ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა კლუბში და სამწვრთნელ ბაზაზე შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო, ვარჯიში შეწყვიტეს. ამის შესახებ განცხადება „ტორპედომ“ Facebook-ზე გაავრცელა.
სექტემბრის დასაწყისში „ტორპედოს“ აღმასრულებელ დირექტორად თემურ ჩეჩელაშვილი დაინიშნა. 30 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის მერიამ კლუბ "ტორპედოს" დაბრუნების პროცესი დაიწყო. მაშინ ქუთაისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტმა ოფიციალურად მიმართა შპს „საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის“ ადმინისტრაციას.
მიმდინარე სეზონში ქუთაისურ კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც „ტორპედო“ ათამდე ფეხბურთელმა დატოვა. ქუთაისური კლუბის გულშემატკივრებმა ზაალ ჩაჩავას „ტორპედოდან“ წასვლის მოთხოვნით რამდენჯერმე საპროტესტო აქცია გამართეს. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მაშინ გულშემატკივრების პრეტენზიებს სამართლიანი უწოდა.