ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა ამჯერად უკვე მთელი 1 პუნქტით და 8.5%-მდე გაზარდა. ბოლო თვენახევრის განმავლობაში, ეს მესამე ცვლილებაა და რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ მოკლე პერიოდში უკვე 2% შეადგინა. ასეთი მკაცრი გადაწვეტილება ქვეყნის მთავარ ბანკს უკვე 10 წელია არ მიუღია.
საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან კი შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება.
„მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას, დროებით ფაქტორებთან ერთად, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გადმოცემა განაპირობებს. პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია მომავალი წლის მარტიდან დაიწყებს შემცირებას, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება“, -აცხადებენ სებ-ში.
გადაწყვეტილების მიღებიდან სულ მალე ეროვნული ბანკის ნაბიჯი შეაფასა ქვეყნის პრემიერმა. გიორგი გახარია ადასტურებს, რომ ეკონომიკური ზრდა რამდენიმე თვის განმავლობაში შესუსტდება.
„რა თქმა უნდა, ასეთი ნაბიჯები უახლოესი 6 თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკის ზრდას, თუმცა ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს აქვს თავისი მანდატი, რომლის ფარგლებშიც უნდა იმოქმედოს. ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია როგორც მთავრობის, არის მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და, რა თქმა უნდა, ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება“, - განაცხადა გახარიამ.
თუ რა გავლენას მოახდენს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკურ ზრდაზე, თავის შეხედულებაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც საუბრობს.
„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ დღეს ჩვენ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გავზარდეთ და ამან შესაძლოა ეკონომიკაზე რაიმე სახის გავლენა მოახდინოს, ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ლარის მხარეს მოქმედი ბერკეტი. საყურადღეობა ისიც, რომ ჩვენ სარეზერვო მოთხოვნები შევამცირეთ ცოტა ხნის წინ უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სესხებზე, რითაც დამატებითი ლიკვიდობის მობილიზაცია გავაკეთეთ სისტემაში. მალე შესაძლებელი იქნება უფრო მეტი დოლარის სესხების გაცემა, რაც გაცვლით კურსზე წნეხს შეამცირებს და აქედან გამომდინარე, შეამცირებს ზეწოლას ინფლაციაზე.
სწორი და დროულად მიღებული გადაწყვეტილება იმის საწინდარი იქნება, რომ 2019 წლის და შემდეგი წლის ეკონომიკური ზრდაც ოპტიმალური და მაქსიმალური იქნება, ამავე დროს უნდა გავანეიტრალოთ და შევამციროთ ინფლაციის რისკები“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას დაგვიანებულ ნაბიჯად აფასებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე. ირაკლი კოვზანაძე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეროვნულ ბანკს ასეთი ნაბიჯების გადადგმა უფრო ადრე უნდა დაეწყო, რადგან ინფლაცია მნიშვნელოვნად აცდენილია მიზნობრივ მაჩვენებელს.
„ცენტრალური ბანკი თვლის, რომ ლარის კურსის დევალვაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინფლაციაზე, თუმცა ეროვნულ ბანკს მსგავსი ნაბიჯების გადადგმა უფრო ადრე უნდა დაეწყო“, - განაცხადა კოვზანაძემ.
თავიანთ მოსაზრებას აფიქსირებენ ექსპერტებიც. „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძის აზრით, რეფინანსირების განაკვეთის ასეთი ფორსირებული ზრდა, როგორც წესი, ახლავს მნიშვნელოვან ეკონომიკურ კრიზისს.
„ეროვნულ ბანკს, ფაქტობრივად, სხვა არჩევანი არ ჰქონდა დარჩენილი, რადგან ქვეყნის ეკონომიკა ისეთ მდგომარეობაშია, როგორშიც, მგონი, ომის შემდეგ არ ყოფილა. ეს გამოიწვევს როგორც დადებით, ასევე უარყოფით შედეგებს. დადებით შედეგი იქნება ის, რომ ლარზე წნეხი შემცირდება, თუმცა ეს მოხდება ერთი ან ორი კვარტლის შემდეგ. რაც შეეხება უარყოფით შედეგებს, სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება, რადგან ლარის რესურსი ძვირდება.
ეროვნულ ბანკს დროებით ლარიზაციის პოლიტიკაზეც მოუწევს უარის თქმა. ლარის რესურსის შეზღუდვა კი უფრო შეზღუდავს ხელმისაწვდომობას ფინანსებზე. კიდევ უფრო გაიზრდება თუ არა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობა გვექნება, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს ზრდაც საკმაოდ მაღალია. როგორც ჩანს, საკმაოდ პესიმისტურია მოლოდინი და ამიტომ ცდილობს ეროვნული ბანკი წინასწარ მოუჭიროს არტახებს“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.