მოსახლეობის მესამედზე მეტი არასრულფასოვნად იკვებება

მოსახლეობის მესამედზე მეტი არასრულფასოვნად იკვებება

გლობალური საფინანსო კრიზისისა და სურსათის გაძვირების გამო, იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც შიმშილობენ. გამონაკლისი არც საქართველოა. კვების პროდუქტების პერმანენტული გაძვირების ფონზე ცილებით, ცხიმებით და ნახშირწყლებით დაბალანსებული საკვების მიღება სულ უფრო მეტ ადამიანს უჭირს.

სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო ინსტიტუტის (IFPRI) მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებული გლობალური შიმშილის ინდექსის ( 2010 Global Hunger Index (GHI)) კვლევის თანახმად საქართველო იმ სახელმწიფოებს შორის აღმოჩნდა, სადაც „შიმშილობის საშუალო დონეა“.  გაეროს მიერ დადგენილი ნორმით, ადამიანი  შიმშილობს, თუ ის დღეში 1800 კილოკალორიაზე ნაკლებს იღებს - ეს ის მინიმუმია, რომელიც ნორმალური ცხოვრებისთვის არის საჭირო.

კვლევის თანახმად, 5,8-იანი ქულით საქართველო მეზობელ სომხეთს (9,8 ქულა) და აზერბაიჯანს (7,7 ქულა) ჩამორჩება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ IFPRI-ს დასკვნა 2008 წლამდე არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს ემყარება. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2010 წლის ივლისში ჩატარებული კვლევის თანახმად კი, გამოკითხული მოქალაქეების 58 პროცენტი მიიჩნევს, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სიღარიბესთან მიმართებაში მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.

მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა აგვისტოში, როცა რუსეთის მხრიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვებით პროვოცირებული სურსათის გლობალური გაძვირება საქართველოს სამომხმარებლო ბაზარსაც გადაედო. საქართველოს ბაზარი დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული - ადგილობრივი აგროპროდუქცია შიდა ბაზრის მოთხოვნის მხოლოდ 12 პროცენტს აკმაყოფილებს. შესაბამისად, მსოფლიო ფასები ქართულ ბაზარზე მყისიერ გავლენას ახდენს. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ გვალვისა და უამინდობის გამო წელს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოსავლიანობა მკვეთრად შემცირდა.

ოფიციალურმა სტატისტიკამ სექტემბერში 9,8%-იანი, ხოლო ოქტომბერში 9,6%-იანი ინფლაცია აღრიცხა. ეს პოსტკრიზისულ პერიოდში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა, რეალობა გაცილებით მძიმეა და ინფლაციის რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს რამდენჯერმე აღემატება.

მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდას საქართველოში პურის 10 და 20-თეთრიანი გაძვირება მოჰყვა. მარცვლეულზე ფასების ზრდის გამო გაძვირდა ხორცი, რძე და რძის ნაწარმი. 1 კგ ყველი ახლა 10 ლარი ღირს, ხოლო 1 კგ საქონლის ხორცი 12 ლარი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ნივრის ფასი 52 პროცენტით გაიზარდა (1კგ ნიორი საქართველოში ახლა 10 ლარი ღირს). გაძვირდა ბურღულეული, განსაკუთრებით წიწიბურა და შაქარი. შაქარზე ფასის ზრდამ კი ტკბილეულის გაძვირება გამოიწვია. ერთი სიტყვით, არ დარჩა პროდუქტი, რაზეც ფასი არ გაიზარდა.

32 წლის თბილისელი ია ლეკიაშვილი ამბობს, რომ მდიდარი არ არის, მაგრამ არც უჭირს. მიუხედავად ამისა, ბოლო 2 თვის განმავლობაში საკვებ პროდუქტებზე ფასების განუხრელმა ზრდამ მისი სამომხმარებლო ქცევა და კვების რაციონი შეცვალა:

„ფასები თითქმის ყოველდღიურად იზრდება, შემოსავლები კი კლებულობს. როგორც ამბობენ, საბანი იქამდე უნდა გაიწვდინო, სადამდეც გაგწვდება. ყოველდღიური მოხმარებისთვის ყველს ვეღარ ვყიდულობ. თუ ადრე ოჯახში მუდმივად რამდენიმე სახეობის ხილი გვქონდა, ახლა დღეში მხოლოდ ერთი სახეობის ხილს ვყიდულობ, ზოგჯერ იმასაც არა. შევზღუდე ტკბილეულის რაოდენობაც. ვცდილობ, გარკვეული დანაზოგი გავაკეთო. ზამთარში პროდუქტები ალბათ, კიდევ უფრო გაძვირდება.“ 

48 წლის ნანა ასანიშვილიც თბილისელია. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ნანა ამბობს, რომ მის ოჯახს მარტო სურსათის შესაძენად თვეში მინიმუმ 500 ლარი სჭირდება, რაც მათი ოჯახის ყოველთვიური შემოსავლის 70 პროცენტია.

„საკვებს არა საჭიროებისა და აუცილებლობის, არამედ სიიაფის მიხედვით ვირჩევ. ძირითადად კარტოფილს, ვერმიშელს, ბრინჯს, ლობიოს, მაკარონს და ჩაის მოვიხმართ. 500 ლარით შეუძლებელია ხორცის, თევზის და ყველის სისტემატიური შეძენა. იშვიათად ვაძლევთ თავს უფლებას, რომ ქათმის გაყინული ბარკლები შევიძინოთ. ჩემი შვილები მოზარდები არიან და ძალიან განვიცდი, რომ მათი სრულფასოვანი კვების საშუალება არ მაქვს. მაგრამ რა ვქნა, კვების გარდა კომუნალური გადასახადებიც უნდა გადავიხადოთ და ბავშვების სასკოლო ხარჯებიც დავფაროთ,“ - ამბობს ნანა.

კარტოფილს, ლობიოს და მაკარონს მთავარი ადგილი უკავია სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში მცხოვრები ლელა ხუციშვილის 3-სულიანი ოჯახის კვებით რაციონშიც:

„ზაფხულში ამ ჩამონათვალს კიტრი, პომიდორი და ხილი ემატება – ის რაც ეზოში გვაქვს და თვითონ მოგვყავს. საქონლის ხორცის და ყველის ყიდვას წელიწადში რამდენჯერმე თუ ვახერხებ. ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი მეუღლის ინვალიდობის პენსიაა, 70 ლარი. იმის გამო, რომ ბავშვი ცუდად მყავდა, სამი თვის პენსია წინასწარ გამოვიტანე. ამ თვეში პენსიასაც ვერ ავიღებ და ხორცს ალბათ, საახალწლო სუფრისთვისაც ვერ ვიყიდი“.  

სპეციალისტთა განმარტებით, მოსახლეობის კვების ხასიათისა და საკვები პროდუქტების მოხმარების თაობაზე ზუსტი სამედიცინო გამოკვლევები არ არსებობს.

„სამწუხაროდ, დაფინანსების არ ქონის გამო, ვერ ვსწავლობთ კვების თვალსაზრისით ცალკეულ ჯგუფებში არსებულ მდგომარეობას. უნდა დადგინდეს რამდენად გვაქვს კვების დეფიციტი, გვიდგას თუ არა კვების უსაფრთხოების მომენტი, თუ იმატა ჭარბმა კვებამ. დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობის ნაწილი დღეში მხოლოდ 1კგ. პურს იღებს და სხვას არაფერს. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში კალორიების დადგენილ ნორმას ავსებს, მაგრამ დარღვეულია კვების უსაფრთხოება“, - ამბობს სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ნუტრიციოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გულიკო დვალი.

ექსპერტთა შეფასებით, საქართველოს მოსახლეობის მესამედზე მეტს სრულფასოვანი კვების საშუალება არა აქვს.  სტატისტიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე მოსახლეობის შემოსავლების და მინიმალური სამომხმარებლო კალათის თანაფარდობის საფუძველზე ასეთ დასკვნას აკეთებს:

„დღეს საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 5-7% ფიზიოლოგიურ შიმშილს განიცდის. ეს ის სეგმენტია, რომელიც დღე-ღამეში 1600 კკალორიაზე მეტის მიღებას ვერ ახერხებს. მოსახლეობის 30-40 პროცენტი კი არასრულფასოვნად იკვებება. მათ მიერ დღეღამეში მიღებული კალორიების რაოდენობა შეიძლება ნორმის ფარგლებში იყოს და 1800-დან 2200 კკალორიამდე მერყეობდეს, მაგრამ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ბალანსი დარღვეული იყოს. ადამიანმა შეიძლება მთელი დღე პურსა და შაქრიან წყალზე გაატაროს, კალორიების დღიური ნორმა წყალში გახსნილი შაქრისგან შეივსოს, მაგრამ ცხოველური წარმომავლობის ცილა ვერ მიიღოს. ასეთ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ კვება სრულფასოვანია“.

ექსპერტთა პროგნოზით, სამომხმარებლო ფასების ზრდა საქართველოში  წლის ბოლომდე გაგრძელდება და არსებული მდგომარეობაც, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად დამძიმდეს.