უძრავი ქონების ბაზარზე ისევ უძრაობაა

უძრავი ქონების ბაზარზე ისევ უძრაობაა

უძრავი ქონების ბაზარზე ისევ და ისევ რთული ვითარებაა. რეალიზაცია ეცემა და შესაბამისად, ფასიც იკლებს. ყველაფრის მიზეზი პოტენციურ მყიდველთა ხელმოკლეობაა, რომლებსაც სესხების შეზღუდვისა და ლარის გაუფასურების პირობებში სულ უფრო უჭირთ ბინის შესაძენად საჭირო თანხის თავმოყრა.

„თიბისი კაპიტალმა“ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევა განაახლა, როგორც მონაცემებიდან ირკვევა, 2019 წლის მესამე კვარტალში გაყიდვა საგრძნობლად შემცირებულია. 2018 წლის მესამე კვარტალთან შედარებით რეალიზებული ბინების რაოდენობა -11.9%-ით, ხოლო ჯამური ფართი - 11.4%-ით არის შემცირებული. მიუხედავად კლებისა, უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა 2017 წელთან შედარებით, მაინც მაღალია.

კვლევის მიხედვით, ლარის გაუფასურებამ აშკარა ზეგავლენა მოახდინა უძრავ ქონებაზე მოთხოვნაზე. გაყიდვაზე ასევე იმოქმედა იპოთეკური პორტფელის ზრდის შენელებამ.

„მესამე კვარტალის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთები ლარში გაიზარდა. თუმცა, ახლა უკვე მოსალოდნელია უცხოურ ვალუტაში იპოთეკური დაკრედიტების ზრდა, რასაც ეროვნული ბანკის მიერ უცხოურ ვალუტაში სესხებზე სარეზერვო მოთხოვნის შემცირება და გაცვლითი კურსის სტაბილიზაცია შეუწყობს ხელს.

2019 წლის 9 თვის მანძილზე ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები წინა წელთან შედარებით საგრძნობლად არის გაზრდილი. სულ გაცემულია 149 ახალი ნებართვა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 40%-ით მეტია.

წლის დასაწყისიდან კი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები დოლარში 4%-ით არის შემცირებული, ხოლო ლარში 6.6%-ით არის გაზრდილი, რაც ვალუტის გაუფასურებით აიხსნება.

„თიბისი კაპიტალის“ მკვლევარები ახლო მომავალში უცხოურ ვალუტაში უძრავი ქონების ფასის კიდე მეტად შემცირებას ვარაუდობენ“, - აღნიშნულია კვლევაში.

იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზარი მცირდება და იკლებს ფასიც, მზარდი მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან შეძენილი ბინების ოდენობაა. განსაკუთრებითაქტიურობენ რუსეთის მოქალაქეები. მათგან 15 133-მა ბინა საკუთრებაში დაირეგისტრირა.

რა შეეხება სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უძრავი ქონება შეიძინეს, ასე გამოიყურება:

ირანი - 5 598

უკრაინა - 2 599

ისრაელი - 1634

სომხეთი - 1 447

თურქეთი - 1 226

აზერბაიჯანი - 1 192

აშშ - 1 182

საგულისხმოა, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ ბინის რეგისტრაციის შემთხვევები.

სპეციალისტები ადასტურებენ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ამჟამად არასახარბიელო ვითარებაა. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი ერთ ადგილას არის გაყინული.

„ქვეყნის უსაფრთხოება, ლარის კურსი და სხვა ფაქტორები, საშინლად ნეგატიურად აისახება უძრავი ქონების გაყიდვაზე. ლარის ვარდნაც კი ვერ იქონიებდა გადამწყვეტ გავლენას, ქვეყანაში სტაბილური ვითარება რომ ყოფილიყო.

რასაკვირველია გავლენა იქონია საბანკო რეგულაციებმაც. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი ერთმანეთს ემატება და საბოლოო ჯამში გვაძლევს სწორედ ამ შედეგს, რომ უძრავი ქონების ბიზნესი გაჩერებულია“, - განაცხადა როსტომაშვილმა.

Maverick კაცოოოოოოოოოოოო, რამდენი ბინა უნდა იყიდოს ქვეყნის კანონიერმა, "ძვირფასი" მთავრობისა და ოპოზიციის მარწუხებში მოქცეულმა მოქალაქემ?!
სად არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელისშეწყობა, დაბალანსებული დაბალპროცენტიან სესხები?!
ან როგორ უნდა განვითარდეს მცირე და საშუალო ბიზნესი პარლამენტში წამოპლაკული ვითომ კანონმდებელი პარლამენტარების, მათი მომსახურე პერსონალის, სინამდვილეში თავიანთი, საოჯახო სანათესაო, საძმო-საძმაკაცოს, ტრუსიკის, სკოლის, საყვარლების, გადაყვარებულის და ა.შ. ბიზნესების ლობისტების ხელში!
5 წლის უკან