ყველაზე საშიში ბიზნესი არანორმალური ტემპით იზრდება

ყველაზე საშიში ბიზნესი არანორმალური ტემპით იზრდება

2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 173%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 5,060 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა. ვითარება რომ კატასტროფულია, ამას უკვე ადგილობრივ ექსპერთებთან ერთად უცხოელი დამკვირვებლებიც მიუთითებენ.

საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 10 წლის მონაცემებით, ის თითქმის 200-ჯერ გაიზარდა:

- 2008 წელს - 70.7 მლნ ლარი

- 2009 წელს - 74.3 მლნ ლარი

- 2010 წელს - 112.7 მლნ ლარი

- 2011 წელს - 366. 3 მლნ ლარი

- 2012 წელს - 996.0 მლნ ლარი

- 2013 წელს - 1, 213 მლრდ ლარი

- 2014 წელს - 2, 032 მლრდ ლარი

- 2015 წელს - 3,890 მლრდ ლარი

- 2016 წელს - 4, 036 მლრდ ლარი

- 2017 წელს - 5,060 მლრდ ლარი

- 2018 წელს - 13,806 მლრდ ლარი

ქვეყანაში, სადაც აზარტული თამაშებით არაერთმა ადამიანმა დაკარგა ქონება, სათამაშო ბიზნესი უფრო დიდია, ვიდრე მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგორესურსების ბაზარი და ა.შ. სათამაშო ბიზნესზე მეტი ბრუნვა წილობრივად მხოლოდ ვაჭრობის დარგს აქვს (43,2%).

არასამთავრობო ორგანიზაცია „აზარტული თამაშებისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი გუგა ბესელია იმ მთავარ ფაქტორებზე საუბრობს, რის გამოც აზარტული თამაშების ბიზნესი სულ უფრო იზრდება. მისი თქმით, ამის მიზეზი კომპლექსურია.

„მაგალითად, პირველი ფაქტორია სიღარიბე. კერძოდ, საერთაშორისო ლუდომანიის საბჭოს ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური პრობლემები და სიღარიბეა, სათამაშო ბიზნესი უფრო მყარად იკიდებს ფეხს, ვიდრე იქ, სადაც ეკონომიკა მდგრადია. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა, სათამაშო ბიზნესი ყვავის.

მეორე მიზეზი, რომელიც მნიშვნელოვნად მუშაობს ამ მიმართულებით, არის ცნობიერება და განათლება. ინფორმაციული ვაკუუმია ამ მიმართებით. კერძოდ, თუ ნარკომანიის შემთხვევაში ინფორმაცია გვაქვს, არსებობს ჩანაცვლების პროგრამები, ლუდომანებთან დაკავშირებით არც ინფორმაცია გვაქვს და სარეაბილიტაციო ცენტრების ნაკლებობასაც განვიცდით.

მესამე ფაქტორია ის აგრესული მარკეტინგული კამპანია, რასაც სათამაშო ბიზნესი აწარმოებს. ფაქტობრივად, ტრენდირებენ იმას, რომ სათამაშო ბიზნესი უნდა იყოს თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი. ამის შედეგად, დღეს სადაც გაიხედავ, გვხვდება სათამაშო სექტორის რეკლამა, რაც განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაზე მოქმედებს.

მეოთხე მიზეზია თვითონ საკუთარ თავში უკონტროლო სათამაშო ბიზნესი. ვგულისხმობ იმას, რომ ისედაც მიზერული, საკანონმდებლო ბაზა გვაქვს, ძალიან მცირე შეზღუდვები არსებობს ამ მიმართულებით და რეალურად, მისი აღსრულებაც არ ხდება. მაგალითად, კანონმდებლობაში წერია, რომ 18 წლამდე მოზარდის თამაში აკრძალულია თუმცა, ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, 14 და 18 წლამდე ფოკუს ჯგუფზე და აღმოჩნდა, რომ მათი 48% თამაშობს. შესაბამისად, სუსტი საკანონდებლო ბაზა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

რაც შეეხება მეხუთე მიზეზს, მართალია, 21-ე საუკუნეა და ტექნოლოგიური განვითარებაა, თუმცა, დღეს ყველა მეორეს სმარტფონში გახსნილი აქვს ონლაინ სამორინე. კი, ტექნოლოგიურ განვითრებას წინ ვერ აღვუდგებით და ჩრდილოეთ კორეას ვერ დავემსგავსებით, მაგრამ სამორინეების ასეთი ხელმისაწვდომობაც ძალიან დიდი პრობლემაა“,- აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ გუგა ბესელია.

მთავრობის ბრალი ძალიან დიდია სათამაშო ბიზნესის პოპულარიზაციაში. სფეროში არსებულ დანაშაულებებზე თვალის დახუჭვაც ხშირად ხდება. ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ რეგულაციების აბსოლუტური განულება იწვევს იმ სურათს, რაც დღეს ბაზარზეა ცივილიზებული მსოფლიოსგან განსხვავებით.

„არ ვიცი რა მთავრობა უნდა იყო ან რა პარლამენტი უნდა გყავდეს, რომ ასე მშვიდად ხედავდე შენი შვილების თაობა აზარტული თამაშების გავლენის ქვეშ ექცევიან და იღუპებიან. არადა მსოფლიომ აღიარა, რომ ნარკოტიკული დამოკიდებულების მსგავია ლუდომანია.

ამ ტიპის ბიზნესის საქმიანობის მთავარი ასპექტი არის ფულის გათეთრება და დარწმუნებული ვარ, რომ მანდ ფული ნამდვილად თეთრდება. ამას ამბობს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, საქართველოში კი ხმას არავინ იღებს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის ბოლო დასკვნაში თქვა, რომ წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, რომ 5 წელიწადში ამ მასშტაბის ზრდის მიუხედავად, კანონდარღვევის ერთი ფაქტიც კი არ აღმოჩნდა. ბუნებაში არ არსებობს ასეთი ნახტომისებური მატება იყოს და არ იყოს არც ერთი კანონდარღვევის შემთხვევა.

ყველა ხელისუფლების სირცხვილია, რომ ქალაქის ცენტრში გვაქვს კაზინოები ამ ფონზე კი ადამიანები თავს იკლავენ, უბედურდებიან და ოჯახებს და ქონებას კარგავენ ჩვენ კი ამ დროს ვდგავართ და ტაქსებს ვარეგულირებთ“, - აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.

სოციალისტი ამ ბიზნესის დახურვა ნიშნავს საქართველოს დახურვას! ვინც ამ ბიზნესებს ფლობენ ისინი საქართველოს მთავრობაზე და პარლამეტზე უფრო ძლიერები არიან! ვერავინ ვერაფერს დახურავს!!! ამას რა ალია-ბალია უნდა?!
4 წლის უკან
სოციალისტი აი ასეთი მომენტები ახასიათებს ველურ კაპიტალიზმს, რომელსაც დიდი მონდომებით ნერგავდა ბენდუქიძე ბოკერიას იდეოლოგიური აკომპანიმენტით! ეს ყველაფერი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მართლმადიდებულურ რწმენას, მართლმადიდებელი ხალხის ცხოვრების წესს! ამიტომ ეს ლიბრალურ-დემოკრატიული-ლგბტ ხროვა აგრესიულად მოქმედებს ქართული სახელმწიფოს, მართლმადიდებლური რწმენის,ეკლესიის და სხვა ტრადიციული ქართული ფასეულობების წინააღმდეგ!
4 წლის უკან