ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ალესანდრო დელ პიეროს გაუთანაბრდა. საქმე ეხება „ბებერი ქალბატონის“ რიგებში შიდა ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების რაოდენობას (სერია A, სერია B).
ბუფონისთვის „ჯენოასთან“ მატჩი იტალიურ ლიგაში 513-ე გამოდგა და დელ პიეროსაც იგივე შედეგი ჰქონდა 1993-2012 წლებში.
ბუფონმა „იუვეს“ რიგებში სერია A-ში 476, ხოლო სერია B-ში 37 თამაში ჩაატარა, დელ პიერომ კი, სერია A-ში 478 და სერია B-ში 35 მატჩი გამართა. ეს მხოლოდ შიდა ჩემპიონატის სტატისტიკაა, მაგრამ თუ ყველა ტურნირს (იტალიის თასი/სუპერთასი, ევროტურნირები) მივიღებთ მხედველობაში დელ პიერო ბუფონისთვის ჯერაც მიუწვდომელია (705 შეხვედრა 660-ის წინააღმდეგ).
აქვე გეტყვით, რომ ბუფონი ახლოსაა პაოლო მალდინის რეკორდთან სერია A-ში ჩატარებულ მატჩებთან დაკავშირებით. ჯიჯის აქტივში ამჟამად 644 თამაშია, ხოლო პაოლოს რეკორდი 647 მატჩით ეკუთვნის.