კვირაში 6 დღეზე მეტხანს მუშაობა შესაძლოა, აიკრძალოს. აუცილებელია დასაქმებულს კვირაში ერთი 24-საათიანი, სრულყოფილი დასვენების დღე მაინც ჰქონდეს, რომელსაც სურვილისამებრ გამოიყენებს. აგრეთვე ცვლილებები მზადდება ექიმების სამუშაო ადგილებთან დაკავშირებითაც. სამომავლოდ სამედიცინო დარგის სპეციალისტებს მაქსიმუმ 2 ადგილას შეეძლებათ მუშაობა.
შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია. „დღეს შრომის კოდექსი არ ადგენს კვირის განმავლობაში დასვენების დღეების ოდენობას. შესაბამისად პრაქტიკაში შესაძლებელია და ხშირად გვხვდება, რომ დასაქმებულები კვირაში 7 დღეს მუშაობენ.
იქიდან გამომდინარე, რომ ერთი კონკრეტული დღის უქმე დღედ გამოცხადებამ დიდი გართულება შეიძლება გამოიწვიოს დამსაქმებელთათვის, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ შრომის კოდექსში გაჩნდეს ისეთი ჩანაწერი, რომელიც დასაქმებულთათვის კვირაში სამუშო დღეების მაქსიმალურ ოდენობად 6 დღეს დაადგენს. შესაბამისად, 1 კვირის განმავლობაში დამსაქმებელს შეეძლება დაასაქმოს პირი, მხოლოდ 6 დღით“, - აღნიშნულია პროექტში.
შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები კანონპროექტის ინიციატორებმა, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, უკვე მეორე საჯარო შეხვედრაზე განიხილეს. ამჯერად მათი განხილვის მთავარი თემები შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა, ქალთა უფლებების გაძლიერება და დეკრეტული შვებულების ახლებური რეგულირება იყო. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დამსაქმებელთა ასოციაციის, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის, კერძო და არასამთვრობო სექტორის, ასევე, ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
„ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების სტანდარტების გათანაბრება კერძო და საჯარო სექტორში მნიშვნელოვანია როგორც გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, ასევე დემოგრაფიული და მამების ჩართულობის თვალსაზრისითაც.
ცხადია, ზოგიერთი კომპანია ახალისებს ამ პროცესს და ანაზღაურებს დეკრეტულ შვებულებას, თუმცა, ვფიქრობთ, პროცესში სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს. ბიზნესი, ამ შემთხვევაში, უფრო მოქნილი იქნება და თავისუფლად დაასაქმებს ქალებსაც, კაცებსაც, რადგან დეკრეტული შვებულების ანაზღაურება კომპანიისთვის ტვირთი აღარ იქნება“, - განაცხადა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტრო კი შრომის უფლებებისა და კონტროლი მიმართულებით არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება. სამომავლოდ ექიმებს შესაძლოა, ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, არის შემთხვევები, როცა კონკრეტული სპეციალობის ექიმი რამდენიმე ადგილზე მუშაობს, რის გამოც იქმნება არაერთი პრობლემა, მათ შორის გადაუდებელი შემთხვევების დროს საავადმყოფოში ექიმის დროულად მისვლის.
„ძალიან ბევრი ექიმი მუშაობს რამდენიმე კლინიკაში. ცოტა ხნის წინ ჩვენ ეს საკითხი შევისწავლეთ და მივიღეთ ასეთი სურათი - ერთი ანესთეზიოლოგი მუშაობს ორ, სამ, ოთხ, ხუთ, ექვს ადგილას. მეანი, რომელიც არის მაღალი კვალიფიკაციის და ვინც აუცილებლად უნდა იყოს გუნდში, მუშაობს ასევე ორ, სამ, ოთხ ადგილას. ეს იმის მანიშნებელია, რომ დღეს ჩვენ გვაქვს საკადრო რესურსის დეფიციტი, ვიდრე სიჭარბე. ასევე გვაქვს ექთნების მწვავე დეფიციტი სისტემაში, ასევე ეს ექთნები გადანაწილებულები არიან არათანაბრად სხვადასხვა მცირე ზომის კლინიკებში.
სამედიცინო სფეროში ის ადამიანური რესურსი, რომელიც დღეს გადანაწილებულია, ფრაგმენტულად აწვდის სერვისს და ხშირად იმის გამო, რომ ექიმის გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე დროს მოითხოვს და შეიძლება დროულადაც ვერ მივიდეს გადაუდებელ შემთხვევებში დანიშნულების ადგილამდე. სამომავლოდ ასეთი რისკები სრულიად მოიხსნება, რადგან ექიმი იმუშავებს ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, თავის დროს მოახმარს იქ და ექნება ადეკვატური შრომის ანაზღაურებაც“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ თამარ გაბუნიამ და დასძინა, რომ შეიძლება ექიმს ორ კლინიკაში მუშაობის უფლება მიეცეს, მაგრამ „არა სამში, ოთხში, ხუთსა და ექვსში“.