ევროლიგის მეშვიდე ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ მილანში გათამაშების ლიდერ „ოლიმპია მილანოს“ ესტუმრა და მორიგი მარცხი განიცადა. ესპანელებმა იტალიელებს ჯეროვანი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა საბოლოოდ 74:81 წააგეს.
შენგელიამ 26:13 წუთში 12 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და მატჩის MVP-მდე ცოტა დააკლდა. ნუგეშად კი თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.
„ბასკონიას“ 3 მოგების საპირწონედ 4 წაგება აქვს და მე-12 პოზიციაზეა. მომდევნო ტურში ვიტორიელები 15 ნოემბერს, თელ ავივის „მაკაბის“ უმასპინძლებენ.