ინგლისური კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედი“ ახალ სპონსორს ეძებს. Financial Times-ის ინფორმაციით, ამერიკულმა ბრენდმა Chevrolet კლუბთან $559 მილიონიან შეთანხმებას 2014/15 სეზონის დროს მოაწერა ხელი. კონტრაქტის თანახმად, კომპანიის ლოგო საფეხბურთო კლუბის მაისურებზე დაიბეჭდა.
2022 წლის შემდეგ ხელშეკრულების განახლების შესახებ, კლუბსა და Chevrolet-ს მფლობელ კომპანია General Motors-ს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, თუმცა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სპონსორის ცვლილებაზე მოლაპარაკებების დაწყება სხვა კომპანიასთან გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას ბრიტანული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კლუბის პრესსპიკერის თქმით, Chevrolet-ი მნიშვნელოვანი პარტნიორია და გუნდი მასთან მუშაობას განაგრძობს. თავად General Motors-ი კომენტარს არ აკეთებს.