სააკაშვილს მოლოკო ჩამოჰყავს

სააკაშვილს მოლოკო ჩამოჰყავს

როგორც შევიტყვეთ, სააკაშვილს მხარდასაჭერად თბილისში მომღერალი მოლოკო ჩამოჰყავს.

კანცელარიაში იმედი აქვთ, არჩევნებისთვის ბევრ ხმას მოიწველებაო.

როგორც „ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, 31 დეკემბერს თბილისში ცნობილი პოპ - მომღერალი, მოლოკო, სოლოკონცერტს გამართავს. ეს მერიის საახალწლო საჩუქარია და საკმაოდ ძვირადღირებული.

რა თანხა დაუჯდება მუნიციპალიტეტს მოლოკოს ჩამოყვანა, უცნობია. აღნიშნული ინფორმაცია, თურმე, პრესისთვის დაფარული ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნეკა სებისკვერაძემ ჩვენთან საუბარში გულახდილად განაცხადა, რომ პროექტის ღირებულება პრესისთვის ცნობილი არ გახდება.

სავარაუდოდ კი მომღერალი კუტუნიოზე და „რიკი ე პოვერზე“ მაღალ ჰონორარს მოითხოვს. მოლოკოსთან რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს, ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბარში ნეკა სებისკვერაძე ადასტურებს.

ნეკა სებისკვერაძე, მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილე:

ნეკა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 31 დეკემბერს თბილისში მოლოკომ უნდა იმღეროს.

-ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს?

-კი, მიმდინარეობს მოლაპარაკება მასთან და კიდევ რამდენიმე მომღერალთან.

თუ შეიძლება, მათი ვინაობაც გაგვიმხილეთ.

-მაგას ვერ გეტყვით, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

რა ჯდება მათი ჩამოყვანა?

-ეგ ჩემს კომპეტენციაში არ შედის, ისედაც, არა მგონია, ეს სალაპარაკო იყოს მედიასთან, „ტაკ ჩტო“...

მოკლედ, ადრე თბილისის კულტურას განაგებდა ქალი (ნატა მაჩალაძე), რომელსაც კულტურა სოფლის მეურნეობა ეგონა.

ყოველ შემთხვევაში, კულტურას ასე განმარტავდა: კულტურა - ეს არის განვითარების კულტივირება.

ახლა კულტურა „ტაკ - ჩტო“ გახდა. ერთი სიტყვით, გადაწყვეტილი არ არის, დათანხმდება თუ არა უგულავას პირობებს მოლოკო.

ახლა კი ცოტა რამ ამ მომღერალზე:  ჯგუფი „მოლოკო“ ინგლისში დაარსდა 1994 წელს, როსინ მიორტი ამ ჯგუფის სოლისტია. ეს ჯგუფი 2006 წელს „ბითლზებივით“ დაიშლა, თუმცა მომღერალმა, ჯგუფის სოლიტმა, სოლოკარიერა გააგრძელა. ის დღემდე მოლოკოთია ცნობილი. როგორც ცნობილია, სიტყვა „მოლოკო“ რძეს და ნარკოტიკებს ნიშნავს.

ერთი სიტყვით, საქართველოში ბედობას თუ მართლაც გვესტუმრა მოლოკო და ქართულ ტრადიციებსაც ვენდობით, მთელი წელი ხელისუფლებას რძე არ მოაკლდება.