მინისტრმა აეროპორტი დაიწუნა - რატომ არის უკმაყოფილო ნათია თურნავა?

მინისტრმა აეროპორტი დაიწუნა - რატომ არის უკმაყოფილო ნათია თურნავა?

ეკონომიკის მინისტრმა თბილისის და ბათუმის აეროპორტების მმართველ კომპანიას მუშაობის სტილი დაუწუნა. ნათია თურნავას თქმით, აეროპორტებში ბევრი ხარვეზია, რომლის გამოსწორებაც სასწრაფოდ უნდა დაიწყოს. მან თურქულ ოპერატორს ვადაც კი დაუთქვა.

ეკონომიკის მინისტრმა აეროპორტის მოფრენის და გაფრენის ტერმინალები, შენობაში არსებული მაღაზიები და კაფეები, ასევე ავიასალაროები და სარეგისტრაციო დახლები დაათვალიერა. თურნავას თქმით, საქართველო ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბაზარი და ქვეყანაა და პირველ რიგში, სწორედ აეროპორტებმა უნდა წარმოაჩინოს ქვეყნის რეალური სახე, რომლითაც სტუმრებს ვეგებებით. საბოლოოდ მინისტრი უკმაყოფილო დარჩა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დათვალიერებისას საკმაოდ ბევრი ხარვეზი აღმოაჩინა. მან გამოსასწორებლად „ტავ ჯორჯიას“ ვადა დაუწესა.

„რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ აეროპორტმა მოქალაქეებს უკეთესი მომსახურება მიაწოდოს, თუმცა დღეს დავათვალიერე ორივე ტერმინალი და უკმაყოფილო დავრჩი, რადგან კვლავაც ძალიან ბევრი ხარვეზია აღმოსაფხვრელი. ჩვენ ძალიან მკაცრი გაფრთხილება მივეცით „ტავ ჯორჯიას“. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ „ტავ“-ი ამჩნევს ამ პრობლემებს და დროულად უზრუნველყოფს მათ გამოსწორებას“, - აღნიშნა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მოსაწესრიგებელია ისეთი ელემენტარული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა სველი წერტილები, გაფრენის დარბაზში არსებული სხვადასხვა სერვისი, კაფეები და რესტორნები, რომლის ინტერიერიც კარგა ხანია აღარ პასუხობს შესაბამის სტანდარტებს.

„დავგეგმეთ კონკრეტული ღონისძიებები, მივეცი გარკვეული ვადა „ტავ ჯორჯიას“. მინდა გითხრათ, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ვეწვევი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს და გადავამოწმებ რამდენად მიმდინარეობს პრობლემების აღმოფხვრა“, -აღნიშნა თურნავამ.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ ეკონომიკის მინისტრს მალევე უპასუხა. როგორც „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე აღნიშნავს, აეროპორტის მმართველ კომპანიასა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ერთი თვის წინ შედგა, სადაც „ტავ ჯორჯიამ“ აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ხარვეზების და მისი გამოსწორების გზებზე ისაუბრა. როგორც ირკვევა, სველი წერტილებში სარემონტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით სამინისტროს ინფორმაცია უკვე ჰქონდა, რაზეც შეხვედრაზე იყო საუბარი.

„რაც შეეხება რესტორნებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესრელიზში მრავლობით რიცხვშია ნახსენები რესტორნები, სავარაუდოდ, გაეპარათ ეს შეცდომა იმიტომ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის როგორც გაფრენის, ისე მოფრენის ტერმინალში ყველა კვების ობიექტი არის განახლებული და ახალი. დარჩენილია ერთადერთი კვების ობიექტი სარეჟიმო ტერიტორიაზე, რომლის პროექტზეც მუშაობა უკვე ორი თვეა მიმდინარეობს“, - აღნიშნა ზაქარაძემ.

მანვე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ ოქტომბერში უნდა დაეწყოთ, არ დაუწყიათ, რადგან არ აქვთ თანხმობა ეკონომიკის სამინისტროსგან.

„სამწუხაროდ, მოგვიწია დეტალების შეცვლა და შედეგად, მშენებლობა, სავარაუდოდ, 2019 წლის ბოლოს ნაცვლად, 2020 წლის მარტში დაიწყება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სამშენებლო სამუშაოები და განვითარება ჩვენი მიზეზებით არ გადადებულა. ჩვენ მზად ვართ 10 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განვახორციელოთ და გავაფართოვოთ როგორც - მოფრენის, ასევე გაფრენის ტერმინალი“, - აღნიშნა „ბიემთან“ თეა ზაქარაძემ.

სპეციალისტები მთავრობის ინიციატივას მხარს უჭერენ. როგორც გიორგი კოდუა ამბობს, „ტავ“-ი აქამდე ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს, არავითარ ვალდებულებაზე მას პასუხს არ სთხოვდნენ. ახლა კი მინისტრმა დაიწყო ყურადღების გამახვილება ვალდებულებებზე.

„არ ვიცი, რა იქნება შემდგომში, როგორ გაგრძელდება თუნდაც კონტროლი, მაგრამ დაწყებული კურსი და ქალბატონი თურნავასგან პირველი შენიშვნები და ვალდებულებების შეხსენება, მისასალმებელია. ის, რაც დაშვებულია ყველგან, მათ შორის თურქეთის აეროპორტში, შეზღუდვებით ხორციელდება ჩვენთან. გუბერნია რომ არ ვართ, ეს უნდა დავაფიქსიროთ“, - განაცხადა კოდუამ.

ანდრია პირველ რიგში ნორმალური ზომის ტაბლოებია გასაკეთებელი, ეხლანდელზე თვალებს დაითხრი, ისეთი წვრილი შრიფტით არის წარწერები, თვითონ ტაბლოების ზომის კი ხალხს ტელევიზორები აქვს სახლში
5 წლის უკან