რუსმა მილიარდერმა და ლონდონის „ჩელსის“ მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა კლუბის გაყიდვაზე უარი თქვა, ინფორმაციას ამის შესახებ Telegraph-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, აბრამოვიჩს შეთავაზებები ახლო აღმოსავლეთიდან ჰქონდა, მაგრამ ყველა წინადადება უარყო.
როგორც ჩანს, რუს ბიზნესმენს არ სურს „ჩელსის“ გაყიდვა, ბრიტანული ვიზის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად.
აბრამოვიჩმა ლონდონური კლუბის აქციების საკონტროლო პაკეტი 2003 წელს 140 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა.
ისრაელის პასპორტის მიღების შემდეგ რუსმა ბიზნესმენმა რომან აბრამოვიჩმა დიდი ბრიტანეთის ინვესტორის ვიზაზე უარი თქვა და ჩელსის სტადიონის რეაბილიტაციის 1-მილიარდ გირვანქა სტერლინგიანი პროექტი ჩაშალა.
მარტის ბოლოს დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ემბერ რუდმა განაცხადა, რომ 700 რუს მდიდარ ადამიანს, რომელთაც ვიზა 2008-2015 წლების პერიოდში ჰქონდათ აღებული გადაიხედებოდა. ამის გამო ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აბრამოვიჩი „ჩელსის“ გაყიდვას აპირებდა.