რუბრიკა "ფსიქოს" სტუმარია მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე:
- სამწუხაროდ, ყოფილმა ხელისუფლებამ ქვეყანაში დაამკვიდრა ტენდენცია, "თუ განსხვავებული თვალსაზრისი გაქვს, ჩემი მტერი ხარ". მათ საზოგადოებაში დათესეს გაუტანლობა, რაც ქართველი ხალხისთვის უცხოა და თავიდანვე ჩანდა, რომ ეს დიდხანს ვერ გასტანდა.
- დღევანდელი საქართველო რომელ ლიტერატურულ ნაწარმოებს გახსენებთ?
- გენიალურ "ყვარყვარე თუთაბერს", რომელიც პოლიკარპე კაკაბაძემ დაგვიტოვა.
- რომელი ნაწარმოების გმირთან იმეგობრებდით?
- ძალიან საინტერესო იქნებოდა ანა კარენინასთან მეგობრობა. მიყვარს ეს გმირი. ცალკე თემაა, თუ რატომ შეიძლება ამ ადამიანს არა მხოლოდ გაუგო, თანაუგრძნო, არამედ რიგ შემთხვევაში მოიშველიო კიდეც მისი არსებობა შენს ცხოვრებაში.
- თუმცა ტრაგიკული პიროვნება იყო...
- სწორედ ამიტომაც, მის ცხოვრებას ბევრი საინტერესო წახნაგი აქვს.
- ქალბატონო თამრიკო, უახლოეს მომავალში კულტურის სფეროში რაიმე თანამდებობაზე ხომ არ გიხილავთ?
- ამის შესახებ რამდენიმე სატელეფონო შემოთავაზება მქონდა, მაგრამ უარი განვაცხადე. ჩემთვის თანამდებობა არ არის მთავარი. მართალია, ოჯახში ძალაუნებურად გავხდი ლიდერი, მაგრამ მირჩევნია, სხვაზე დამოკიდებული ვიყო. მაქვს ჩემი პრინციპები და თვალსაზრისი, მაგრამ მსიამოვნებს, როდესაც ქალი თანამდებობაზე მეტად ოჯახს ანიჭებს უპირატესობას. თუმცა საზოგადოებრივი საქმიანობაც არანაკლებ საპასუხისმგებლოდ მიმაჩნია. მიუხედავად ჩემს სფეროში გარკვეული კომპეტენტურობისა, მიმაჩნია, არ მაქვს რესურსი, რომ კაბინეტიდან ესა თუ ის საქმე წარვმართო. ამას პირველსავე შემოთავაზებაზე მივხვდი, რისი უფლებაც ჩემი ქვეყნის წინაშე არ მაქვს. მე უნდა ვიყო იქ, სადაც ვარ, ანუ ოჯახში, სტუდენტებთან, მოზარდებთან და თუ საზოგადოებას ექნება სურვილი - სცენაზე.
- თუმცა კარგ თანამდებობაზე უარის თქმას ყველა ვერ ახერხებს...
- სამწუხაროდ, სწორედ ისეთმა ადამიანებმა არ თქვეს უარი თანამდებობებზე, რომლებსაც არხელეწიფებოდათ კულტურისა თუ სხვა სფეროს გონივრულად მართვა. ასეთმა ადამიანებმა მიიყვანეს ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობამდე. პირველ რიგში, პროფესიონალიზმს უნდა მიექცეს ყურადღება, კვლავ ისეთივე მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩნდეთ. მთავარი კომპეტენტურობაა. ამას ვეუბნები ჩემს შვილებსაც. დიახ, მუსიკის სფეროში კომპეტენტური ვარ და ამაყად ვამბობ, რომ ნამდვილად არ ვარ ქუჩიდან მოსული ე.წ. მუსიკოსი. გეტყვით, ამას რატომაც ვამბობ: ძნელი დასანახი არ არის, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ორი სიმღერა აქვთ დაწერილი და თავს მუსიკოსს უწოდებენ. საინტერესოა, რევაზ ლაღიძეც მუსიკოსია და ესენიც? ამიტომ დროა, ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. სერიოზული მუსიკალური განათლება მაქვს მიღებული და ამიტომაც ვაძლევ თავს უფლებას, ეს ვთქვა გულისტკივილით. ამ ე.წ. მუსიკოსების დამსახურებაა, რომ მუსიკაში რაღაც დონეზე გათვითცნობიერებული მსმენელი ცოტა გვყავს. აღარაფერს ვამბობ შემსრულებელზე. სამწუხაროდ, საზოგადოებამ არ იცის, რას დაუკრან ტაში და რას არა. ეს არის ჩვენი დეგრადირება.
- მიუხედავად ყველაფრისა, წარმოიდგინეთ, კულტურის მინისტრი გნიშნავთ ქართული შოუბიზნესის მმართველად. რას გააკეთებდით?
- ჩავატარებდი დღეს აგრერიგად პოპულარულ ე.წ. ქასთინგს, რომლის ჟიურიშიც დავსვამდი რამდენიმე პროფესიონალ მუსიკოსს, მენეჯერს, რომლებსაც პროფესიული განათლების გარდა, ზოგადი ინტელექტიც ექნებათ. მათ მივანდობდი, რომელი მომღერალი უნდა წამოსწიონ წინ ნიჭის საფუძველზე. არც დაბალი დონის შემსრულებლებს ავუკრძალავდი სცენაზე დგომას. დროთა განმავლობაში ისინი თავისთავად წაიშლებოდნენ შოუბიზნესიდან. ასევე, შევეცდებოდი შოუბიზნესის ჩვენსავე ფესვებზე აგებას და არა მსოფლიოში უკვე მიღწეული წარმატებების მიბაძვას. "ჩაკრულოსა" და "ხასანბეგურას" ქვეყნის წარმომადგენლებისგან ყოველგვარი უცხოურის მიბაძვა ძალიან სასაცილოა.
- წარმოიდგინეთ, გირეკავთ ქვეყნიდან გაქცეული მინისტრი შაშკინი და რჩევას გეკითხებათ, როგორ მოიქცეს, რას უპასუხებდით?
- (იცინის) შაშკინს წავუმღერებ: "უშენოდ საქართველოში, ისევ გაზაფხულდება, გაიშლება ყვავილი, ვარდი ისევ ივარდებს, ნამით პირდაბანილი, ისევ აქ დაბრუნდებიან წეროების გუნდები, მაგრამ შენ კი თუ წახვედი, ნუღარც დაგვიბრუნდები".
- თქვენი ყოფილი მეუღლე, გია როინიშვილი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების წევრი იყო, როგორ შეხვდა სამთავრებო ცვლილებებს?
- სამწუხაროდ, ყოფილი ხელისუფლება განსხვავებული თვალსაზრისის მქონე ადამიანების მიმართ ზიზღით არის გამსჭვალული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, გიაც იმ ტალღის ქვეშ მოექცა და ჯერაც ვერ ამოტივტივდა. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც გიას უჭირდა. ყველაფრის მიუხედავად, მხარში ამოვუდექი, მაგრამ მან ეს არ ისურვა, როგორც ჩანს, შეეშინდა, ამის გამო თავისი გუნდის თვალში ცუდად არ წარმოჩენილიყო, მე ხომ მათი "მტერი" ვიყავი (იცინის), ან შეიძლება ასეთი მითითება ჰქონდა - თამრიკო ჭოხონელიძე მის ცხოვრებაში აღარ არსებობს! აქედან გამომდინარე, დავასკვენი, რომ გიას რაღაც ძალიან უჭირს. იცით რატომ? როგორც ჩანს, გიას დაავიწყდა, რომ ჩვენ ღვთისგან ბოძებული ყველაზე დიდი საჩუქარი - საერთო შვილები გვყავს.
- რას აჩუქებდით საქართველოს პრეზიდენტს?
- ერთ ბილეთს საქართველოდან გასამგზავრებლად.
ფსიქოლოგის დასკვნა
მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - სამართლიანი, ემოციური, მგრძნობიარე და გულწრფელი ადამიანია. რის გამოც ხშირად ეხვევა უსიამოვნო ვითარებაში. ყველაზე კარგად თავს ოჯახურ გარემოში გრძნობს.