ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ წელიწადში 50 მილიონი ევროს ხელფასით კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა OKDIARIO ავრცელებს.
მისი ცნობით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას 20 წლის ფრანგთან მოქმედი კონტრაქტის 2024 წლამდე გახანგრძლივება სურდა, მბაპემ კი შეთავაზება არ მიიღო, ვინაიდან მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურს.
მიმდინარე წლის მარტში ჟურნალი France Football-ი წერდა, რომ „რეალს“ მბაპეს სანაცვლოდ 280 მილიონი ევროს გადახდა შეუძლია, რაც სატრანსფერო რეკორდი იქნებოდა. ამჟამად ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი პსჟ-ს ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარია, რომელიც 2017 წლის ზაფხულში პარიზულ კლუბში „ბარსელონადან“ 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
CIES Football Observatory-ს შეფასებით, მბაპეს საბაზრო ღირებულება 252,2 მილიონი ევროა. ფრანგი ფორვარდი პსჟ-ს ღირსებას 2017 წლიდან იცავს. ორი სეზონის განმავლობაში ის ორჯერ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, 2018 წელს კი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.