ევროლიგაში თორნიკე შენგელიას კვლავ დიდებული თამაში ჰქონდა. მეხუთე ტურში „ბასკონია“ საფრანგეთში „ლიონ-ვილერბანს“ დაუპირისპირდა და დასანანი მარცხი განიცადა (63:66).
ესპანელებმა შეხვედრა ჩინებულად დაიწყეს და პირველივე მეოთხედის შემდეგ 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. თუმცა მერე ფრანგებმა სამივე პერიოდში იმარჯვეს და საბოლოოდ 4 ქულით მოიგეს.
შენგელია კი საუკეთესო გახლდათ, MVP-ის ტიტულიც დაისაკუთრა და მატჩის ბომბარდირიც გამოდგა. თორნიკემ 30:18 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ესპანელთა ქართველმა კაპიტანმა 9-დან 6 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთი სამქულიანი კალათში ვერ მოათავსა.
შენგელია 17 ქულით ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და ამაზე მაღალი შედეგი არავის ჰქონია, მაგრამ იგივე მაჩვენებლით დაასრულა თამაში „ვილერბანის“ კალათბურთელმა ტონი ჯეკირიმ.
რაც შეეხება მეტ ჯენინგს, 14 წუთში 3 ქულა და 1 პასი შესძინა საკუთარ გუნდს. აქვე ვთქვათ, რომ შენგელიამ ევროლიგაში წინა ტურშიც დიდებულად ითამაშა და ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
„ბასკონიას“ 2 მოგების წილ 3 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 საფეხურზე იმყოფება. მომდევნო ტურში 2 ნოემბერს, მიუნხენის „ბაიერნს“ სახლში დაუხვდება.