„სავარაუდოა, რომ საპატრიარქო ტახტისკენ თვალი იაკობსაც უჭირავს“

„სავარაუდოა, რომ საპატრიარქო ტახტისკენ თვალი იაკობსაც უჭირავს“

სკანდალური განცხადებების შემდეგ, ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობას ტოვებს, თუმცა რჩება ეპარქიაში. მეუფე იაკობმა უწმინდეს თავად მიმართა გადადგომის მოთხოვნით. როგორც ბოდბელმა ეპისკოპისმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საპატრიარქოში მოსული იყო სპეციალურად, რომ უწმინდესი ენახა და მისი გადაწყვეტილების შესახებ ესაუბრა.

„მივიღე გადაწყვეტილება და გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო–ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ოღონდ მე გადავდექი, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ვრჩები ეპარქიაში. მრევლს და ერს ყველას კიდევ ერთხელ გეუბნებით – შენდობას ვითხოვ და ბოდიშს ჩემი ისეთი სახით საუბრისთვის. შეხვედრას ჩვენ ორნი ვესწრებოდით,“ – აღნიშა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობი აცხადებს, რომ მისი სიტყვები უკან არ მიაქვს და ამბობს, რომ როგორც მონაზონს გულში ჰქონდა ხინჯი, ახლა კი თავისუფალი ადამიანია და ყველაფერი თქვა. შეგახსენებთ, რომ ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. ამასთან, მეუფე იაკობმა აღნიშნა: „ვისაც საგინებელი აქვს, არა მარტო ვაგინებ, დედებს მოვუკითხავ ყველას. ყველასთან ცდილობენ თანამშრომლობას. ჩემთან ვერ ეცდებიან იმიტომ, რომ მაპატიეთ და მკიდია, ბიძინათი დაწყებული, ყველათი დამთავრებული“.

სკანდალურ ბრალდებას, რომ პატრიარქის გადაყენების სცენარში მონაწილეობდა, არ ადასტურებს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია, რომლის განცხადებით, პატრიარქი ბოლო 40 წლის განმავლობაში არის ამ ქვეყნის წარსულის სიმბოლო, დღევანდელი დღის სიმბოლო და მომავლის სიმბოლო. როგორც გახარია ამბობს, ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას კრავს.

„ამის შესახებ პირველად გავიგე და შოკირებული ვარ. მაგრამ შემდეგ მახსენდება, რომ ეს მეუფე ის მეუფეა, რომელიც იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო. რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს, მეუფეს მიმართეთ, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მსგავსი სისულელეები უკვე საზღვარს გადასცდა.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კულტურიდან – მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მოქმედი პრემიერ–მინისტრის მსგავსად, მეუფე იაკობთან შეხვედრას და მასთან უწმინდესის გადაყენების საკითხის განხილვას არ ადასტურებს ყოფილი პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. „მხოლოდ იმას გავიმეორებ, რაც აქამდეც გავრცელდა, არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მეუფე იაკობის დაპირისპირება უნდათ გარკვეულ პირებს თუ ძალებს, როგორც მეუფე შიოსთან, ასევე ბიძინა ივანიშვილთან.

„მეუფე იაკობს ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული როგორც საქართველოს საპატრიარქოსთვის, ასევე ამ ხელისუფლებისთვის. ჩემი აზრით, მისი მტრად გამოცხადება და დემონიზება არასწორია. მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მეუფე იაკობის დაპირისპირება უნდათ გარკვეულ პირებს თუ ძალებს, როგორც მეუფე შიოსთან, ასევე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ვის უნდა და ვის არ უნდა, ეს არ ვიცი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ედიშერ ქარჩავამ.

ამ განცხადებას იზიარებს ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ერთის მხრივ, ეს არის მეუფე შიოს გავლენების შესუსტება. ასევე, იგი არ გამორიცხავს, რომ თვითონ მეუფე იაკობი არის ჩართული პოლიტიკურ დაპირისპირებაში, რომელსაც რომელიღაც მხარე უკავია.

„თუმცა ვიმეორებ, ადრე მკაფიო იყო მისი პოლიტიკური პოზიცია, საერთოდ გაუგებარია ამჟამად რას აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ სკანდალური განცხადებები ხშირად ჰქონია. მის გარშემო სკანდალი ხშირად მომხდარა. ვითარება არის რთული, ისევე როგორც თავად ეს საკითხი. ჩავთვალოთ, რომ მეუფე ამბობს სიმართლეს, მაშინ საერთოდ გაუგებარია პატრიარქთან დაპირისპირება მეუფე შიოს სახელით.

ეს არალოგიკურობა გაფიქრებინებს, რომ არ არის ისე საქმე, როგორც მეუფე იაკობი აცხადებს. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს მეუფე შიოს ბოსტანში ნასროლი ქვა. სავარაუდოა, რომ საპატრიარქო ტახტისკენ თვალი იაკობსაც უჭირავს. ანუ, სამოქალაქო პოლიტიკა არაფერ შუაშია, მაგრამ საეკლესიო პოლიტიკა, ალბათ, არის“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

for.ge–სთან საუბრისას პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ე.წ. შეთქმულებაში მონაწილეთა კონფიგურაციაც არადამაჯერებელია. მისი თქმით, თუკი პატრიარქის გადაყენება უნდოდათ, სავარაუდოა, რომ საეკლესიო კანონებში ჩაიხედავდნენ, მაგრამ რატომ უნდა ნდომებოდათ უწმინდესის გადაყენება, ეს არის გაურკვეველი.

„პატრიარქი კონფლიქტური არ არის და ამ შემთხვევაში სრულიად გაუგებარი ბრალდებაა, რომელიც მიდის ივანიშვილთან და დანარჩენები შემსრულებლები არიან. გაუგებარია, რატომ უნდა სდომოდათ უწმინდესის გადაყენება, მაშინ, როდესაც თვითონ უწმინდესს ებრძვის მისი პოლიტიკური ოპონენტი შიგნით საპატრიარქოში. მეუფე პეტრე რომელიც სააკაშვილის მომხრეა, უპირისპირდება პატრიარქს, რომელსაც ერთდროულად უპირისპირდება ორივე პოლიტიკური გუნდი? ეს საერთოდ გაუგებარია. მაშინ, უნდა ჩავთვალოთ, რომ პატრიარქი არის სუპერ აქტიური პოლიტიკური მიმართულებით, მაგრამ რომ არ არის აქტიური პოლიტიკური მიმართულებით, ჯანმრთელობაც არ აძლევს იმის საშუალებას, რომ აქტიური იყოს. ამიტომ ლოგიკა არ ჩანს, არ მესმის“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ძალიან ცუდია, როდესაც პოლიტიკა შედის ეკლესიაში და პირიქით, ეკლესიური და სარწმუნოებრივი საკითხები შემოდის პოლიტიკაში, რაც დამამძიმებელია პოლიტიკისთვის, საზოგადოებისთვის და პირველ რიგში, - ეკლესიისთვის.

„ასეც რომ მომხდარიყო, ეს ტელევიზიით სასაუბრო თემა არ არის. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ კონტექსტი უფრო დაამძიმა მეუფე იაკობმა. შეიძლება საუბარი იყო მსგავს საკითხზე და არა უწმინდესის გადაყენებაზე, არამედ იმაზე, რომ მეუფე შიომ შეასრულოს პატრიარქის მოვალეობები და პატრიარქმა დაისვენოს, შეიძლება ასეთი შინაარსის საუბარი იყო. ასეც რომ მომხდარიყო, ასეთი ანტისამთავრობო გამოსვლა და ასეთი ძალიან მძიმე ბრალდება, რასაკვირველია, მძიმე ფატქზე მიანიშნებს, კერძოდ იმაზე, რომ ყველა ხიდები დამწვარია“, – ამბობს for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.

ანალიტიკოსის განცხადებით, პატრიარქი ცოცხალია და ამ დროს ბრძოლა მიდის მის მემკვიდრეობაზე, ეს არის ფაქტი. ეს გადმოდის პოლიტიკაში, რაც ცუდად დამთავრდება ეკლესიისთვის და სახელმწიფოსთვის.

„მეუფე იაკობი გამოირჩევა ასეთი განცხადებებით, მაგრამ ახლა ზღვარს გადავიდა. ეს არის პირდაპირი შეტევა მთავრობაზე და ხელისუფლებაზე. თუ ხელისუფლებამ მსგავსი ნაბიჯი გადადა და კონკრეტულ მეუფეებთან განიხილა პატრიარქის გადაყენების საკითხი, ეს არის მძიმე ფაქტი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ კონტექსტი, რა და როგორ ითქვა. ინფორმაციის გარეშე ძნელია განსჯა.

ფაქტია, რომ მეუფე იაკობმა ეს შეხვედრა გამოიყენა მთავრობის წინააღმდეგ. როდესაც ტელევიზიით გამოდის ამხელა იერარქიის წარმომადგენლი და ღიად უტევს მთავრობას, ეს მიანიშნებს, რომ მთავრობასთან ურთიერთობის სხვა რესურსი ამოწურულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ღია კონფლიქტია ეკლესიის ასეთ იარარქიასა და მთავრობას შორის, რაც აზიანებს როგორც სახელმწიფოს, ისე ეკლესიას. რაღაცნაიარად ეს ვითარება უნდა განიმუხტოს“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

თეოლოგ ლევან აბაშიძის შეფასებით, გადადგომის მერე მეუფე იაკობის გავლენა სავარაუდოდ, შემცირდება, თუმცა ამბობს, რომ უშუალოდ საპატრიარქოში არსებული სიტუაცია მძიმეა.

„ნებისმიერ შენს სიტყვაზე უნდა აგო პასუხი. სახარებაშიც წერია და ჩვეულებრივადაც ვიცით, ნებისმიერ სიტყვაზე უნდა აგო პასუხი. თუ რაღაც ბრალდებით გამოდიხარ, რაღაცნაირად უნდა დაასაბუთო. მე მგონი, ასეა. სიტუაცია მძიმეა, რადგან სერიოზული ბრალდებებია. მეუფე იაკობი ბრალს სდებს სახელმწიფოს ლიდერებსა და ასევე, სხვა მღვდელმთავრებს. ერთი ბრალდებაა, რომ სახელმწიფო უხეშად ცდილობდა, ჩარეულიყო ეკლესიის საქმეებში. მეორეა, თითქოს მზადდებოდა მკვლელობა. მეორე მხარე ამას უარყოფს. ცხადია, შეუძლებელია ორივე მხარე იყოს სწორი. ეს ძალიან მძიმე ცოდვაა. ვერ გეტყვით, რომელი მხარეა სწორი. არც ვარაუდის გამოთქმა მინდა, მაგრამ ან მართლა მზადდებოდა მკვლელობა, რაც უმძიმესი ცოდვაა, ამაზე ფიქრიც კი, არათუ მომზადება, ანდა არის ასევე უმძიმესი ცოდვა – ეს არის ცილისწამება. ამიტომ, რაღაცნაირად ეს საკითხი ალბათ, უნდა გადაწყდეს. მე არ ვიცი, როგორ გადაწყდება, როდის და რა სახით, მაგრამ ვამბობ, რომ სიტუაცია არის საკმაოდ მძიმე“, – აღნიშნა ლევან აბაშიძემ.

თეოლოგი ვაჟა ვარდიძე ფიქრობს, რომ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები თეოლოგიასთან არავითარ კავშირშია და შიდა ინტრიგებს მიეკუთვნება.

„დაძაბულობა რომ არის საპატრიარქოში, ბოლო დღეები სწორედ ამაზე მეტყველებს. ეს ისეთი საკითხებია, აქ თეოლოგს ბევრი სალაპარაკო არაფერი აქვს. აქ სჯობს კომენტარი პოლიტიკოსებმა გააკეთონ, იმათ, ვინც საკითხებშია ჩართული. აქ თეოლოგი კომპეტენტურს ვერაფერს იტყვის. ეს არის ჩვეულებრივი შიდა ინტრიგები, თუ არ ვიცი, რა დავარქვა – ეკლესიოლოგიური თემა არ არის.

ქორეპისკოპოსმა რომ დატოვა თანამდებობდა, არც ესაა ეკლესიოლოგიური საკითხი. ეკლესიოლოგიური საკითხი არის ეკლესიის მოწყობის პრინციპები და მისი შემდგომი თეოლოგიური განმარტებები. ახლა ერთი ეპისკოპოსი მოვა, მეორე ეპისკოპოსი წავა თუ რა იქნება, ეს არის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული საკითხებია. საპატრიარქოში ადმინისტრაცია როგორ ლაგდება და რა ლაგდება, არ ვიცი, ათასნაირად შეიძლება დალაგდეს და გადმოლაგდეს – ეს არ არის თეოლოგიური საკითხები“, – განაცხად ვაჟა ვარდიძემ.

 

სოციალისტი საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მეუფე იაკობის დაპირისპირება უნდათ გარკვეულ პირებს თუ ძალებს, როგორც მეუფე შიოსთან, ასევე ბიძინა ივანიშვილთან.

„მეუფე იაკობს ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული როგორც საქართველოს საპატრიარქოსთვის, ასევე ამ ხელისუფლებისთვის. ჩემი აზრით, მისი მტრად გამოცხადება და დემონიზება არასწორია. მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მეუფე იაკობის დაპირისპირება უნდათ გარკვეულ პირებს თუ ძალებს, როგორც მეუფე შიოსთან, ასევე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ვის უნდა და ვის არ უნდა, ეს არ ვიცი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ედიშერ ქარჩავამ.

მე პირადად ვინ ვარ, რომ ვინმე მეუფე გავკიცხო, მაგრამ რადგან თითონ მეუფეები და მღვდელმსახურნი დღე და ღამე ინტერვიუებს არიგებენ, აშკარად ეშმაკის მოციქულ ტელევიზიებთან თანამშრომლობენ, საჯარო სივრცეში აკეთებენ განცხადებებს, ზოგი ფხიზელი და ზოგი მთვრალი, ზოგიც პატრიარის თუ მისი დამხმარის მკვლელობის მცდელობაზე ციხეში ზის და ა.შ. ამიტომ გავკადნიერდები და ვიკითხავ რა დამსახურებები, ღვაწლი აქვს მეუფე (ქორეპისკოპოს) იაკობს ეკლესიის და საერთოდ ერის წინაშე?! ეშმაკის მოციქული ტელევიზიიდან -ტვ პირველი, მხოლოდ უარყოფით მომენტებზე მიმდინარეობს პედალირება!
4 წლის უკან
tngh პატივცემულო სოციალისტო!!! საზოგადოებამ შესანიშნავი სახელები შეურჩია "ცნობილ" ტელევიზიებს: "ჭუტავიზია", "აქუვიზია". "ემავიზია"... "ბოღმა ტვ", "ცრუს თავი 2". გთხოვთ გაავრცელოთ.
4 წლის უკან