საშუალო ხელაფასი სხვაგვარად უნდა დაითვალოს, ხოლო მინიმალური - შეიცვალოს

საშუალო ხელაფასი სხვაგვარად უნდა დაითვალოს, ხოლო მინიმალური - შეიცვალოს

სახელფასო ანაზღაურებასთან დაკავშირებით ერთბაშად ორი ინიციატივა ამოტივტივდა. ერთი მათგანი მინიმალურ ხელფასს ეხება, მეორე - საშუალოს. რა შეიცვლება ამით დასაქმებულთათვის ამ ეტაპზე დეტალური საუბარი ცოტა არ იყოს ძნელია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური მომავალი წლიდან საშუალო ხელფასის გამოთვლის არსებული მეთოდოლოგიის ალტერნატიულ ვარიანტზე იმუშავებს. ინფორმაცია „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ დაადასტურა. მისი განცხადებით, სტატისტიკის სამსახური საშუალო ხელფასს თავისი კვლევების საფუძველზე ითვლის.

„მინდა გაცნობოთ, რომ მომდევნო წლიდან საშუალო ხელფასის ალტერნატიულ ვარიანტზე ვიმუშავებთ, ანუ ადმინისტრაციული მონაცემების დამუშავების საფუძველზე გვექნება შესაძლებლობა, ჩვენს მომხმარებლებს მედიანური ხელფასის მაჩვენებელი შევთავაზოთ“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი თვეში1179.8 ლარს შეადგენს.

ანაზღაურების ნაწილში არის სხვა ინიციატივაც, რომელიც სამთავრობო უწყებებს სულაც არ ეკუთვნის. საუბარია, რომ მინიმალური ხელფასი საქართველოში, შესაძლოა, თვეში არანაკლებ 320 ლარით განისაზღვროს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა პროფკავშირების გაერთიანებამ შეიტანა.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში, კერძო სექტორში მინიმალური ხელფასი 20 ლარია, კანონპროექტის მიხედვით კი, თვეში არანაკლებ 320 ლარით განისაზღვრება, რაც საშუალო ხელფასის 30%-ს შეადგენს და საერთაშორისო პრაქტიკაა.

„ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მინიმალური ხელფასი ყოველწლიურად გადაიხედება. კანონის მიღება გავლენას მოახდენს 130 000 დასაქმებულზე, ანუ დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ზე, რომელთა ხელფასიც თვეში 320 ლარზე ნაკლებია. კანონპროექტის რეგისტრაციის შემდეგ საჭირო იქნება 30 000 ხელმოწერის შეგროვება და პარლამენტში წარდგენა“, -აღნიშნულია პროფკავშირების ინფორმაციაში.

იურისტ აკაკი ჩარგეიშვილის აზრით, შრომის მინიმალური ანაზღაურების ზღვარის დადგენა არის ის ლოგიკა და შედეგი, რომლისკენაც ნელ-ნელა უნდა წავიდეთ, თუკი ნამდვილად გვინდა ევროპული ოჯახის წევრობა.

„საქართველოში შრომის ბაზარი განუვითარებელია და ინვესტიციების გარდა, საკანონმდებლო ბაზამაც უნდა შეუწყოს მის განვითარებას ხელი. მოგეხსენებათ, ზღვარგადასული თავისუფლების რეჟიმშია ბევრი ბიზნესი და რეგულაციების მიღმაა დარჩენილი არაერთი საწარმო. ჩვენ მივეჩვიეთ ასე ცხოვრებას და დასაქმებულის უფლებების შელახვას, სანამ სავალალო პრობლემების წინაშე არ აღმოვჩნდებით ხოლმე. ამიტომ ფორსმაჟორის გარეშე უნდა მიიღებოდეს მსგავსი ინიციატივები“, - აცხადებს ჩარგეიშვილი.