ინგლისის ნაკრებთან მატჩში გულშემატკივართა მხრიდან რასისტული შეძახილების გამო ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ამ ნაბიჯისკენ მას პრემიერმინისტრმა ბოიკო ბორისოვმა მოუწოდა.
„ბულგარეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტოლერანტული ქვეყანაა და სტადიონზე რასიზმისა და ქსენოფობიის შემთხვევები მიუღებელია. გუშინდელი სამარცხვინო მარცხის შემდეგ ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ყველანაირ ურთიერთობას, მათ შორის ფინანსურ დახმარებას ვწყვეტთ, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი თანამდებობას არ დატოვებს“, - განაცხადა ბოიკო ბორისოვმა.
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული მატჩი, რომელიც ინგლისის ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 6:0 დასრულდა, რამდენჯერმე ინგლისის ნაკრების ფერადკანიანი ფეხბურთელების მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილების გამო შეჩერდა.