ყაზანის „რუბინის“ ქართველმა შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა „ურალთან“ (0:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გუნდის ლიდერი არაა. დავითაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მისი მთავარი საზრუნავი გუნდთან ერთად წარმატების მიღწევაა.
„ზოგადად კარგი მატჩი გვქონდა, რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით და გოლის გატანის შანსები გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ გადამწყვეტ მომენტში ეს საკმარისი არ გამოდგა. ამაზე აუცილებლად ვიმუშავებთ.
გუნდის ლიდერი ვარ? არ ვიტყოდი, რომ გუნდის ლიდერი ვარ. უბრალოდ ვცდილობ უფრო მეტად ვიმუშაო ბურთთან ერთად და მის გარეშე. ჩემი ამოცანა გუნდთან ერთად პროგრესია. ვფიქრობ, მალე გამარჯვებებს მოვიპოვებთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - თქვა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, 18 წლის ზურიკო დავითაშვილი „რუბინს“ ზაფხულში შეუერთდა და ყაზანელთა ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად მალევე ჩამოყალიბდა.