ესპანეთის ლიგა ენდესას მესამე ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ მალაგას „უნიკახას“ უმასპინძლა და დრამატული მარცხი განიცადა.
ვიტორიელებმა პირველი ტაიმი დიდებულად ჩაატარეს და დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, მაგრამ მესამე პერიოდში „უნიკახამ“ მეთოდურად დაიწყო ჩამორჩენის შემცირება და ბოლო პერიოდის წინ სხვაობა მხოლოდ 1 ქულა იყო.
საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე კი, თორნიკე შენგელიამ ორი საჯარიმო გამოიყენა და „ბასკონია“ 77:76 დააწინაურა. მიუხედავად ამისა, დარჩენილ დროში „უნიკახამ“ მოასწრო შედეგიანი შეტევა, უფრო სწორად მასპინძლები დაჯარიმდნენ და ანდალუზიელებმა ორივე ჯარიმა გამოიყენეს და შეხვედრის დასრულებამდე 1.2 წამით ადრე 78:77 წინ გავიდნენ. საბოლოოდ მატჩიც ასე დასრულდა.
თონირკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 23:54 წუთში 11 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11-ს გაუტოლდა.
„ბასკონიას“ რიგებში მეტ ჯენინგმა 16 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. მატჩის საუკეთოს მოთამაშე კი, „უნიკახას“ წევრი ჯოშ ადამსი იყო, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო.
„ბასკონიას“ სამი ტურის თავზე 1 მოგების საპირწონედ 2 წაგება აქვს და მეცხრე ადგილზეა. მომდევნო ტურში ბასკები 13 ოქტომბერს, „ბილბაოს“ ესტუმრებიან.