ყაზანის „რუბინის“ მწვრთნელმა ედუარდო დოკამპომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ფეხბურთელისთვის ზედმეტი ქება მავნებელია. Sport24-თან ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ხვიჩა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ მედიის მხრიდან ბევრი ყურადღება მას კარგს არ მოუტანს.
„ხვიჩას შესახებ ზედმეტად საუბრობენ, ეს მას არ ეხმარება. კვარაცხელია ნიჭიერი ფეხბურთელია, რასაც ბურთით აკეთებს, ცოტას შეუძლია იგივე გააკეთოს. ნებისმიერი ადამიანი, თქვენ ან მე, ქებასა და კრიტიკას შორის პირველს აირჩევს. ბავშვობაში, როდესაც სკამს დავეჯახებოდი, დედაჩემი ამბობდა, რომ სკამი იყო სულელი და მას ადანაშაულებდა. ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ დამნაშავე ყოველთვის სხვაა.
მაგალითი ფეხბურთიდან: მწვრთნელი ეუბნება ფეხბურთელს, რომ რაღაც მომენტში არასწორად თამაშობს, ამაზე კი მოთამაშე რეაგირებს: „მწვრთნელს რა ესმის? ის ცდება!“ მე ვიტყოდი, რომ ქება დამასუსტებელია“, - თქვა დოკამპომ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „რუბინის“ ღირსებას 11-ჯერ დაიცვა და 1 გოლი გაიტანა. მხოლოდ ოთხჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში და შეუცვლელად ერთადერთხელ ითამაშა.