ჟურნალისტური ხელობა მაქვს ათვისებული და პოლიტიკოსი არ გახლავართ

ჟურნალისტური ხელობა მაქვს ათვისებული და პოლიტიკოსი არ გახლავართ

მას შემდეგ, რაც ცნობილი რუსი ტელეჟურნალისტი ლეონიდ პარფიონოვი ვლად ლისტევის პრემიის პირველი ლაურეატი გახდა და დაჯილდოების ცერემონიაზე ხელისუფლებისა და ტელეარხების საქმიანობის შესახებ უმწვავესად კრიტიკული და სენსაციური შეფასებები გააკეთა, მასთან ინტერვიუ ჩვენ ჟურნალისტურ გამართლებად ჩავთვალეთ. ლეონიდ პარფიონოვს სასტუმრო “ამბასადორში” შევხვდთ.

 

გვინდოდა, მასთან გვესაუბრა არა მარტო თბილისში  სტუმრობის მიზეზებზე, არამედ ლისტევის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე მის მიერ წარმოთქმულ კრიტიკულ სიტყვაზე, რუსეთში არსებულ ვითარებაზე და იმაზე, სავარაუდოდ,  როგორ უპასუხებს კრემლი პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივას, მოსკოვსა და თბილისს შორის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, მაგრამ რამდენიმე კითხვის შემდეგ პარფიონოვმა მითხრა - კოლეგავ, მე მხოლოდ ჟურნალისტი ვარ…

 

ლეონიდ, ლისტევის პრემიის მიღებიდან მესამე დღეს თბილისში თქვენი ჩამოსვლა მოულოდნელი იყო. არ დაგიმალავთ, ვიფიქრე, შესაძლოა, გახმაურებული კრიტიკული გამოსვლის შემდეგ თბილისში თავშესაფრის მისაღებად ჩამოხვედით. როცა გავიგე, გადაღებები გქონდათ, მივხდი, რომ ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით პრობლემები არა გაქვთ. ამჯერად თქვენი თბილისში ჩამოსვლის მიზეზი და მიზანი რაში მდგომარეობს?

- ვიღებ ფილმს მიხეილ გორბაჩოვზე "Он пришел, дать вам волю". მომავალ წელს მას 80 წელი უსრულდება. ფილმის პრემიერა გორბაჩოვის დაბადების დღეს, მომავალი წლის 2 მარტს გაიმართება. ფილმი საათნახევიანი იქნება. თბილისში შევარდნაძის ჩასაწერად ჩამოვედი. სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი შევარდნაძე გორბაჩოვის გარდაქმნის პოლიტიკაში საკვანძო ფიგურა იყო. ფილმის გმირთაგან ზოგი უკვე ჩავწერე, ზოგს უახლოეს მომავალში ჩავწერ.

 

გორბაჩოვზე ფილმში 80-იანი წლების მეორე ნახევრისა და და 90-იანი წლების დასაწყისში განვითარებულ მოვლენებზე თავის მოსაზრებებს გამოთქვამენ პოლონეთის მაშინდელი ლიდერი იარუზელსკი, გერმანიის კანცლერი გენშერი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ბეიკერი, გორბაჩოვის თანაშემწე ჩერნიაევი. სამწუხაროა, რომ იმ პერიოდის საკვანძო ფიგურათაგან ბევრი ცოცხალი აღარ არის, მაგალითად, იაკოვლევი, რომელიც შევარდნაძესთან ერთად გორბაჩოვის რეფორმატორთა გუნდის სამეულში შედიოდა. სხვათა შორის, ფილმის სახელწოდებას სტეპან რაზინს დავესესხეთ, რომელმაც თავის დროზე თქვა – я пришел, дать вам волю.

 

ამ ფილმზე მუშაობისას ჩემთვის ძალიან საინტერესოა პერესტროიკის პოლიტიკის ავტორთა შინაგანი განცდები. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც საბჭოთა კარიერა კი ჰქონდათ, მაგრამ რადიკალური გარდაქმნების აუცილებლობა დაინახეს და შეეცადნენ, არ ჩამორჩენოდნენ დროს. მერწმუნეთ, მართლაც ძალიან საინტერესოა უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენებისას მათი არა მარტო განცდები, - გარკვეული დაბნეულობის მიუხედავად, ცვლილებებისათვის მზადყოფნა. ეს პერესტროიკის ყველა აქტიურ არქიტექტორს ეხება. და რა თქმა უნდა, უპირველესად გორბაჩოვს, რომელმაც პრაქტიკულად მწვანე შუქი მისცა იმ პროცესების განვითარებას, რომლის შესახებაც ყველამ კარგად ვიცით.

 

გორბაჩოვის რაზინთან შედარება უდავოდ საინტერესო ისტორიული პარალელია.. ლისტევის პრემიის დაჯილდოების ცერემონიალზე თქვენს მიერ წარმოთქმულ სიტყვას რუსეთში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა... მაინც რა იყო ეს _ პროტესტი, მოწოდება, მანიფესტი თუ უბრალოდ სამოქალაქო პოზიცია?

- ინტერვიუს დაწყებამდე გითხარით, რომ დაჯილდოების ცერემონიალზე ჩემს მიერ ნათქვამ სიტყვაზე კომენტარს არ გავაკეთებდი. ცერემონიალზე ჩემს მოკლე გამოსვლაში მე ყველაფერი ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა.

 

რა რეაქცია ჰქონდათ თქვენს გამოსვლაზე თქვენივე კოლეგებს, პირველი არხის ხელმძღვანელობას? ინტერნეტში წავიკითხე, თქვენმა მეუღლემ გამოთქვა წუხილი იმის გამო, რომ თქვენ შესაძლოა პირველი არხიდან გამოგიშვან. ასეთი პერსპექტივა რამდენად რეალურია?

- მე არც ამ კითხვაზე გავაკეთებ კომენტარს. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას რუსეთის პირველ არხზე, მე ძალიან ბევრს და პროდუქტიულად ვმუშაობ. საშუშაოზე პრობლემები არა მაქვს და ვიცი, რომ მოთხოვნადი ვარ. გადაცემა “ნამედნის” ოთხი ტომი გამოვეცი, მეხუთე ტომზე ვმუშაობ. გარდა ამისა, წარმატებით ვახორციელებ გოგოლზე ფილმის მზადებას. მალე ფრანგ კოლეგებთან ერთად დავიწყებთ ნაპოლეონის რუსეთთან ომის 200 წლსთავთან დაკავშირებით ფილმზე მუშაობას. 2012 წელს საფრანგეთ-რუსეთის ომის 200 წლისთავისათვის ფილმი მზად უნდა იყოს. ასე რომ, ძალიან დაკავებული ვარ და ვცდილობ, ჩემი საქმის ისე კეთებას, როგორადაც ვიცი და წარმომიდგენია.

 

პირდაპირ გეტყვით, ცერემონიალზე თქვენი გამოსვლის შემდეგ რუსეთში ბევრს გაუჩნდა იმის იმედი, რომ თქვენი გამოსვლა, შესაძლოა, სატელევიზიო საქმიანობაში ბევრი რამის შეცვლის დასაწყისი ყოფილიყო ან თქვენ პოლიტიკურ საქმიანობას დაიწყებდით...

- ჟურნალისტიკა სხვა რამაა და პოლიტიკა კიდევ – სულ სხვა. მე ტრაგედიად არ მიმაჩნია, რომ 6 წელი პოლიტიკურ ჟურნალისტიკის სფეროში არ ვმუშაობ. მე წარსულით არ ვცხოვრობ. წარსული საინტერესო აღარაა, საინტერესოა სწორედ მომავალი და მეც მომავალზე ვარ ორიენტირებული. ჟურნალისტებს, ისევე როგორ სხვა პროფესიის ადამიანებს, განსხვავებული ტემპერამენტი გვაქვს. მე ტოლსტოი არა ვარ, რომელმაც თავის დროზე თქვა - Не могу молчать, მაგრამ არც კი მიფიქრია, რომ ჩემი გამოსვლის შემდეგ რუსულ სატელევიზიო სივრცეში სერიოზული ცვლილებები დაიწყებოდა.

 

წინა ჩამოსვლისას საუბარში მითხარით, რომ პუტინის ინიციატივით მასთან ხანმოკლე შეხვედრა და საუბრის საშუალება გქონდათ. თქვენი კრიტიკული გამოსვლის შემდეგ ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ თქვენთან შეხვედრა და ჟურნალისტიკის სფეროში არსებული პრობლემების განხილვა პრეზიდენტმა მედვედევმა ანდა პრემიერ-მინისტრმა პუტინმა მოისურვოს?

- პუტინთან რამდენჯერმე მქონდა ვახშამზე შეხვედრისა და პრობლემებზე საუბრის საშუალება, მაგრამ ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. არც კი ვიცი, რა გითხრათ. ეს მათ უნდა ჰკითხოთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, როცა ცერემონიალზე ჩემს აზრს გამოვთქვამდი, აზრადაც არ მომსვლია, რომ შეიძლებოდა მედვედევს ან პუტინს გასჩენოდა ჩემთან შეხვედრის სურვილი.

 

როგორ შეაფასებდით რუსეთში დღეს არსებულ ვითარებას?

- კოლეგა, მე მხოლოდ ჟურნალისტი ვარ და არა პოლიტიკოსი. თქვენ ისეთ კითხვებს მისვამთ, თითქოს მე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ვიყო. გთხოვთ, ნუ განმიხილავთ როგორც პოლიტიკურ ფიგურას, მე ხომ მხოლოდ ჟურნალისტი ვარ.

 

ლეონიდ, გასაგებია, რომ პოლიტიკურ თემებზე საუბარი არ გსურთ, მაგრამ ჩემი ბრალი ნამდვილად არ რის, რომ მოსკოვში თქვენს მიერ პრაქტიკულად პოლიტიკური და შოკისმომგვრელი განცხადების შემდეგ პოლიტიკურ პროცესებზე თქვენი აზრის გამოთქმას გთხოვთთქვენთან შეხვედრამდე ინტერნეტში წავიკითხე სათათბიროს დეპუტატ გუდკოვის განცხადება იმის თაობაზე, რომ თუ ხელისუფლებამ რეფორმების ზემოდან გატარება არ დაიწყო, რუსეთში ცვლილებები ქვემოდან დაიწყება და ყველაფერს რუსული ბუნტი წალეკავს... მართლა ასეთი ვითარებაა დღევანდელ რუსეთში?

- არ ვიცი, ხომ გითხარით პოლიტიკოსი არა ვარ და ჩემი კონკრეტული საქმით ვარ დაკავებული. წარმოდგენა არა მაქვს, რუსეთში ცვლილებების განხორციელება ზემოდან დაიწყება თუ ქვემოდან. ეს ჩემს ცხოვრებას არ ეხება. მე ჟურნალისტური ხელობა მაქვს ათვისებული და პოლიტიკოსი არ გახლავართ.

 

პირდაპირ გეტყვით, რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე ახალ ამბებს თვალს შეშფოთებული ვადევნებთ...

- მერედა, რატომ ადევნებთ თვალს...

 

იძულებული ვართ, - მოგეხსენებათ, "მართმადიდებლური რუსული ტანკი" თბილისიდან სულ რაღაც 40 კილომეტრში დგას... პრეზიდენტმა სააკაშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან კრემლს თბილისსა და მოსკოვს შორის დიალოგის დაწყებისაკენ მოუწოდა და თავის მხრივ მან ამისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა. როგორც იტყვიან, ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა. თქვენი აზრით, გამოეხმაურება თუ არა კრემლი სააკაშვილის ინიციატივას და თუ კი, როგორ და როდის?

- ვერ გეტყვით, რა რეაქცია ექნება ინიციატივაზე ოფიციალურ მოსკოვს. მეჩვენება, რომ სააკაშვილის პოლიტიკა აშკარად არათანმიმდევრულია. თუ მას რუსეთისადმი ისეთი სურვილები ჰქონდა, რომელთა შესახებ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, მაშინ გაუგებარია, აქამდე მთელ რიგ საკითხებში რატომ ჰქონდა მას მკაცრი და შეურიგებელი პოზიცია. საქმე კიდევ იმაშიცაა, რომ თქმით ყველაფრის თქმა შეიძლება. ნიშნავს კი სააკაშვილის მიერ ნათქვამი, საქართველოს პოლიტიკური კურსის ცვლილებას? პირადად მე ასეთი რამ ძნელად წარმომიდგენია. ასევე ძნელი წარმოსადგენია, რომ კრემლი სააკაშვილისადმი დამოკიდებულებას შეიცვლის.