშვილმა, თავის დროზე, კახელები ვენახის სხვლაშიც გააჯიბრა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალმა გუბერნატორმა ძველს მიჰბაძა).

ბატონმა ბეჟაშვილმა განგვიმარტა, რომ ჩვენებურებმა უცხოელ ტურისტებს თავი ღირსეულად გააჩვენეს (მწვადის შეწვის თვალსაზრისით). ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ უცხოეთში გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეების უდიდესი ნაწილი თავის შეგნებულ ცხოვრებას უცხოელთა სამსახურში ატარებს, ამ ქვეყნის აყვავება ტურიზმით იგეგმება (ამიტომაც არ გვჭირდება მაღალტექნოლოგიური დარგები, ინგლისურისა და კომპიუტერზე მუშაობის საყველპურო ცოდნაც სავსებით საკმარისია).

მწვადის შეწვა ღირსების საქმე ყოფილა. გამოდის, რომ გარეთაც და შინაც სხვების სამსახურში უნდა ამოვიხდინოთ სული.