რუსეთთან ავიამიმოსვლა იწყება - ორ რუსულ კომპანიაზე ნებართვა უკვე გაიცა

რუსეთთან ავიამიმოსვლა იწყება - ორ რუსულ კომპანიაზე ნებართვა უკვე გაიცა

რუსეთმა ორ ავიაკომპანიას საქართველოში რეისების განხორციელების უფლება მისცა. აქედან გამომდინარე, გაჩნდა საფუძვლიანი მოსაზრება, რომ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა მალე აღდგება. ჯერჯერობით ოფიციალურ დონეზე ამ ინფორმაციას არც ერთი ქვეყნის წარმომადგენელი არ ადასტურებს, თუმცა მეზობელი ქვეყანა რომ მსგავსს გადაწყვეტილებას ტყუილუბრალოდ არ მიიღებდა, ეს ყველამ კარგად იცის.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილებით, ავიაკომპანია „სიბირს“ და „გლობუსს“ მოსკოვიდან ქუთაისის აეროპორტში ავიამიმოსვლის უფლება მიეცა. ოფიციალური დოკუმენტი ფედერალური სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

დოკუმენტის მიხედვით, რუსულ ავიაკომპანიებს ქუთაისის მიმართულებით კვირაში შვიდი რეისის განხორციელების შესაძლებლობა ექნება. როგორც რუსულ მედიას საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოში განუცხადეს, ნებართვის მიცემა არ ნიშნავს იმას, რომ რეისების დაწყება უკვე გადაწყვეტილია.

რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ავიაკომპანიებს რეისების განხორციელება მიმდინარე წლის 8 ივლისის ბრძანებით აუკრძალა. მიზეზი თბილისში დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტის წინააღმდეგ გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციები გახდა.

მოსკოვიდან ფრენის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. სამაგიეროდ, ფაქტს უკვე გამოეხმაურა, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, რომელმაც არ დაადასტურა ოფიციალურ დონეზე საკითხის გადაწყვეტა.

„ცნობილია ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, თუ რუსეთის ოფიციალური წრეები გადახედავენ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღდგება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის. რა ფაქტზეც მიწევს კომენტარის გაკეთება, ეს გავრცელდა რუსულ მედიაზე დაყრდნობით და ჯერჯერობით არ ნიშნავს ფრენების აღდგენას. ამისთვის არსებობს მთელი რიგი ფორმალური პროცედურები და ჩვენ საჰაერო ადმინისტრაციას არ მიუღია რაიმე სახის შეტყობინება, რომ ფრენები აღდგენილია. აქედან გამომდინარე, ვერ დავადასტურებ, რომ ეს არის ფრენების აღდგენა, მაგრამ ვიმეორებ ჩვენ მივესალმებით თუ კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

პარალელურად რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო „როსავიაციაც“ უარყოფს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა უკვე აღადგინეს. მათი ინფორმაციით, ეს პროცესი ჯერ კიდევ დაკვირვების ქვეშაა და რუსეთსა და საქართველოს შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენის კონკრეტული თარიღი ამ მომეტისთვის არ სახელდება.

„როსავიაციის“ წარმომადგენელმა სააგენტო „ერბეკას“ განუცხადა, რომ ავიაკომპანია „სიბირმა“ მხოლოდ ნებართვა მიიღო და ავიარეისების შესრულებას საქართველოსთან მიმოსვლის აღდგენის შემდეგ დაიწყებს. როგორც ამ დამოკიდებულებიდან იკვეთება, რუსეთში მართლაც გადაწყვეტილი აქვთ ავიამიმოსვლის აღდგენა, უბრალოდ, შესაფერის დროს ელოდებიან საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, როდესაც საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების შესრულება აღდგა, სწორედ „სიბირი“ იყო ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია, რომელმაც საქართველოში რეისების განხორციელება დაიწყო.

სოციალისტი არ გინდათ რა ეს ფრენები, არა! თორემ თუ დაიწყო ხომ დემართათ ინფარქტი ჩვენს სასიქადულო პარლამენტარებს სამადაშვილს და ბოკუჩავას.... ))))
4 წლის უკან