„პოლიტიკური ოპოზიციის გადარჩენა იყო მისია „ქართული ოცნებისა“, რადგან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარება“

„პოლიტიკური ოპოზიციის გადარჩენა იყო მისია „ქართული ოცნებისა“, რადგან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარება“

კოაბიტაციის შედეგები და ბრძოლა წესების გარეშე, როცა დაუსჯელი „დასასჯელები“ ოპონენტების დასჯაზე დისკუსიის ლეგიტიმაციას ცდილობენ... და კიდევ, „გაცნობიერებული გადაწყვეტილების“ აღიარება, ეს ის თემებია, რომელზეც პარტია „ქართული ოცნების“ პიარ-კონსულტანტმა, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

For.ge გთავაზობთ ინტერვიუს ტექსტურ ვარიანტს:

ლაშა ნაცვლიშვილი: ...მცირე შესწორებას შემოგთავაზებთ - მოუკვლელი დათვის ტყავის შესახებ დისკუსია ქართულ და ზოგადად, სამონადირეო ეპოსში მიღებული ამბავია, მაგრამ მონადირეები, რომლებიც ჯერ მოუკლავი დათვის ტყავს იყოფენ, მათ აქვთ პოტენციალი, რომ მოკლან დათვი, თუმცა ჩვენ ამ მხრივაც აბსოლუტურ გროტესკს ვაწყდებით, ე.ი. პოლიტიკური საჭურისები ბრუტალური გაუპატიურებით იმუქრებიან. შეიძლებოდა ამ დისკურსში დარჩენა და იუმორისტულად შეიძლებოდა შეგვეფასებინა ეს დისკუსია, რომელიც წმინდა წყლის კრიმინალებს შორის იმართება. იმის მიუხედავად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი არსით, ბუნებით, წარსულით, აწმყოთი და სამწუხაროდ, ალბათ, მომავლითაც არის დანაშაულებრივი და მავნებელი პოლიტიკური ძალა, მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ ვალდებული ვართ საზოგადოებას ვუთხრათ რასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, ეს არის პიარ კამპანია, ეს არის ერთგვარი პიარ ტექნოლოგიური ხრიკი, პიარ ტექნოლოგიური გეგმა. მე მგონი, ვიცნობ კიდეც ამ გეგმის ავტორს, მაგრამ ახლა პერსონალიებზე რომ არ შევჩერდეთ, თუ საშუალება მაქვს იმაზე ვისაუბრებ, რა არის ამ გეგმის, ასე ვთქვათ არსი, მიზანი და ამოცანა.

პირველი, ეს არის გეგმა, მოკლედ რომ ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ფრთა მაქსიმალურად, მოჩვენებითად გაემიჯნოს ერთმანეთს, რათა მოიცვას ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის უფრო ფართო სპექტრი. კლასიკური ლიბერალები დაიტოვოს ბოკერიას მიმართულებამ, ხოლო, ასე ვთქვათ, ტრადიციონალისტები მოიცვას მიხეილ სააკაშვილმა და მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, ამოცანა ის არის, რომ ჩვენ და საზოგადოებამ უნდა დაიჯეროს, რომ ბოკერია ნაცი არ არის, ხოლო მიხეილ სააკაშვილი არის ეროვნული ტრადიციებისა და მართლმადიდებლობის მცველი, მართლმორწმუნე ქრისტიანი, რომელიც პრაქტიკულად, იმდენად ერთგულია ტრადიციული დისკურსის, რომ ის გადის ლიბერალური ნარატივიდან...

ეს ამოცანა თავისი არსით შეუსრულებელია, როგორმა ძლიერმა პიარ ტექნოლოგებმაც არ უნდა დაგეგმონ და როგორ არ უნდა სცადონ ამის განხორციელება, ამ განხორციელებას წინ უდგას არა „ქართული ოცნების“ საპირისპირო პიარი, არამედ ისინი არიან საკუთარი წარსულის მძევლები. ნახეთ იმ ძალისხმევაში, რომელსაც ისინი ხარჯავენ, რომ ქართველი ხალხი დაარწმუნონ, თითქოს ერთი მართლმორწმუნე ქრისტიანია, ხოლო მეორე შემწყნარებლობის და ლიბერალობის, ასე ვთქვათ, ყველაზე ჰუმანური პოლიტიკური დისკურსის ავტორი, ნახეთ, როგორ პრიმიტიულად, როგორ თავხედურად და უტიფრად სთავაზობენ საზოგადოებას. ორ-სამ ეთერში გაითამაშებენ რაღაც სპექტაკლს, იმაში დარწმუნებულები, რომ ქართველი ხალხი ამას დაიჯერებს, რომ ამ ხალხს ყველაფერი შეიძლება აკადრო. საკუთრივ ეს მცდელობა არის უტიფრობა და ცინიზმი. მათ ვერაფერი ვერ ისწავლეს და ვერაფერი ვერ დაივიწყეს. მათი პოლიტიკური წარსული არის მათი ამ პიარ-ტექნოლოგიური გეგმის განხორციელების გზების მთავარი ზღუდე და ბარიერი. რაც შეეხება ზუსტად ამ პიარ-ტექნოლოგიურ ბაზისზე დაშენებულ ზედნაშენს - დისკუსიას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, დამფუძნებლის და წევრების სავარაუდო გასამართლების თაობაზე - წარმოიდგინეთ, ასეთი ძალიან უხეში ანალოგია, რომ ნიურნბერგის პროცესის დროს გერინგი და კეიტელი განიხილავდნენ როგორ უნდა დასაჯონ ეიზენჰაუერი. ამის მსგავსი სხვა ანალოგი მე არ მახსენდება.

ჩემი აზრით, პიარ-ტექნოლოგიური ხრიკი, ეშმაკი ჩაბუდებული ამ დისკუსიაში არის ეს გადაძახილი: „ჩვენ არ უნდა დავიჭიროთ!“ და მერე იქიდან გადმოძახილი, ექო, რომ „არა, ჩვენ ესენი უნდა დავიჭიროთ“! ეს არის მცდელობა, მოახდინონ ამ დისკუსიის ლეგიტიმაცია. თითქოს, ერთი მხივ, ბოკერიას და მეორე მხრივ, სააკაშვილს შორის ლეგიტიმურია დისკუსია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დასაჯონ მათ ივანიშვილი. ეს არის ერთგვარი „ოვერტონის ფანჯარა“ , რომ მათ ლეგიტიმურ პოლიტიკურ დისკურსში შემოიტანონ დისკუსია ამის თაობაზე, როცა ისინი მოვლენ ხელისუფლებაში, რაც, ალბათ, ძალიან მძიმე სიზმარშიც წარმოუდგენელია, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე მათთვის. თუმცა მათ უკვე შეიძლება, სჯერათ, იმდენად ჩაკეტილ წრეში არიან, რომ შეხედავ, რაღაცნაირად შეპყრობილებს გვანან, ვიდრე რაციონალურ პოლიტიკურ მოთამაშეებს. მაგრამ, ამ დისკუსიის ლეგიტიმაციას შეიძლება ასევე ხელი შეუწყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისა და საკუთრივ „ქართული ოცნების“ სპიკერების გულწრფელმა აღშფოთებამ.

ეს არის ამოცანა, რომ აქ შევიდეთ, მაგრამ ვინაიდან ეს დისკუსია რაღაცნაირად საჯარო სივრცეში შემოვიდა, ჩვენ ვალდებული ვართ ვთქვათ: „ვინ ლაპარაკობს ვის დაჭერაზე“? ეს არის თავიდან ბოლომდე დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა და უკლებლივ ყველა ფიგურანტი დისკუსიის არის პანოპტიკუმი. სააკაშვილიდან ბოკერიამდე უკლებლივ ყველა სისხლის სამართლის დამნაშავეა, ესენი არიან კრიმინალები. მოდი, ჩამოვთვალოთ:

მიხეილ სააკაშვილი - იგი გასამართლდა და არის მსჯავრდებული, აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, ეს არის, თუ არ ვცდები, ვალერი გელაშვილის ცემის შეკვეთა - პოლიტიკური ანგარიშსწორების შეკვეთა. ასევე, ის არის მსჯავრდებული მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით, გირგვლიანის მკვლელების შეწყალებაში.

„ქართუს“ გაკოტრების საქმე... ასევე არის სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე, 8 თუ 10 მილიონის გფლანგვაზე... ასევე არის ბადრი პატარკაციშვილის და ამ ტელევიზიის მიტაცებისა და ე.წ. მემორანდუმის საქმე, რომელშიც ბევრი მათგანი ფიგურირებს.

ნიკანორ მელია, ეს კაცი, ხელზე სამაჯურით, რომელიც იყო ორგანიზატორი პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის, ახლა მიდის სასამართლო. ასევე, მიმდინარეობს მეორე სასამართლო, სახელმწიფოს მიტაცების მეორე კლასიკური შემთხვევიდან, ეს არის „ქართუს“ გაკოტრების საქმე. ვის ეთერში განიხილავენ ამას, ეს დისკუსია სად მიდის? ეს დისკუსია მიმდინარეობს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, რომლის დამფუძნებელი, დირექტორი, უცვლელი იდეოლოგიური ლიდერი თვითონ არის ბრალდებული გაფლანგვაში და კომერციულ მოსყიდვაში, ანუ კორუფციულ დანაშაულში. გადახედეთ მესამეს, მეოთხეს, მეხუთეს- ვისაც გინდათ, ვისაც მიადგებით... გიგი უგულავა ორ საქმეზეა გასამართლებული...

ის, რომ გიგა ბოკერიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ განხორციელებულა, ან არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა ქართული სოციოლოგიური კვლევების უცვლელ ფანტომურ ლიდერზე, მისტიურ კაცზე დათო ბაქრაძეზე, არ ნიშნავს, რომ ისინი არ არიან კრიმინალები. მე სრული პასუხისმგებლობით, როგორც ყოფილი მთავარი პროკურორი გეუბნებით, რომ ამ ხალხის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ იქნა დაწყებული გაცნობიერებულად და პროკურატურის კანონით დადგენილი დისკრეციის ფარგლებში.

პატარა ექსკურსს გავაკეთებ, სისხლის სამართლებრივი დევნა არის პროკურატურის დისკრეციული უფლებამოსილება და არა ვალდებულება. სისხლის სამართლებრივი დევნა რომ დაიწყოს პროკურატურამ, უნდა არსებობდეს ე.წ. სრული ტესტი, მტკიცებულებითი ტესტი და საჯარო ინტერესის ტესტი. მტკიცებულებითი ტესტი არის ის, რომ უნდა არსებობდეს დანაშაული და უნდა არსებობდეს პიროვნება, რომელზეც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით შეიძლება დევნის დაწყება. ეს ტესტი ორივე შემთხვევაში, ბოკერიას და ბაქრაძის შემთხვევაში, ასევე ზოდელავას შემთხვევაში, რომელიც ასევე აქტიურობს სააკაშვილის მხრიდან, ყველა შემთხვევაში იყო გავლილი. მეორე ტესტი, ეს არის საჯარო ინტერესის ტესტი და როდესაც ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებდით, პროკურორი როდესაც იღებს გადაწყვეტილებას დევნის დაწყების, ან არ დაწყების თაობაზე, ის წონის, რომელი გადაწყვეტილება უფრო შედის საზოგადოების ინტერესში. თუ კონკრეტული პიროვნების სისხლის სამართლებრივი ინტერესი გადაწონის სხვა საჯარო ინტერესს, დევნა ყველა შემთხვევაში უნდა განხორციელდეს. მაგრამ თუ არსებობს სხვა უფრო მაღალი საჯარო ინტერესი და ის გადაწონის კონკრეტული პირის დასჯის ინტერესს, მაშინ პროკურორი უფლებამოსილია და შეიძლება ითქვას, ვალდებულიც არის, ეს განახორციელოს - დევნა.

საჯარო ინტერესი რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს არის ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარება. ეს არის ყველაზე დიდი საჯარო ინტერესი, რომელმაც გადაწონა კონკრეტული ადამიანების დასჯის ინტერესი, იმიტომ, რომ სისხლის სამართლის საქმეები, რომლებშიც ისინი იყვნენ მხილებულნი, მაგალითად, დათო ბაქრაძე, რომელსაც 261 ათასი გირვანქა სტერლინგი ჰქონდა დამალული ერთ-ერთი ინგლისური ბანკში - არ ჰქონდა დეკლარირებული - ფულის გათეთრებით მიმდინარეობდა მის მიმართ გამოძიება. ერთი ნაბიჯი არის დარჩენილი, თუ პროკურორი მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიწყება დევნა. იგივე გიგა ბოკერია, მოუსყიდველის და რაღაც ებერისტული რიტორიკით რომ გველაპარაკება, უხორცო იდეოლოგის, ეს არის ბანალური ხაზინის ქურდი. ეს არის უშიშროების საბჭოს მდივნობის დროს ათეულობით მილიონი, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი, ლარის გაფლანგვა-მითვისება-არამიზნობრივი ხარჯვა. არავინ იფიქროს, რომ ამ საქმეებს უჭირდა ან მტკიცებულებითი ტესტი არ იყო დადგენილი, ერთადერთი ინტერესი იყო - დემოკრატიის კონსოლიდაცია, იმისთვის, რომ ქვეყანაში შემდგარიყო პოლიტიკური ოპოზიცია, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იყო ხელისუფლებაში, რომელიც დამარცხდა არჩევნებში და გადავიდა ოპოზიციაში, სრულად არ განადგურებულიყო.

ჩვენ რომ გვესარგებლა მხოლოდ იმ ტესტით, ვინმე კონკრეტული ადამიანის დასჯის ტესტით, მაშინ წინა მოწვევის პარლამენტის ის დარბაზი მთლიანად დაიცლებოდა „ნაციონალური მოძრაობისგან“, იმიტომ, რომ უკლებლივ ყველას, ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი. ეს იყო ჩვენი ცნობიერი გადაწყვეტილება. სად გავავლეთ ზღვარი? ზღვარი გავავლეთ ძალადობრივი დანაშაულისა და ისეთი განსაკუთრებული ფორმის კორუფციაზე, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთული იყო.

ჟურნალისტი: ირონიაა, მაგრამ გამოდის, რომ თქვენ ახლა საუბრობთ შერჩევით მართლმსაჯულებაზე, რაზეც საუბრობს ხოლმე ოპოზიცია.

ლაშა ნაცვლიშვილი: კი, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო შერჩევითი მართლმსაჯულება მისი საუკეთესო ჰუმანისტური გაგებით. შერჩევითი მართლმსაჯულება გადახრილი არა რეპრესიისკენ, არამედ გადახრილი ე.წ. ლიბერალური შემწყნარებლური მიდგომისკენ. კიდევ ვამბობ, პოლიტიკური ოპოზიციის გადარჩენა იყო აბსოლუტური მისია იმ პოლიტიკური ძალის, რომელიც მოვიდა და რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარება. ამ დროს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების ტრადიციული დემოკრატიიდან მომდინარე რჩევები, რომ იქნებ გადააბიჯოთ... კანონიერია, უკლებლივ ყველა აღიარებდა, რომ დაგევლო პარლამენტი და გარედან დაგერტყა, ასე ვთქვათ მავთულხლართი, ან სამინისტროებზე მით უმეტეს ძალოვანზე, გარედან რომ დაგერტყა და უკლებლივ ყველა სამართლებრივ პასუხისმგებაში მიგეცა, აბსოლუტურად კანონიერი იქნებოდა, მაგრამ გავითვალისწინეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების რჩევა. და რატომ ვუსმენდით მათ, როდესაც გვეუბნებოდნენ: იქნებ ამაღლდეთ და ფორმალისუტრად ნუ მივუდგებით, იმიტომ, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ის, რომ ოპოზიცია გადარჩესო, მაგრამ ჩვენ, გარკვეულწილად, გავედით ჩვენი მანდატიდან. მე ამას ვაღიარებ თქვენს თვალწინ.

ჩვენ, „ქართული ოცნება“ და მე, რომელიც ვიყავი „ქართული ოცნების“ მანდატით არჩეული ერთ-ერთი დეპუტატი, რომელიც მილიონ ორასიათასმა საქართველოს მოქალაქემ აგვირჩია, საქართველოს ხელისუფლებაში სამართლიანობის აღსადგენად და ამ დანაშაულებრივი რეჟიმის დასასჯელად, თუ სადმე კრიტიკა ისმის ჩვენ ლეგიტიმურ შეუსრულებელ დაპირებაზე, ეს ის შეუსრულებელი დაპირებაა, რომელიც ქვეყნის მომავალს სჭირდება. კოაბიტაცია, ეს არის შედეგი, ჯამური, კრებსითი სახელი იმ პროდუქტისა, რომელიც ჩვენ შევქმენით, რომელიც ჩვენი მონაგარია. მწარეა ეს მონაგარი, დამნაშავეები აქეთ დაჭერით გვემუქრებიან.

ჟურნალისტი: დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორ ჩანს, უყურებთ ამ საჯარო საზოგადოებრივ ინტერესს, იმიტომ, რომ ეს ხალხი (ზოგს მიესაჯა, ზოგი ამ სახით დარჩა პოლიტიკურ ველზე), დღეს საუბრობს სწორედ პოლიტიკურ რევანშზე.  

ლაშა ნაცვლიშვილი: იცით, რა არის დემოკრატიაში ოპონირება? ჩვენს ხელისუფლებას უნიათოს უწოდებდნენ და თვითონ ე.წ. ნიათიანები იყვნენ, მაგრამ დიქტატურაში ოპონირება ყველაზე ადვილია. აი, ასეთი გამოწვევების დროს, ღია მედიაში, თავისუფალ ოპოზიციაში ოპერირება არის ყველაზე რთული და „ქართული ოცნება“ ახერხებს უკვე შვიდი წელია და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზეც მოახერხებს ასეთ რთულ და გამოწვევებით სავსე ვითარებებში ოპერირებას. ეს არის ნიათი, როდესაც შენ შეგიძლია დაამარცხო ოპონენტი პოლიტიკურ პაექრობაში, როდესაც კონკურენტული გარემო უზრუნველყოფილია. ჟურნალისტი: აი ამ კონკურენტულმა გარემომ გამოაჩინა კიდევ ახალ შექმნილი პარტიები, არა მხოლოდ ის, ვისაც ვუწოდებთნაციონალურ მოძრაობას“, მათ დანაყოფებს, ერთ-ერთ ასეთი იმედის მომცემი პარტია არის ახლად შექმნილი მოძრაობალელო“. ჯერ პარტია არ არის, მაგრამ მას დაანონსებული აქვს, რომ პარტიასაც შექმნის.

ლაშა ნაცვლიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზაზა ოქუაშვილს წაართვა და დაუხურა ტელეკომპანია იბერია. „ქართულმა ოცნებამ“ ზაზა ოქუაშვილს დაუბრუნა ტელეკომპანია „იბერია“. წამრთმეველთა შორის იყო ნიკა გვარამია ერთ-ერთი. ამის შემდეგ ზაზა ოქუაშვილმა დააგროვა საქართველოს ბიუჯეტის 50 მილიონი ლარი, ანუ ჩვენი პენსიონერების, პოლიციელების, პედაგოგების და ექიმების ვალი. მათ შორის ნიკა გვარამიამ მიტაცებულ „რუსთავი 2“-ში, დააგროვა 25 მილიონი ლარი. ახლა ეს ორი მსხვერპლი და ჯალათი გაერთიანდა და „იბერიის“ ბაზაზე დააფუძნეს ახალი ტელეკომპანია, რომლის მაუწყებლობის უფლება, ავტორიზაცია ერთ კვირაში გაიარეს. შეგახსენებთ, რომ ამ კომპანიაში შემოვარდნის მთავარი ეგზეკუტორი თვითონ გვარამია იყო. მათ მიიტაცეს „რუსთავი 2“, მათ მიიტაცეს ტელეკომპანია „იმედი“, დახურეს „202“, დახურეს „იბერია“ , დახურეს „მზე“ და აბსოლუტურად დაიქვემდებარეს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. აკრძალეს დე-ფაქტო ლიცენზიის გაცემა მაუწყებლობაზე და ერთი ხმით ალაპარაკეს სამი ფედერალური არხი. ახლა, ამის მსხვერპლი და ორგანიზატორი გაერთიანდა და ტელეკომპანია „იბერიის“ ბაზიდან, ხალხზე მოპარული ჯამური, 80 მილიონით გვიტევს, მედიის შეზღუდვაში გვდებს ბრალს და ხალხზე „ზრუნვაში“ ამოსდის სული, იმ ხალხზე, ვისაც 80 მილიონი ლარი დეკლარირებულად მოპარა და აქ მიდის მამუკა ხაზარაძე.

მოკლედ რომ შევაფასო მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლა და მისი პერსპექტივები, მან უკვე მერამდენე მორალური და პოლიტიკური ფსკერი ჩახვრიტა გუშინაც, რომ საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო იკრებს ძალას ასეთი რიტორიკული კითხვა, რომელზეც პროკურატურა კი ცდილობს გასცეს ფაქტობრივი პასუხი და ეს კითხვაა - ამან ფული როგორ იშოვნა?

თადუმაძე ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ამან ფულის გათეთრებით იშოვნა ფული, მაგრამ, ზოგადად, ხანდახან ქმედება უნარშეზღუდულის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებს.

მე მინდა გაგახსენოთ, ზოგადად, ისტორიის გადაკეთებას აქვს ადგილი. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პოლიტიკურმა საჯარო პირმა იკადროს, ეს არის ისტორიის გადაკეთება, რევიზიონიზმი. აგერ, გერმანიაში ამბობენ, რომ ჰოლოკოსტის დროს გაზის კანონები არ ყოფილა, ამერიკაში არიან რევიზიონისტები, რომლებიც ამბობენ, რომ მთვარეზე არ დამჯდარან ამერიკელი ასტრონავტები, გაჩდნენ ახალი რევიზიონისტები და მათში ჩაეწერა ხაზარაძე, რაც ყველაზე სამწუხაროა.

„პროგრესბანკის“ ისტორია რა არის? - ეს არის „ქართუსა“ და „პროგრესბანკის“ პოლიტიკური ნიშნით შეზღუდვის ისტორია, როდესაც სააკაშვილი მთელი თავისი მიტაცებული სახელმწიფოთი დაესხა თავს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური აქტი განახორციელა და სიტყვა არ ამოუღია, ხმა არ ამოუღია და დღეს, ეს ბანკი იყიდა. შე კაი ოჯახიშვილო, თუ საკუთარ რეპუტაციაზე ზრუნავ და კანონმორჩილი ხარ, შენმა სტაფმა რომ „პროგრესბანკი“ შეამოწმა, იქ თუ ფულის გათეთრება აღმოაჩინა, ჯერ ერთი, არაფერი უნდა გეყიდა და უნდა შეგეტყობინებინა შესაბამისი ორგანოებისთვის. ამიტომ, თუ გამოძიება და შესაბამისი ორგანოები რაღაცა ტიპის სიღრმეებში ჩავა, არ ვიცი დაიწყებენ თუ არა ამის შესწავლას, მაგრამ თვითდაზიანებით პოლიტიკაში შემოსვლის კლასიკაა მამუკა ხაზარაძე.

 

Katana . ჰოდა, დასავლეთის კარნახით, ასეთი არასწორი "მისია" რომ დაისახეთ, იმის ნაყოფს იმკით 7 წელი თქვენც და ქვეყანაც!
დასავლეთს სულ ერთ ადგილზე ჰკიდია ჩვენი დემოკრატია და ამის საბუთია სააკაშვილის დიქტატორული მმართველობის 9 წელი, როცა არავითარი პრეტენზია არ ჰქონდათ ნაცების მიმართ. მათ დემოკრატიის კი არა, ნაცების პოლიტიკური გადარჩენა უნოდათ და ეს ახლახან თბილისში ჩატერებულ კონფერენციაზეც გამოჩნდა!
თქვენ თავს იტყუებდით და შედეგად მიიღეთ შვიდწლიანი პრესი თქვენს მიერ გადარჩენილებისაგან, შვიდწლიანი თავის მართლების რეჟიმში ყოფნა, ხალხის იმედგაცრუება და ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქის სიძულვილი!
4 წლის უკან