ევროპა ლიგის მესამე ტურში „რენმა“ რუმინულ „კლუჟს“ უმასპინძლა და მარცხი განიცადა (0:1). ამ შეხვედრაში ფრანგული გუნდის კარი პეპე ბონემ დაიცვა, რომელიც მხოლოდ 16 წლისაა.
უფრო კონკრეტულად ბონე 16 წლისა და 254 დღის გახლავთ და როგორც ევროპა ლიგის ვებგვერდი იტყობინება, ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელმაც ითამაშა.
ბონე მინდორზე მე-7 წუთზე ცვლილებაზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც „რენს“ ძირითადი მეკარე ედუარდ მენდი გაუძევეს. სხვათა შორის, ამის გამო დანიშნული ჯარიმა ჩიპრიან დეაცმა გოლად აქცია და დებიუტანტი ბონე უმალვე დაამწუხრა.
თვითონ თამაშს რაც შეეხება, „კლუჟმა“ ერთადერთი გოლით მოიგო. სამაგიეროდ, ბევრი იყო წითელი ბარათები - „რენმა“ თამაში ცხრა, ხოლო „კლუჟმა“ ათი ფეხბურთელით დაასრულა. მბაიე ნიანგმა კი, პენალტის გაცუდებაც მოახერხა.