შვედეთის ქალაქ მალმიოში ფეხბურთელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ძეგლი გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Jyllands-Posten-ი ავრცელებს.
ბრინჯაოს ქანდაკება ორი წლის წინ დაამზადეს, დღეს კი ის მალმიოს ძველ და ახალ სტადიონებს შორის დადგეს.
„როდესაც ადამიანი შვედეთში ჩადის და მსოფლიო მნიშვნელობის ღირსშესანიშნობის ნახვა სურს, ის ამ ძეგლთან მიდის, და არა მეფის ძეგლთან, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ“, - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა. მისივე თქმით, მშობლიურ ქალაქში მისი ძეგლის დადგმა ძალიან სასიამოვნო ამბავია.
იბრაჰიმოვიჩის ძეგლის დადგმის სურვილი შვედეთის ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წელს გამოთქვა. თავდაპირველად ის სტოკჰოლმის შემოგარენში, „ფრენდს-არენას“ მახლობლად უნდა დაედგათ, თუმცა შემდეგ ქალაქ მალმიოს აჩუქეს.
550-კილოგრამიანი ძეგლის სიმაღლე 3,5 მეტრია.