მიუხედავად ათასგვარი დაპირებისა და მცდელობისა, ბიზნესს არ სჯერა, რომ ლარი გამყარდება. შესაბამისად, ისინი არც კი საუბრობენ ფასების შესაძლო შემცირებაზე. აქედან გამომდინარე, ვერც ინფლაციას დაიკლებს, რის პირობასაც ხელისუფლება თავგამოდებით იძლევა.
ერთადერთი მოცემულობა, რამაც შეიძლება ფასები დაბლა წამოიყვანოს, არის ეროვნული ვალუტის გამყარება. სხვა ყველა შესაძლო სცენარი კრახისთვის არის განწირული. მთავრობა და ეროვნული ბანკი კი სწორედ ლარის გამყარებას ვერ ახერხებს და აქამდე მხოლოდ ოპტიმისტური სიტყვებით ბაქიბუქობს.
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ივა ჭყონია უპირველეს ყოვლისა, ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის საკითხს აყენებს, რადგან მის სექტორში ლარის რყევა ყველაზე მთავარი გამოწვევაა.
„ჩემთვის, როგორც დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელისთვის, სადაც მრავლად არიან იმპორტიორი კომპანიები, რომლებიც პირდაპირპროპორციულად არიან მობმული ეროვნული ვალუტის სიმყარეზე, ძალიან მნიშვნელოვანია, გავიგო, საერთოდ როგორ ესმის მთავრობასა და ეროვნულ ბანკს მყარი ლარი რა არის. თუ დასტაბილურებაზეა საუბარი და სტაბილურად შევინარჩუნებთ ამ კურსს, ალბათ, უფრო სწორი იქნება და ნუ მოვატყუებთ ნურც ბიზნესსექტორს და ნურც მოსახლეობას. რადგანაც, სახელმწიფო ბიუჯეტი დათვლილია 2.98-ზე, რა უნდა დაასტაბილურო? მაშინ თქვან, რომ ლარის კურსი ახლა არის სტაბილური და საახალწლოდ ჩამოწევენ. მაშინ ეს მიმართულება უნდა აიღონ“, – განაცხადა ივა ჭყონიამ.
ლარის სწრაფი გაუფასურების პირობებში გრძელვადიანი გეგმის დათვლა შეუძლებელია, არადა დისტრიბუციის სექტორში ვალუტის კურსი მთავარი ფაქტორია, რადგან ფასების ეტაპობრივ ცვლილებას იწვევს და ბიზნესს აბნევს. ამიტომ, სახელმწიფოს მესვეურებმა უპირველესად ლარის რყევის პრობლემა უნდა მოხსნან.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეკონომიკაში არის დისტრიბუცია და აქ ლარის ფაქტორს მთავარი განმსაზღვრელი როლი ენიჭება. ამიტომ, ნომერ პირველი დავალება არა მხოლოდ ეკონომიკის მინისტრისათვის, არამედ სახელწმიფოს ყველა მესვეურისთვის არის ის, რომ ლარი იყოს სტაბილური. თუ ლარის სტაბილურობა შესაძლებელი იყო და ეს თავის დროზე არ გააკეთეს, ეროვნულმა ბანკმა ისე არ იმოქმედა, როგორც ეხლა მოქმედებს, მაშინ ეს არის დანაშაული და პასუხი უნდა მოვთხოვოთ“, – განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ ჭყონიამ.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის განახლებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რამაც საგანგაშო სურათი გამოააშკარავა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში ფასების საერთო დონე 6.4%-ით გაიზარდა. ამ მასშტაბის ინფლაციაც ქვეყანაში 2017 წლის შემდგომ არ ყოფილა.
შაქრის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ალფას“ გენერალური დირექტორი გურამ ბროძელი ამბობს, რომ რაიმე მოლოდინზე საუბარი ახლა შეუძლებელია. იმპორტირებული პროდუქცია გაიაფდება ზუსტად ლარის გამყარების პროპორციულად, თუკი ასეთი მოცემულობა იქნება.
„ლარის კურსი იმდენად მნიშვნელოვანი კომპონენტია პროდუქციის ფასში, რომ აისახება ზუსტად იმდენად, რამდენადაც გამყარდება ან გაუფასურდება. 5 პუნქტით თუ დაიწევს, აჰყვება ლარის კურსს იმპორტირებული პროდუქციაც და შესაბამისად, გაიაფდება. როგორც ტალღას ისეთი ეფექტი აქვს. თუკი ეკონომიკაში გამოსწორდა რამე, რასაკვირველია, აისახება ზუსტად იმ პროცენტით, რა პროცენტითაც გამყარდება ჩვენი ვალუტა.
ძალიან რთულია მოლოდინზე საუბარი, მით უფრო იმ ფონზე, როცა მხოლოდ საქართველო და შიგა ფაქტროები არ არის ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე გავლენის მომხდენი“, - განაცხადა ბროძელმა.