ჩავარდნილი სეზონის შემდეგ მთავრობა და ტურიზმის ინდუსტრია ვითარების გაანალიზებას შეუდგნენ. სტატისტიკურად თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ რეალობა სულ სხვა სურათს აჩვენებს.
„თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, წლევანდელი ზაფხული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, თუმცა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, წლის ბოლომდე კვლავ მოსალოდნელია ტურისტების რაოდენობის 5%-იანი ზრდა. ბოლო პერიოდის ზრდის მაჩვენებლით, საქართველო უსწრებს ევროპის ისეთ ტურისტულ ქვეყნებს, როგორებიცაა: საბერძნეთი, ხორვატია, მალტა და კვიპროსი. თუ საქართველოს ისევ ამ ტურისტულ ქვეყნებს შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ ორჯერ მეტი ტურისტის მიღების პოტენციალი გვაქვს.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ერთ სულ ვიზიტორზე განთავსების რაოდენობა მზარდია, თუმცა ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში.
„თიბისი კაპიტალის“ მკვლევარი თორნიკე კორძაია ტურისტების მიერ გაწეული დანახარჯების სახეობებზე აკეთებს აქცენტს.
„2018 წლის მდგომარეობით, მთელი აკომოდაციის ბაზრის ხარჯვის 84% უცხოელ ვიზიტორებზე მოდიოდა საქარველოში. საჭმელზე და სასმელზე სრული ხარჯვის 20% საერთაშორისო ვიზიტორებზე იყო, ამავე წელს გასართობ და კულტურულ ღონისძიებებზე ხარჯვის 51% უცხოელებზე მოვიდა, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტის ხრაჯვის 16% კვლავ ვიზიტორებმა შეადგინეს. ამ შთამბეჭდავი ციფრების მიუხედავად, ტურიზმი დღეს საქართველოში არ არის დიდი“ - განაცხადა „თიბისი კაპიტალის“ მკვლევარმა და ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რომელიც მათ აძლევს საშუალებას გააკეთონ დასკვნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოში ტურისტების რაოდენობა მაღალი ტემპით გაიზრდება.
ტურიზმის სფეროში არსებული პრობლემები გათავისებული აქვთ მთავრობაშიც. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ბაზრების დივერსიფიკაციაზე ზრუნავს, რისთვისაც 2020 წლის ბიუჯეტში 115 მილიონი ლარია გათვალისწინებული. გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფო ბიზნესს პირობას აძლევს, რომ ის ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას ხელს შეუწყობს, ამ მიმართულებით არსებული პრობლემები კი ეფექტურად იქნება გადაჭრილი. გახარიამ ისიც განაცხადა, რომ მას ბიზნესის მხრიდან კრიტიკის მოსმენის არ ეშინია.
„2018 წელი დავამთავრეთ 7 მლნ-ზე მეტი ვიზიტორით და ქვეყანაში დაახლოებით, 3.2. მლრდ დოლარი შემოსავლებით. ეს მნიშვნელოვანია, თუმცა გამოწვევა ბევრია. ამაზე უნდა ვისაუბროთ აქ, უნდა ვიცოდეთ, რომ არც ერთი ნაბიჯი სექტორში არ იქნება გადადგმული თქვენთან საუბრის გარეშე, ეს იქნება წესი, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ უახლოესი პერიოდი.
ჩვენ კარგად გვესმის მთავრობის ფუნქცია რა არის, რომ თქვენთან ერთად იზრუნოს ბაზრების დივესიფიკაციაზე, ახალი პროდუქტების და დარგში საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შექმნაზე. ეს არის ძირითადი ამოცანა. ამისთვის მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტში მოახდინა 115 მლნ-ის ალოკაცია.
ეკონომიკური ეფექტების გარდა ყველას კარგად გვესმის, რომ ტურიზმს აქვს არანაკლები ეფექტი, ეს არის ქვეყნის ცნობადობა და ამას განვითარებადი ეკონომიკისთვის აქვს ძალზე დიდი მნიშვნელობა. ჩვენ მზად ვართ, კრიტიკისაც არასდროს შეგვშინებია და დარწმუნებული ვარ, რომ პასუხების გაცემას შევძლებთ“, - განაცხადა გახარიამ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კი ყურადღებას ამახვილებს ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციაზე. ეკატერინე მიქაბაძის აზრით, ეს მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ქვეყანაში მაღალმხარჯველი ვიზიტორების მოსაზიდად.
„აღნიშნული კიდევ უფრო აქტუალური გახდა 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეჩერდა, რამაც შეამცირა რუსეთიდან ტურისტების შემოსვლა. ოფიციალური სტატისტიკით, აღნიშნულის შედეგად ტურისტული შემოსავლები ივლისში 13,3 პროცენტით, ხოლო აგვისტოში - 10,6 პროცენტით შემცირდა.
ტურიზმის განვითარება ხელისუფლების პრიორიტეტია. ის სხვადასხვა ინსტრუმენტებითა და აქტივობებით ხელს უწყობს ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის ზრდას,“ - განაცხადა მიქაბაძემ.
მთავრობისგან დახმარებას ელის კერძო სექტორიც. „აჭარა ჯგუფის“ ხელმძღვანელი ვალერი ჩეხერია ასეთი ტიპის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს.
„ტურიზმი, როგორც ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე აქტიური მამოძრავებელი ძალა საჭიროებს მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყანაში, აუცილებლად საჭიროა ფრენების დამატებაზე ზრუნვა და იმაზე, თუ როგორ შეიძლება, რომ მარკეტინგი სახელმწიფო და კერძო სექტორმა ერთად უფრო სწრაფად გავაძლიეროთ.
ზუსტად უნდა განვსაზღვროთ იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებიც გვინდა ჩამოვიყვანოთ საქართველოში მომდევნო რამდენიმე წელი, ჩავანაცვლოთ ის პროცენტი, რომელიც რუსეთის ბაზრიდან დავკარგეთ. დივერსიფიკაცია უკვე შეიმჩნევა, არის ახალი რეისები, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, რომელიც ძალიან გაიზარდა ბოლო თვეების განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, ერთად მოვახერხებთ იმ დანაკარგის შევსებას, რაც იყო“, - აცხადებს ჩეხერია.