მსოფლიო ბანკის რეიტინგებით, საქართველო 2010 წელს ბიზნესის რეგისტრაციის კუთხით პირველ ადგილზეა. საკითხავია, რატომ გაუშვეს თანამდებობიდან ეკონომიკის ძველი მინისტრი და რატომ დანიშნეს ახალი, თუ პოლოლიკაშვილი ასეთი პროდუქტიული მინისტრი იყო? საკითხავია ისიც, როდემდე იქნება ხელისუფლება მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვაზე გადართული და როდემდე დაუმძიმებს მდგომარეობას იმათ, ვინც ბაზრობებზე ვაჭრობით ირჩენს თავს.
“საქართველოში ბიზნესის ტერორია”, - აცხადებდა სავაჭრო ცენტრების მოვაჭრეებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერი ალეკო შალამბერიძე. მოვაჭრეები შეძენილი პროდუქციის სავაჭრო ზედნადების საგადასახადოს მხრიდან მოთხოვნას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, ამ ზედნადებებს ერთი-ორი დასახელების პროდუქციის შეძენისას, პროდუქციის გამყიდველები მათ არ მისცემენ, ის ჯარიმა კი, რომელიც ამ ზედნადების არქონის გამო დაეკისრებათ, მათივე გადასახდელი გახდება.
როგორც ამბობენ, კარგი ბიზნესგარემო უფრო უცხოელ ინვესტორებისთვის იქმნება, ვიდრე ქართველი ბიზნესმენებისთვის. მით უმეტეს მძიმეა ეს გარემო იმ მოვაჭრეებისთვის, რომლებიც თავანთი “ბიზნესებით” ლუკმა-პურის საშოვნელ ფულს ძლივს შოულობენ. ოპოზიცია თვლის, რომ მთავრობა მხოლოდ იმ ბიზნესებს აძლევს განვითარების საშუალებას, რომელიც მისი ერთგულია და სხვა პარტიების დაფინანსება თავში აზრადაც არ მოუვა.
ფაქტია, რომ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დაბალი ფენები თვიდსასაქმებაზე, ანუ გარე ვაჭრობაზე არიან გადასულები, უკვე შემოსული ინვესტიციების ხელი, რეალურად, არც კი ეტყობა რიგითების ცხოვრებას, სოციალური პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ცნობილი NDI-ის ცხელ-ცხელი გამოკლევებით, გამოკითხული მოსახლეობის 71% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს და ქვეყნის ნომერ პირველ პრობლემადაც სამუშაო ადგილების არქონას ასახელებს.
ამაზე, ბუნებრივია, ფიქრობს “ნაცების” მთავრობაც, მაგრამ გამოსავალს, პრეზიდენტიდან დაწყებული მინისტრებით დამთავრებული, ყველა მაინც ინვესტიციების მოზიდვაში ხედავს. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში კი, როცა ხელისუფლება თავადვე აცხადებს, მსხვილი ინვესტორებს თანხების ჩადება არცერთ ქვეყანაში არ უნდათ და თანხებს ინახავენო, ძნელი წარმოსადგენია, საქართველოზე თავი ვინმემ გაიგიჟოს.
ქართული მთავრობა მაინც ცდილობს, რომ ინვესტორები მოიზიდოს, მაგრამ ამავდროულად, შიდა ბიზნესი სერიოზული წნეხის ქვეშ ჰყავს. აქ კი, არც ის ფაქტია დასავიწყებელი, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზის, 2008 წლის ომისა თუ ჩვენი ხელისუფლებისადმი უნდობლობის გამო ქვეყანაში, რეალურად, ინვესტიციების შემოსვლა შემცირდა.
ამ პროცესს ეკონომიკის მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილიც შეეწირა და ახალი მინისტრი ვერა ქობალია დაინიშნა, მოტივით - ახალი მინისტრი იმიტომ გვჭირდება, ინვესტიციების შემოსვლას შეუწყოს ხელი და პრივატიზების ჩავარდნილი პროცესი ამოქაჩოსო. პრივატიზაცია და ინვესტიცია ერთმანეთზე მიბმული თემები რომაა, იმედია, ამის ახსნა არავის სჭირდება. თუ ადამიანს ფული არ აქვს და ბიზნესს ვერ აწარმოებს, მას არც სახელმწიფოს გასაყიდი ობიექტების შესყიდვა სჭირდება.
საინტერესოა, რომ მსოფლიო ბანკმა, 14 ივლისს, ახალი რეიტინგები გამოაქვეყნა, სადაც 2010 წელს ბიზნესის რეგისტრაციის კუთხით საქართველო პირველ ადგილზეა. 87 ქვეყნიდან საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის ერთ-ერთ ყველაზე უფრო გახსნილ ქვეყნად გამოცხადდა.
ეს რეიტინგები მედიაში, რატომღაც ივლისის ბოლოს კიდევ ერთხელ გადაიგზავნა ანონსის სახით, რაც მთავრობის სხდომის გასაშუქებლად მისული ჟურნალისტების გაკვირვებას იწვევდა. ეს შეიძლება იმიტომაც მოხდა, რომ “ნაცებს” კიდევ ერთხელ უნდოდათ ამ მოვლენაზე პიარის აგორება.
აქვე ერთი კითხვაც – რას ერჩოდა ეს ხელისუფლება პოლოლიკაშვილს, 2010 წლის პირველ ნახევარში ხომ ის იყო ეკონომიკის მინისტრი და მსოფლიო ბანკის რეიტინგებშიც სწორედ ეს პერიოდი მოხვდა? მის მიღწევებზე კი დღეს ივლისში დანიშნული ეკონომიკის ახალი მინისტრი ვერა ქობალია აკეთებს კომენტარს, რომ ეს რეიტინგები ქვეყანისთვის ძალიან კარგია და ახალი ინვესტიციების შემოდინებისთვის კარგი წინაპირობაა.
სხვათა შორის, მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ახალ მინისტრს ძალიან საინტერესო საკითხი უნდა გაეტანა: “საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი - “საპრივატიზებო პირობების შესაცვლელად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის თანხმობის მიცემის შესახებ”- მომხსენებელი ვ. ქობალია”.
პრესა.გე მთავრობის სხდომის დასრულებას, სწორედ, იმ მიზნით დაელოდა 3 საათის მანძილზე, რომ მდგრადი სამინისტროს მინისტრისგან პასუხი მიეღო შემდეგ კითხვებზე: კონკრეტულად რა საპრივატიზებო პირობები იცვლება? რა არ მოსწონდა ძველ პირობებში ახალ მინისტრს და რის შეცვლას ითხოვს?
სამსაათიანი ლოდინის შემდეგ მთავრობის სხდომიდან ყველაზე ბოლოს გამოსულმა მინისტრმა, ვერა ქობალიამ ამ კითხვებზე ასეთი პასუხი გაგვცა: “ეგ, დიდი ისეთი მნიშვნელოვანი არ იყო. მართალი რომ გითხრათ, ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს, იმიტომ, რომ რაღაც კონკრეტული პირობები იყო, რომელიც ძალიან ახლო მომავალში გახდება ცნობილი.
საქართველოს მთავრობასა და შპს - “რაკია საქართველოს ინდუსტრიული ზონას” შორის “ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნასთან დაკავშირებული ურთიერთვალდებულებათა შესახებ” ხელშეკრულების პროექტზე რა ხდება?
- ეს საკითხი მომდევნო სხდომაზე გადაიდო განსახილველად.
აბა, რაზე ისაუბრეთ მთავრობის სხდომაზე?
- ძირითადად, ყველაზე მთავარი თემა იყო, სადაზღვევო კომპანიებისთვის გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების, რომ 2010 წლის ბოლომდე “100 საავადმყოფოს პროგრამა დასრულდეს”. ეს თემა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ახლა ძალიან კონკრეტულად და დეტალურად ვმუშაობთ ამ საკითხზე პრივატიზაციის ჯგუფთან ერთად. ყოველ კვირა გადავცემთ ახალ-ახალ ობიექტებს სადაზღვევო ჯგუფებს.
რა თანხები შემოდის ამ პრივატიზების პროცესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში?
- ეს არის ინვესტიციებზე მიმართული საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე ყველ რეგიონსა და რაიონში იყოს პოლიკლინიკა. უფრო ამაზე არის აქცენტი, ვიდრე, მაგალითად, რამდენი ინვესტიცია შემოვა, ანუ რა თანხა შევა ბიუჯეტში”.
ესეც შენი პრივატიზებისა და ინვესტიციების შემოდინების პროცესი. ეკონომიკის საკითხებში დამოუკიდებელი ექსპერტი გია ხუხაშვილი, როგორც ჩანს, არც თუ ისე უმართებლოდ აცხადებს ჟურნალისტებთან ინტერვიუებში, რომ ქვეყანაში წლის ბოლომდე უმნიშვნელო რაოდენობის ინვესტიცია შემოვა.
სამაგიეროდ, მთავრობის სხდომის წინ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ურჩია ქართველ ბიზნესმენებს, რომ ისარგებლონ “შავი ზღვის განვითარების ბანკის” და აზიის განვითარების ბანკის” საქართველოსადმი გაზრდილი ინტერესებით და ბიზნესების გასაუმჯობესებლად, ამ ბანკებიდან 8%-იანი სესხი აიღონ. პრემიერის თქმით, ამ ბანკებმა საქართველოსადმი დაინტერესება ბულგარეთში ვიზიტად მყოფ ფინანსთა მინისტრთან, კახა ბაინდურაშვილთან საუბრის დროს გამოხატეს.
პრემიერმა ბაინდურაშვილს ქართველ ბიზნესმენებთან შეხვედრა დაავალა, რათა მათ საკუთარ შესაძლებლობებს გადახედონ და 8%-იანი სესხის პრივილეგიებით ისარგებლონ. გილაურმა, მაგალითად მაღაზია “NEXT”-ი დაასახელა. ამ ბრენდის წარმომადგენლები უკვე სარგებლობენ აღნიშნული სესხით.
მთავრობის სხდომაზე მთავრობის ხელმძღვანელმა მისი აზერბაიჯანში ვიზიტის შედეგებიც შეაფასა. მისი თქმით, ბოლოსდაბოლოს, მოხდა შეთანხმება სატრასპორტო კორიდორის შესახებ, რომელმაც ჩინეთი და აზია, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, ევროპას უნდა დააკავშიროს.
ამ კორიდორში, როგორც გილაურმა აღნიშნა, ბევრი დამოუკიდებელი მოთამაშე თამაშობს. ესენი არიან: კასპიის ზღვის პორტები, აზერბაიჯანის პორტი და რკინიგზა, საქართველოს პორტები და რკინიგზა. შესაბამისად, ძალიან რთული იყო რაიმე კონსესუსის მიღწევა, თუ ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით პრობლემები იქმნებოდა.
გილაურის აზერბაიჯანში ყოფნის დროს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, იქმნება ერთობლივი კომისია, რომელშიც ყველა მოთამაშის წარმომადგენელი შევა. შესაბამისად, ყველა ერთად იმუშავებს პრობლემური საკითხების მოგვარებაზე.
“მნიშვნელოვანია, რომ დამატებითი ტვირთები მოვიზიდოთ ამ დერეფანში, რათა დამატებითი შემოსავლები გვქონდეს ჩვენც და კომპანიებსაც. ირანულ და რუსულ დერეფნებს უნდა გავუწიოთ კონკურენცია და მეტი ტვირთი წამოვიღოთ აქეთ”, - თქვა გილაურმა.