პოპულარული მომღერალი ნატო მეტონიძე ქართველი საზოგადოების წიგნიერებასა და კულტურის სფეროს პრობლემებზე გვესაუბრება:
- წიგნს ცოტა დავშორდი, რადგან დროს ყოფითი პრობლემები მართმევს და გული მწყდება, რომ ძველებურად ვეღარ ვმეგობრობთ, თუმცა ბავშვობისას საოცარი დამოკიდებულება მქონდა. კითხვა ჩემი საყვარელი საქმიანობა იყო. წიგნთან დაშორება მარტო ჩემი პრობლემა არ არის, წიგნს ყველანი დავშორდით, ეს, ალბათ, დრომ მოიტანა...
- პირველი წიგნები გახსოვთ?
- ძალიან მიყვარდა ზღაპრები და გვიანობამდე ვკითხულობდი. მახსოვს შვედური, ირანული, ინდური ზღაპრების კრებულები... ყველას დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი, თუმცა ზოგიერთი ზღაპარი არ მომწონდა და მიკვირდა, ამ კრებულში რატომ მოხვდა-მეთქი. პირველი სერიოზული წიგნი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რემარკის "სამი მეგობარი" იყო.
- სხვა რომელ ავტორებსა და ნაწარმოებებს გაიხსენებდით?
- ყველა წიგნი თავისებურ კვალს ტოვებს, მაგრამ ყველაზე დიდი ემოცია გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველმა" აღმიძრა. მივხვდი, რომ ისეთი სამყარო აღმოვაჩინე, რომლის არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი. ნაირა გელაშვილის მოთხრობებიც ძალიან მომეწონა და მახსოვს, რამდენჯერმე გადავიკითხე.
- პოეზია, ალბათ, ძალიან გიყვართ...
- ჩემთვის პოეზიის მწვერვალი გალაკტიონია - საოცარი მუსიკის მქონე პოეტი, რომელთან შეხებაც ყველა კომპოზიტორს აშინებს. მე "ქარი ქრის" ვიმღერე და გამოცდილება მალაპარაკებს. სხვათა შორის, "გურიის მთებიც" მიმღერია. ნიკა მემანიშვილმა დაწერა და ძალიან საინტერესო კომპოზიცია გამოგვივიდა.
- დღევანდელი საზოგადოების წიგნიერებაზე რას ფიქრობთ?
- შესაძლოა, საკუთარი თავის მაგალითზე ვმსჯელობ, მაგრამ მეჩვენება, რომ ტექნოლოგიურმა პროგრესმა, ტელევიზიამ, ზღვა ინფორმაციამ, რომელსაც ასე მარტივად ვიღებთ, წიგნს დაგვაშორა. ამასთანავე, ბოლოდროინდელმა ყოფითმა პრობლემებმა, გაჭირვებამ კულტურულ ცხოვრებას დიდი დაღი დაასვა.
უინტელექტობამ კულტურას სახე უცვალა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ განათლების დანაკლისს შინაგანი კულტურით შევივსებდით... რუსებს წიგნისადმი დიდი სიყვარული აქვთ და შინაგანი კულტურის დეფიციტს წიგნიდან მიღებული ინფორმაციით ივსებენ. მეგონა, ჩვენ პირიქით გვქონდა, თუმცა ბოლო ხანს აღმოჩნდა, რომ არც შინაგანი კულტურა შეგვრჩენია და აღარც წიგნიერება.
- უწიგნურობამ ესტრადაზეც შემოაღწია?
- ყველა პრობლემა წიგნს, კულტურას და განათლებას უკავშირდება. მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, წინ სხვა ღირებულებები წამოსწია და ყურისთვის ადვილად მოსასმენი უფრო გახდა. ამაში მსმენელს ვერ დავადანაშაულებ, აქ, მედიიდან დაწყებული, მრავალმა ფაქტორმა იმუშავა ძალიან ცუდად.
წინა მთავრობამ უნივერსიტეტიდან წიხლით გამოყარა პროფესორ-მასწავლებლები, თავდაპირველად მეგონა, მეჩვენებოდა, რომ ავტორიტეტებს ებრძოდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს რეალობაა.
- ერთხანს ნატო მეტონიძეც აღარ ჩანდა...
- როდესაც ჩუმად ხარ, სათქმელი გიგროვდება. მეგონა, ამ რაღაცისგან რომ გავთავისუფლდებოდით, - და, მადლობა ღმერთს, გავთავისუფლდით, - მეორე დღესვე კონცერტს გავმართავდი და ავმღერდებოდი. ახლა ვხვდები, რომ ეს არც ისე საჩქაროა. ცხოვრება უნდა დალაგდეს, გავაანალიზოთ, რა დაგვემართა და ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდება. ალბათ, მეც მაშინ ვიმღერებ.
- ჩვენს დღევანდელ სინამდვილეს ან გუშინდელ ყოფას რომელ ნაწარმოებს შეადარებდით?
- გუშინ რაც გვჭირდა, ვისურვებდი, ამაზე არავის დაეწერა, არავის გაეგო, რა სამარცხვინო მდგომარეობაში ვიყავით.
- მდიდარი საოჯახო ბიბლიოთეკა გაქვთ?
- საოჯახო ბიბლიოთეკის გამდიდრებაზე უმთავრესად ჩემი და ზრუნავდა, მე ამ მხრივ ვფუქსავატობდი. მახსოვს, სტუდენტობისას წიგნებს ვცვლიდით, ერთმანეთს ვათხოვებდით, ვმსჯელობდით, ვარჩევდით... დღეს ეს წარმოუდგენელია. ჩვენ მთავარი სულიერი საზრდო დავკარგეთ და სხვა რაღაცით გამოგვკვებეს. ვფიქრობ, დროა, ჩვენს თავს დავუბრუნდეთ.
- რის წაკითხვას გვირჩევს ნატო მეტონიძე?
- ბიბლიას დავუბრუნდეთ...