რომარიო არ იცვლება

რომარიო არ იცვლება

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რომარიო როგორც ჭეშმარიტ სამხრეთ ამერიკელს შეეფერება, ნამეტანავად ცხელსისხლიანი ვინმეა და მთელი მისი ცხოვრების მანძილზე ლამაზ-ლამაზი ქალებისკენ არამხოლოდ თვალი გაურბოდა, არამედ “საქმესაც“ კოხტად აკეთებდა და მექალთანის სახელიც სამართლიანად დაიგდო.

უკვე რვა წელია, რაც რომარიომ საფეხბურთო ვნებები პოლიტიკოსის სავარძელში გაცვალა და ერთი პერიოდი ბრაზილიის პარლამენტში სპორტის კომიტეტსაც კი ხელმძღვანელობდა. თუმცა მიუხედავად გაპოლიტიკოსებისა, ქალთა მიმართ ინტერესი მაინც არ შეუწყვეტია და ეს ცოლთან მრავალგზის გაშორებად და შემდეგ შერიგებად დაუჯდა.

რომარიოს ყოფილი ცოლი იზაბელა ფარია ამბობს, რომ ამჯერად ქმარს საბოლოოდ გაშორდა და ცოცხალი თავით მასთან შერიგებას აღარ აპირებს. ავი ხმები ამბობენ, იზაბელასაც ამოუვიდა ყელში რომარიოს ხვინტრიცი და სხვა კაცი იპოვაო, მაგრამ ასეც რომ იყოს, რომარიოს ბუნებასა და ხასიათს მაინც ვეღარაფერი გადაასხვაფერებს.