ვლადიმერ კომაროვის სკოლის კარი თავის დროზე შეუღიათ და იქ უსწავლიათ ჩვენს ცნობილ მინისტრებს, მათ შორის, ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, დიმიტრი ქუმსიშვილს, ალექსანდრე ჯეჯელავას...
დღეს კი ინფორმაციამ კომაროვის სკოლის შესაძლო დახურვის შესახებ სოციალურ ქსელში მღელვარება გამოიწვია. გაჩნდა ეჭვი, რომ საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას კვარტალში მდებარე ეს ტერიტორია ვიღაცას მოეწონა და კომაროვის სკოლის ბედიც ამან განაპირობა. ეჭვები გაამძაფრა დიდ დიღომში კომაროვის სკოლის ფილიალის გახსნის იდეამაც, რომლის შესახებაც უკვე წინასწარ საუბრობენ, რომ ეს ფილიალი ძველი კომაროვის სიძლიერის არ იქნება.
For.ge დაინტერესდა ძველი კომაროველების აზრით თავისი სკოლის პერსპექტივის შესახებ და განათლების სფეროს ექსპერტს, მკვლევარ ლევან გაბისონიას დაუკავშირდა, რომელიც თავის დროზე აღნიშნულ სკოლაში სწავლობდა.
ლევან გაბისონიას აზრით, თუკი დაიხურება ცენტრალიზებული კომაროვის სკოლა, სადაც უამრავი და უდიდესი ინტელექტუალური კაპიტალია დაგროვილი, ეს კატასტროფა იქნება. თუმცა მკვლევარი დარწმუნებულია, რომ ასეთ ნაბიჯს განათლების სამინისტრო არ გადადგამს. კომაროვის სკოლა არ დაიხურება, მაგრამ ამ სკოლის ფილიალების გახსნა მეორე უდიდესი პრობლემა იქნება, ეს იქნება პოპულისტური და მასაზე გათვლილი ქმედება, რადგან „კომაროვი 2“-ის გაკეთება ფიზიკურად შეუძლებელია. ბოლოს და ბოლოს, უკვე თვითონ კომაროვის სკოლასაც აქვს უდიდესი პრობლემა კვალიფიციურ პედაგოგთა მიმართულებით. ის პედაგოგები, რომლებიც წლების განმავლობაში კომაროვში ასწავლიდნენ, ასაკში არიან.
„კომაროვის სკოლა არ არის მხოლოდ შენობა და კომაროვი არ არის უბრალოდ სახელი. კომაროვის სკოლა არის ის პედაგოგები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ასწავლიან ამ სკოლაში. შესაბამისად, თუ ჩვენ ვსაუბრობთ კომაროვის ახალ სკოლაზე, მაშინ აუცილებელია გვქონდეს ინფორმაცია, პედაგოგთა რომელი ბირთვი ასწავლის ახალ ფილიალებში. ჩვენ არ გვაქვს ამდენი ადამიანური რესურსი, რომ კომაროვის ახალი სკოლები დავაკომპლექტოთ. ახალ სკოლებში უნდა ეზრუნათ ახალი მიმართულებების განვითარებაზე და არა ფიზიკა-მათემატიკურ მიმართულებებზე. უნდა აეთვისებინათ, მაგალითად, ტექნოლოგიური მიმართულება, სადაც აქცენტი გაკეთებოდა ინფორმატიკაზე, პროგრამირებაზე, თანამედროვე საგნებსა და მოთხოვნებზე. გარკვეულ წრეებში ვთქვი კიდეც, რომ უმჯობესია, შევქმნათ ახალი სკოლა, ახალი მიმართულებით, კომაროვის სკოლა და მისი ტრადიციები კი გავაძლიეროთ, რადგან კომაროვის სკოლას არ ჰყოფნის გარკვეულ მიმართულებებზე დაფინანსება. სამწუხაროდ, ჩემი იდეა არ გაიზიარეს“,-აცხადებს ლევან გაბისონია ჩვენთან საუბარში.
მკვლევარს, ასევე, აბსურდულად მიაჩნია ბათუმში კომაროვის მეორე ფილიალის გახსნა. მისი განმარტებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გამოცხადებულიც კი ჰქონდა სპეციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც, დეფიციტურ საგნებში აჭარის მთავრობა ეძებდა პედაგოგებს და მათ სუბსიდიას ჰპირდებოდა. საუბარია ფიზიკა-მათემატიკასა და ქიმია-ბიოლოგიაზე. ამდენად, გაუგებარია, კვალიფიციურ პედაგოგთა ნაკლებობის გამო რანაირად შეიძლება კომაროვის სტანდარტით გაკეთდეს ახალი სკოლა ბათუმში. ეს მაშინ, როცა თავად თბილისის კომაროვის სკოლა დეგრადირებას განიცდის.
ლევან გაბისონიას მოსაზრებით, თუკი კომაროვის ბრენდის ქვეშ რომელიმე სხვა სკოლას შევფუთავთ, ეს დაარტყამს ტრადიციების მქონე ძველ კომაროვის სკოლას, რაც ბევრ კომაროველში უკმაყოფილებას გამოიწვევს.
„კომაროვი ასოცირდება ფიზიკა-მათემატიკის მაღალ დონესთან. ამ სკოლის მიზანი იყო ის, რომ ამ ორი მიმართულებით განვითარებულიყო მეცნიერება. რაც შეეხება კომაროვის საშაბათო სკოლას, სამწუხაროდ, დღეს ამ სკოლის კვალიფიკაციის დონე არ არის ისეთი, რისთვისაც დებულებით კომაროვის სკოლა იყო ჩაფიქრებული. საშაბათო სკოლას მძლავრი რეფორმა სჭირდება. წლების წინ საშაბათო სკოლაში სწავლობდა ათი მოსწავლე, სადაც ახალგაზრდა პედაგოგები ძველ პედაგოგებთან ერთად აღწევდნენ შედეგებს, დღეს კი საშაბათო სკოლაში დაახლოებით 20-მდე მოსწავლეა და დავარდნილია სწავლის ხარისხი. ამ აზრს იზიარებს ბევრი მშობელი. უფრო მეტიც, მოსწავლეების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებსაც სურთ, კომაროვის სკოლაში გამოცდა ჩააბარონ, ემზადება კერძო მასწავლებელთან, რადგან საშაბათო სკოლა ვერ უზრუნველყოფს კომაროვის გამოცდისთვის მოსწავლის მომზადებას. უამრავი ჩემი ახლობელი დადის ამ სკოლაში, თავად ვუწევ რეკომენდაციას და გული მტკივა, რადგან ჩემს დროს კომაროვის საშაბათო სკოლა სულ სხვა მოწოდების სიმაღლეზე იყო, მოსწავლეთა რაოდენობა იყო 10-12 და ერთი პედაგოგი 10 მოსწავლესთან უფრო მეტ შედეგს დადებს, თუ 20 მოსწავლესთან?!“-აინტერესებს განათლების სფეროს ექსპერტს.
ჩვენ დავუკავშირდით განათლების სამინისტროსაც. უწყების პრესსამსახურის თანამშრომელმა ლალი როზომაშვილმა გამორიცხა კომაროვის დახურვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
„ვინ მოიფიქრა, თითქოს კომაროვს ხურავენ, საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია?! კომაროვის სკოლა არის და იქნება, ის ხელშეუხებელია. უბრალოდ, კომაროვის სკოლის ორი ფილიალი აშენდება ბათუმსა და თბილისში“, - აღნიშნა ლალი როზომაშვილმა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კომაროვის სკოლის გაფართოება-გაძლიერების მიზნით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ პროექტის ფარგლებში დამატებით ორ ფილიალს ბათუმსა და თბილისში ააშენებს. თბილისში დიდი დიღმის ტერიტორიაზე 350 მოსწავლეზე გათვლილი კომაროვის სკოლის ფილიალის მშენებლობა ერთ კვირაში დაიწყება და 2020 წლის ივლისში დასრულდება. თანამედროვე ტიპის შენობაში მოეწყობა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, მოედნები. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით. რაც შეეხება ბათუმს, ამ ზღვისპირა ქალაქში კომაროვის სკოლის მეორე ფილიალისა და საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება და 2020 წლის სექტემბრამდე დასრულდება. მშენებლობა ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალით განხორციელდება და 250 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.
შეგახსენებთ, მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თბილისში „განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობა 2019 წლის იანვარში დააანონსა.