„საქართველო არ არის სამყაროს ცენტრი, როგორც ჩვენ გვგონია, მაგრამ გვყავს მეგობრები, რომელთა დახმარებით ვახერხებთ, რომ გადავრჩეთ“

„საქართველო არ არის სამყაროს ცენტრი, როგორც ჩვენ გვგონია, მაგრამ გვყავს მეგობრები, რომელთა დახმარებით ვახერხებთ, რომ გადავრჩეთ“

დავით ზალკალიანი რუს კოლეგასთან შეხვედრის დეტალებზე 15 ოქტომბერს, „მინისტრის საათის“ ფორმატში ისაუბრებს, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ საკომიტეტო ფორმატში მინისტრს კიდევ ერთხელ მოუსმინონ. „ნაციონალურ მოძრაობა“ საგარეო საქმეთა მინისტრისგან ითხოვს პასუხს, რა ფორმატით გაიმართა შეხვედრა სერგეი ლავროვთან და რა იყო ქართული მხარის გზავნილები. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი „ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას იმ სამარცხვინო შეხვედრის გამო, რომელმაც საქართველოს ავტორიტეტი შეულახა“. ოპოზიციის წუხლის არ იზიარებს ექსპერი უსაფრთხოების საკითხებში შორენა ლორთქიფანიძე, რომლის განცხადებით, ნებისმიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ანალიზი უნდა ედოს საფუძვლად.

for.ge შორენა ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

ზალკანიანილავროვის შეხვედრის შემდეგ ვრცელდება ინფორმაცია რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. რა მოლოდინი გაქვთ, რა შეიძლება შეიცვალოს ამ შეხვედრის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში? შეიძლება ითქვას, რომ ყინული დაიძრა?

შორენა ლორთქიფანიძე: არანაირი მოლოდინი არა მაქვს. მგონია, რომ არასწორია მოლოდინების დამყარება ასეთი ტიპის შეხვედრაზე. ნამდვილად, არანაირი ყინულის დაძვრის და დათბობის მოლოდინი არ მაქვს. მე თუ მკითხავთ, არც იმას აქვს მნიშვნელობა, ვინ მოითხოვა ეს შეხვედრა. რა თქმა უნდა, თუ საქართველომ მოითხოვა, რაღაცა გარკვეული გეგმით იხელმძღვანელა. ალბათ, რაღაცა რაციონალური გეგმა ამაში იყო. ჩათვალეს, რომ ეს ვითარება საჭიროა და გამოსაყენებელია.

მაგრამ რას ვარქმევთ ამ პროცესს?

– ეს არის რაღაცა სახის ინფორმაციის გაცვლა. დიალოგს ვერ დავარქმევთ, რადგან დიალოგი ლაპარაკს ნიშნავს, ორ, ან რამდენიმე მხარეს შორის. ამიტომ, შეუძლებელია რამე მოლოდინი იყოს. აჟიოტაჟი, რაც ამ შეხვედრას ახლავს, ეს არის გაუგებარი, უფრო პოლიტიკურია და პოლიტიკური რომ არის, ამიტომაც გასაგები ხდება ყველაფერი. როგორც წესი, ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს ისეთ თემებზე, რომელიც მწვავეა და სენსიტიურია საზოგადოება მათ მიმართ, გამძაფრებული იყოს ინტერესი, რაც ბუნებრივია, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ვიბლანდებით ამ ყველაფერში.

პირველ რიგში, იმიტომ ვიბლანდებით, რომ პოლიტიკური ძალების მხრიდან ძალიან დიდია პოლიტიკური ფსონები. ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს პრეტენზია, რომ ის ყველაზე დიდი პატრიოტია, ყველაზე მეტად ჰგონია, რომ რუსეთი მტერია, მაგრამ როგორც ვხედავთ, ყველა პოლიტიკური ძალა ერიდება იყოს უფრო კონკრეტული, გაგვანდოს უფრო კონკრეტული გეგმები რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების მომავლის შესახებ. ჩვენ კი ვსაუბრობთ ამაზე, მაგრამ მეტი საუბარი და მეტი განხილვაა საჭირო ამ თემის გარშემო.

ჩვენი საზოგადოების რაღაცა ნაწილი ფიქრობს, რომ დღეს სუსტები ვართ საიმისოდ, რომ ვილაპარაკოთ რუსეთთან, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩნდება მთავარი კითხვა - როდის გავძლიერდებით ისე, რომ ვილაპარაკოთ?

– როდესაც სუსტი ერთვები დიალოგში, მეტი შანსია, რომ რაღაცა დაკარგო და წააგო. რთული თემაა, მარტივი არ არის.

ორი ქვეყნის დიპლომატებს შორის შეხვედრა 11 წლის პაუზის შემდეგ შედგა. რაზე იყო საუბარი, დაიგეგმა თუ არა მომავალი შეხვედრა, ამის შესახებ საგარეო უწყება ინფორმაციას არ ავრცელებს, გარდა იმისა, რომ ზალკალიანი პარლამენტში ისაუბრებს შეხვედრის დეტალებზე. არ ვიცით, რაზე იყო საუბარი, მაგრამ ვიცით, რომ რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის ხელშეკრულებას და ამის მაგალითია კონფლიქტის ზონაში არსებული მდგომარეობა...

– გასაგებია, მაგრამ ეს მეორეს მხრივ არის პროცესი, რომლის შედეგი შეიძლება ისევ პროცესი იყოს. პრობლემა ის არის, არ ვიცით რა პროცესში ვართ, რა მოლოდინები გვაქვს და რაზე უნდა ესაუბრათ. რაღაცა გზავნილები ლავროვის განცხადებაშიც იყო, რუსეთის საგარეო უწყების გამოხმაურებაში და მათ შორის ქართული მხარის დაკნინებაც მოხდა, ეს მოსალოდნელიც იყო, ამაში გასაკვირი არაფერია. სხვანაირად რომ მოქცეულიყვნენ შეიძლება გაოცება მოჰყოლოდა.

ერთი შეხვედრით დიდი პრობლემები არ წყდება. მთავარია ჩვენ როგორ ვართ მზად ამ პროცესისთვის. ამიტომ, უმჯობესია საგარეო საქმეთა სამინისტრო მეტ კომუნიკაცაიში იყოს საზოგადოებასთან. უნდა ვიცოდეთ სად ვართ. დღეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება არის: ევროკავშირთან ინტეგრაცია და ევროატლანტიკური მიმართულება, ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პროცესის ქოლგა.

რუსეთთან ურთიერთობაც აქამდე იმ ფორმატში იყო, რომელსაც ჩვენ ჟენევის ფორმატს ვეძახით. ამ პროცესში უნდა ვიყოთ. თუ არ ლაპარაკობ, მაინც რას იგებ?! რუსეთი აგრძელებს თავის დესტრუქციულ და აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ და არა მხოლოდ. მისი რეპრეზენტაცია ასეთია დღეს მსოფლიო პოლიტიკაში, ჩვენ არა ვართ მარტო.

მსოფლიო მნიშვნელობის ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ხდება ჩვენს რეგიონში - გამყოფი ხაზი, წითელი წერტილები, უკრაინა–საქართველო, ნამდვილად აქ გადის მნიშვნელოვანი გამყოფი ხაზი, მაგრამ მთავარია, რომ ამ პროცესში დავრჩეთ, ვილაპარაკოთ ამაზე. ზოგჯერ შეიძლება საზოგადოებრივი მხარდაჭერაც სჭირდება ამ პროცესებს და არა ყოველთვის შეტევა. უბრალოდ გასააზრებელია სად ვართ და მგონია, ეს არავის არ გვაქვს კარგად გააზრებული. პოლიტიკოსები გადასარევად იზიარებენ, რომ მათი პოლიტიკური მოგებისთვის რაც შეიძლება მეტი აჟიოტაჟი არის მნიშვნელოვანი.

ადვილი არ არის კონფლიქტის მოგვარება. მშვიდობის მშნებლობა ძალიან რთული პროცესია. ჩვენ ბევრი მიმართულებით გვაქვს მშვიდობა ასაშენებელი, თუ, რა თქმა უნდა, გვინდა მშვიდობა. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ არა მარტო რუსეთთან ურთიერთობაში, არამედ იმ რეალობების გააზრების პროცესში, რაშიც ვართ. რა გვინდა, რას ვთხოვთ ჩვენს პოლიტიკოსებს, მით უმეტეს, რომ საარჩევნო წელი გვაქვს.

ვიცით, რომ საგარეო და შიდა პოლიტიკა ძალიან გადაჯაჭვულია ერთმანეთს. ფაქტობრივად საზოგადოებრივი დისკურსი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკურ მისიას. ბუნებრივია, რომ საზოგადოებას აქვს ეჭვები და საზოგადოება არის ლუსტრირებული ყველაფრით. მეორე მხრივ, თუ პასუხისმგებლობის მატარებელ პოლიტიკურ ძალებზე ვლაპარაკობთ, მე, როგორც მოქალაქეს, ყველა მათგანთან მაქვს პრეტენზიები - მინდა ვიცოდე, რა არის დღის წერიგი და რას ფიქრობენ. ჩვენ არ გვინახავს კარგად გაკეთებული საქმე, მუდმივად ვართ ლუსტრირებული ყველაფერით. უნდა გავიაზროთ ისიც, რომ ძალიან ბევრი შეზღუდვის პირობებში უწვევს მუშაობა დიპლომატიურ უწყებას. როგორ მუშაობენ და როგორ ართმევენ თავს, ეს ცალკე სალაპარაკოა.

ვლაპარაკობთ, მაგრამ წინ ვერ მივდივართ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. იქნებ იმიტომ, რომ დასავლეთმა ხელი ჩაიქნია საქართველოზე და დაგვტოვა რუსეთის პირისპირ?

– როგორ დაგვტოვა? დასავლეთს თავისი უამრავი პრობლემები აქვს რუსეთთან და ის კიდევ შენ გეხმარება. დასავლეთი რომ არ იყოს, საქართველო დამოუკიდებელი ვერ იქნებოდა დღეს. ასე რომ, ძალიან არასწორია ანალიზი თითქოს დასავლეთმა მიგვატოვა. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ამავე დროს ჩვენი პარტნიორებით ვსულდგმულობთ და ვახერხებთ ვიყოთ ამ პროცესებში. ქვეყანა გვქვია, ჩვენი კონტრიბუციით ვმონაწილეობთ სამშვიდობო მისიებში. ძალიან ბევრ რამეს ვიღებთ ამერიკისგან, დასავლეთისგან, გასაგებია, რომ უფრო მეტიც შეიძლება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან რთულია რუსეთთან გამკლავება. არც ერთი საერთაშორისო კრიზისი მოგვარებული არ არის. მსოფლიოში უამრავი კონფლიქტია, ამიტომ ეს ძალიან კოპლექსური საკითხია. საქართველო არ არის სამყაროს ცენტრი, როგორც ჩვენ გვგონია. ჩვენც ამ საერთაშორისო პრობლემატიკის ნაწილი ვართ. საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი ვართ, გვყავს პარტნიორები, მეგობრები, რომელთა დახმარებით ვახერხებთ, რომ გადავრჩეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, გვასუსტებს ეს დისკურსი, თითქოს მარტო ვართ. სულაც არ ვართ მარტო რუსეთის წინაშე და ეს ბევრჯერ გამოჩნდა.

რამდენად სწორად მიმდინარეობს კონფლიქტის მშვიდობით მშენებლობა, იქნებ დავაგვიანეთ ეს პროცესი?

– მშვიდობის მშენებლობა სხვა საზოგადოებრივი პროცესია. ყველა თავის აგურს დებს. მაგრამ ამავე დროს რაღაცა კონტექსტები გვაქვს, რომელიც შენგან დამოუკიდებლად არსებობს და ნამდვილად არის ფაქტორები, რომელიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ რისკების შემცირების მიმართულებით რა შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს შეიძლება იყოს საზოგადოებრივი დისკურსის ნაწილი. ბევრი წელია ამაზე მიდის მსჯელობა, მაგრამ ძალიან რთული პროცესია, ძალიან ბევრ შეზღუდვაში გვიწევს ყოფნა. ძალიან ბევრი გარე ფაქტორია და ამის ანალიზი არის მნიშვნელოვანი. საერთოდ, ნებისმიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ანალიზი უნდა ედოს საფუძვლად.

რუსეთთან ურთიერთობა არ არის ერთცვლადიანი განტოლება არც დასავლეთისთვის და არც საქართველოსთვის. ეს არის მრავალცვლადიანი და რთული პროცესი. წესრიგის ცვლილება არ არის მარტივი პროცესი. „რკინის ფარდა“ დაიშალა და თითქოს მრავალპოლუსიან წესრიგზე გადავიდა მსოფლიო, მაგრამ ასე არ ყოფილა, რუსეთი, რომელიც დაიბადა როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, მისთვის საქართველო არის ერთ–ერთი ქეისი, ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა ვქნათ, რა შევთავაზოთ დასავლეთს, თუ, რა თქმა უნდა, რამეს შეთავაზება შეგვიძლია.

Katana . "დასავლეთი რომ არ იყოს, საქართველო დამოუკიდებელი ვერ იქნებოდა დღეს. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ამავე დროს ჩვენი პარტნიორებით ვსულდგმულობთ"
ანუ:
ფეხზე მხოლოდ იმიტომ ვდგავართ დამოუკიდებლად (!), რომ პარტნიორებს ვეყრდნობითო!.. :)

"მე კი ვფარავ, მაგრამ ჩემი
სატკივარი არა ჰფარავს..." - მაგაშია საქმე.
5 წლის უკან