პეპ გვარდიოლამ ლიონელ მესის გაცნობის მომენტი გაიხსენა. ამჟამად „მანჩესტერ სიტის“ თავკაცმა აღნიშნა, რომ როდესაც პირველად მესი დაინახა, არ სჯეროდა იმის, რასაც მასზე უყვებოდნენ.
თუმცა, პირველივე თამაშზე მიხვდა, რომ მასთან ერთად „ბარსელონა“ ყველა ტიტულს მოიგებდა.
„რამდენიმე ფეხბურთელმა მითხრა, რომ ერთი ყველაზე ძლიერი იყო, თანაც ყველაზე პატარა, მაგრამ ბევრი გოლის გატანა შეეძლო და წარმოუდგენელი დრიბლინგი ახასიათებდა. მას ჯერ კიდევ არ ვიცნობდი, პირველად ელ პრატის აეროპორტში Nike-ს მაღაზიაში ვნახე, დავინახე პატარა, მორცხვი ბიჭი და გავიფიქრე: „ესაა ის ფეხბურთელი, რომელზეც მელაპარაკებოდნენ?“
პრესეზონი შოტლანდიაში დავიწყეთ და 6:1 თუ 5:0 მოვიგეთ, მესიმ სამი გოლი გაიტანა. მაშინვე მივხვდი, რომ ყველაფერს მოვიგებდით“, - უთხრა გვარდიოლამ Catalunya Radio-ს.
პეპის ფიქრები სრულად გამართლდა. 2008-2009 წლების სეზონში მესიმ 38 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი შეასრულა. „ბარსელონამ“ კი ყველაფერი მოიგო და ე.წ „ტრიპლეტი“ გაიფორმა (ესპანეთის ჩემპიონობა, ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა).