საქართველოს მთავრობას საერთაშორისო რეიტინგებმა უმტყუნა

საქართველოს მთავრობას საერთაშორისო რეიტინგებმა უმტყუნა

საერთაშორისო ორგანიზაციების ორმა რეიტინგმა საქართველოში არსებული რთული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მონაცემები და შიმშილობის ინდექსში ჩვენი ქვეყნისთვის მიჩენილი ადგილი იმდენად დაბალია, რომ არანაირ გამართლებას არ ექვემდებარება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო 105-ე ადგილზეა. ჩვენს უკან ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყნების ეკონომიკების შეფასებისას იყენებს მსყიდველუნარიანობის გათანაბრების მეთოდს. ამის შემდეგ საქონლისა და მომსახურების ფასები ყველა ქვეყანაში უნიფიცირებული ხდება, რაც ამ ქვეყნების მონეტარული პოტენციალის უკეთ შეფასების საშუალებას იძლევა.

სსფ-ის მონაცემებით, საქართველოსთვის ასე დათვლილი მშპ ერთ სულზე 2019 წელს დაახლოებით 12 227 დოლარია, ამ გათანაბრების გარეშე კი ეს მაჩვენებელი 4 289 დოლარს არ აღემატება.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვას გამოეხმაურა:

„105-ე ადგილი მშპ მიხედვით - ეს არის ჩვენი ქვეყნის და ადამიანების სამწუხარო რეალობა. ველოდები სამთავრობო, უტიფარ „გაპრავებებს“: რომ 105-ე ადგილი სულაც არაა ცუდი და სჯობს 106-ე ადგილს და რომ ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა დომინიკა, ეკვადორი, სომხეთი, ფიჯი და კორუფციასთან ბრძოლაში წავიწიეთ 2 პუნქტით და ბევრი მანქანა დადის, რაც უტყუარად ნიშნავს, რომ ადამიანები არც ისე ღარიბი არიან როგორც ერთი შეხედვით ჩანს“, - წერს კობერიძე.

კიდევ ერთი მძიმე რეიტინგი „შიმშილობის მსოფლიო ინდექსია“, რომლის თანახმად, საქართველო 117 ქვეყანას შორის, 39-ე ადგილზეა. ეს არის მე-14 ყოველწლიური ანგარიში, რომელსაც ერთობლივად ამზადებენ ორგანიზაციები concern worldwide და welthungerhilfe.

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2019 წელს 2018 წელთან შედარებით საქართველოს მონაცემი გაუარესებულია. „შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2018“-ში საქართველოს 30-ე ადგილი ეჭირა.

მმართველი გუნდის წევრისთვის გაუგებარია რამ გამოიწვია ქვეყნის ინდექსის გაუარესება. დეპუტატი აკაკი ზოიძე საერთაშორისო ორგანიზაციების დაბალ რეპუტაციაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მათ ანგარიშს საერთაშორისო დონეზე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

„ალბათ 2017 წლის „იუნისეფის“ მონაცემი გაითვალისწინეს, რომელიც იყო ბავშვთა სიღარიბესთან მიმართებაში. ვერ გეტყვით რატომ შეიცვალა სურათი, ეს გასაანალიზებელია, მაგრამ თვითონ ინდექსი არ არის სარწმუნო და არ გაძლევს რეალურ წარმოდგენას არც ტენდენციებზე და არც ქვეყნებს შორის შედარებაზე. ზოგადად, 30-ე ადგილზე იქნები, 39-ზე თუ 50-ზე დიდად არ განსხვავდება, რადგან სხვადასხვა კვლევების მონაცემები აქვთ გამოყენებული“, - განუცხადა „კომერსანტს“ ზოიძემ.

სამაგიეროდ, ანგარიშის სანდოობასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს ეკონომიკის ექსპერტს ზვიად ხორგუაშვილს. მისი თქმით, ანგარიშში ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მგდომარეობაა ასახული. საქართველოში სერიოზული პრობლემებია სიღარიბის მხრივ, მათ შორის, აბსოლუტური და ფარდობითი სიღარიბის მხრივ.

„საქსტატის მონაცემები, სებ-ის მონაცემები, ფინანსთა სამინისტროს მონაცემები ადასტურებს იმას, რომ საქართველოში სერიოზული პრობლემებია შიმშილობის და გაჭირვების კუთხით. რეალობას ასევე კარგად ასახავდა „იუნისეფის“ კვლევა, რომელიც გაუგებარია წელს რატომ არ ქვეყნდება. წინა მონაცემებით გაირკვა, რომ 100-დან 6 ბავშვი შიმშილობს, ამ კვლევის გამო ქვეყანაში პრემიერი მოხსნეს და მთავრობა შეიცვალა.

შეიძლება concern worldwide და welthungerhilfe-ს არ ენდობოდნენ, მაგრამ თავიანთ სტატისტიკას ხომ ენდობიან. მაგალითად, ინფლაცია ხომ მიზნობრივზე ორჯერ მეტია. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ამ კვლევას არ ენდობიან, არასწორია. მთავრობის პოზიცია ყოველთვის არის ის, რომ რაც არ მოსწონთ იმას უნდობლობას უცხადებენ“, - აღნიშნა ხორგუაშვილმა.

Maverick საქართველო პოტიომკინის სოფლად, ბრიყვთა ქვეყნად აქციეს.
წინადადებით შემოვდივარ, პოლიტიკაში პოლიტიკანების და ლიბერასტების ლტოლვის მადის დასაცხრობად პარლამენტის ყველა წევრს, მთავრობის ყველა წევრს ხელფასი განესაზღვროს იმ ოდენობით რაც საჯარო სამსახურში დასაქმებულ რიგით მოსამსახურეს და პენსიონერს აქვს!
ხოლო გაეზარდოს იმის მიხედვით, როგორც გაეზრდება ანაზღაურება იმავე რიგით მოსამსახურეს და პენსიონერს!
5 წლის უკან