ინდიანა პეიზერსის ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 13 ქულის სახით პირადი რეკორდი დააფიქსირა. ეს მოხდა რამდენიმე საათის წინ დასრულებულ მატჩში, რომელშიც ინდიანელებმა ვაშინგტონ უიზარდსს უმასპინძლეს და 121:106 დაამარცხეს. ეს გახლდათ ინდიანას მე-4 გამარჯვება მე-8 მატჩში და ამ შედეგით ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა.
ბითაძემ 20:06 წუთი ითამაშა და ამ დროში მოახერხა 13 ქულის ჩაგდება. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. როგორც ხედავთ, ბითაძე საკმაოდ აქტიური იყო სამწამიან ზონაში, რადგან მას 8-ჯერ მოუწია საჯარიმოს სროლა. მან მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი და 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო (წინა ორ შეხვედრაში 6-6 ფოლით გავარდა). სამწუხაროდ, შეწყდა მისი საოცარი სერია დაფარებებში (ზედიზედ სამ მატჩში 4-4 დაფარება), ვაშინგტონთან მას ბლოკ-შოტი არ ჰქონია. +/- კოეფიციენტი ბითაძეს გუნდში ყველაზე ცუდი ჰქონდა – 9.
ინდიანას წინა ხაზის ხუთეულის წევრებიდან – მაილს ტერნერი, დომანტას საბონისი – ლიტველი გამოჯანმრთელდა და მან სასტარტო ცენტრის პოზიციაზე ითამაშა. 20 წლის ქართველმა ახალბედამ კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, თუმცა მოედანზე პირველივე მეოთხედში გამოჩნდა.
გოგამ შესანიშნავად ითამაშა პირველ ნახევარში – 8:31 წუთში 11 ქულა ჩააგდო (1 სამქულიანი), რასაც თითო მოხსნა და პასი მიუმატა. პირველ ორ მეოთხედში გოგა მხოლოდ მაკდერმოტს (17 ქულა) ჩამორჩა. ინდიანამ პირველი ნახევარი 8 ქულის სხვაობით მოიგო.
გოგა მოედანს მესამე მეოთხედის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დაუბრუნდა. მეორე ნახევარში ქართველმა ოდნავ მეტი ითამაშა, თუმცა მონაგარს ბევრი ვეღარ შემატა.
ინდიანას რიგებში 22 ქულა ტი ჯეი უორენმა ჩააგდო, 19 – დაგ მაკდერმოტმა, 18 – აარონ ჰოლიდეიმ. საბონისის ანგარიშზე 13 ქულა, 17 მოხსნა და 7 პასია. დამარცხებულთა რიგებში ბრედლი ბილმა 30 ქულა ჩააგდო, ხოლო გოგას ვიზავი თომას ბრაიანტმა 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.
მომდევნო მატჩს ინდიანა საკუთრ არენაზე, 9 ნოემბერს, ჩვენი დროით დილის 04:00 საათზე, დეტროიტ პისტონსთან გამართავს.