„დამაფიცებინე, რა, პამელა ბიცოლა!“

„დამაფიცებინე, რა, პამელა ბიცოლა!“

მიღებულია, რომ გემოვნებაზე დავა უმადური საქმეა, თუმცა, ამის მიუხედავადაც, პოსტრევოლუციური საქართველოს კინოინდუსტრია შედევრებით ვერ დაიკვეხნის (ალბათ, ცალკე კვლევის საგანია, რატომ ჩაიძინა შემოქმედებითმა მუზამ თითქმის საღათას ძილით აყვავებულად შერაცხილ საქართველოში და რა აფხიზლებდა საბჭოთაში). მეორე მხრივ, ძირითადი აქცენტი გასართობ ჟანრზეა გადატანილი, თანაც ეროტიკის ელემენტებით (შესაძლოა, ეს მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობის ბრალიც იყოს და უეროტიკობის მძიმე წლებს ვაკომპენსირებთ, ყოველ შემთხვევაში, კინემატოგრაფში).

როგორც უნდა იყოს, ბათუმზე ახალი კინოფილმის შექმნა იგეგმება (მოარული ხმებით, მას პრეზიდენტის ფონდი შეეწევა, თუ უკვე არ შეეწია), რომელშიც თავის სამსახიობო პოტენციალს სოფო ნიჟარაძე მოსინჯავს (მოარული ხმებითვე, „ევროვიზიაზე“ მის ხელმეორედ წარგზავნასაც აპირებენ). თუმცა მხოლოდ ეს არ არის „ოცნების ქალაქის“ მთავარი ინტრიგა. ფილმის რეჟისორმა გაგვახარა, რომ „ჰოლივუდელი“ სექსსიმბოლოების დასაქმებასაც აპირებენ. მართალია, თვალი რამდენიმეს დაადგეს, მაგრამ, როგორც ამბობენ, ჩვენებურებს განსაკუთრებით რეკორდული ზომის ბიუსტიანი პამელა ანდერსონის ჩამოტყუება სწადიათ.

ბუნებრივია, საქმეში ჩაუხედავისთვისაც აშკარაა, რომ „ჰოლივუდელები“ სოლიდურ ანაზღაურებასაც მოითხოვენ და შესაძლოა, ამიტომაც, რეჟისორმა (ბ-ნმა იმედაშვილმა) წინასწარვე შეგვამზადა, რომ, მაგალითად, პამელა ანდერსონი, შეიძლება, ნაკლებ თანხადაც დაგვთანხმდესო. თუმცა ისიცაა, რომ ეს რეკორდული ზომის ბიუსტი ამ ჩვენს პამელას, წესით, ფულის საშოვნელად აქვს და ნაკლებად – საქველმოქმედო დანიშნულებით. მეორე მხრივ, თუ ფული არ გვაქვს, ან ნაკლები ზომის ბიუსტიანს დავყაბულდეთ (რათა ფოსტალიონის როლში არ აღმოვჩნდეთ და მშვენიერმა პამელამ ერთაოზის სატრფო მშვენიერი მარგალიტასავით არ გვირჩიოს, ჯერ ცხვირის მოხოცვა გასწავლოს დედაშენმა და მერე დაგაფიცებინებ წმიდა პორფილეს ხატზეო), ანდა, სულაც, ადგილობრივ სექსსიმბოლოს.

ერთი სიტყვით, ამ ჩვენს გაბრწყინებულ-გაცისკროვნებულ ყოფას ჯანსაღი ეროტიკა აკლდა, სულ მალე ჩვენზე მზრუნველი მთავრობა ამ ხარვეზსაც აღმოგვიფხვრის და „პამელა ბიცოლას დაგვაფიცებინებს“!