სატრანსპორტო ცვლილებები ძალაშია – „არავინ გაბედოს დაჯარიმება!“

სატრანსპორტო ცვლილებები ძალაშია – „არავინ გაბედოს დაჯარიმება!“

2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან სატრანსპორტო მიმართულებით 2 მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა ძალაში. პირველი მათგანი დიდი ხნის დაანონსებულ ტაქსების რეფორმას ეხება, ხოლო მეორე – ზონალური პარკირების არეალის გაფართოებას.

დედაქალაქში ტაქსის რეფორმის მე-2 ეტაპი ამოქმედდება. კერძოდ, ტაქსები დაიყო „ა“ და „ბ“ კატეგორიებად. აქედან პირველი კატეგორია უნდა იყოს თეთრი ფერის, სპეციალური მანათობლებით, რომელსაც ექნება წარწერა: „ტაქსი თბილისი“. ეს მანათობლები საჩუქრად გადაეცემათ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს. ამასთან, A კატეგორიის ტაქსი უნდა იყოს ოთხკარიანი, მარცხენასაჭიანი, ასევე მათ შესაძლებლობა ექნებათ უფასო პარკირებით ისარგებლონ.

გარდა ამისა, 1-ლი ოქტომბრიდან იზრდება იმ ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ამიერიდან პარკირების ახალი სისტემა ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზეც ამოქმედდება. ცნობისთვის, პირველი საპილოტე პროექტი კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩაზე განხორციელდა. ადგილობრივ მოსახლეობას ვებ-გვერდის ან საინფორმაციო ჯიხურის საშუალებით შეუძლიათ ავტომობილი დაარეგისტრირონ და უფასო პარკირებით ისარგებლონ. ასევე უფასო პარკირება ვრცელდება შშმ პირებსა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის. რაც შეეხება სხვა პირებს, პირველი 15 წუთი უფასო იქნება, ხოლო შემდეგ ყოველი 1 საათის საფასური 1 ლარი იქნება.

ტაქსების შესაბამისი „ა“ ან „ბ“ კატეგორიის ლიცენზიის მისაღებად ყველა დაინტერესებული პირი გამგეობაში, ან მერიაში უნდა მივიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი, ვინც ტაქსის რეფორმის მიხედვით შესაბამის კატეგორიაში არ ჩაერთვება, დაჯარიმდება.

ჯარიმა შესაბამისი დარღვევების მიხედვით განისაზღვრება. კერძოდ, უნებართვოდ ტაქსის მომსახურება 200 ლარით დაჯარიმებას გულისხმობს, ხოლო პირობების დარღვევა (მაგ: B კატეგორიაზე A კატეგორიის ტაქსის ნიშნით მოძრაობა) 100 ლარით დაჯარიმებას.

მერიის სატრანსპორტო სამსახურში აცხადებენ, რომ მონიტორინგი აუცილებლად ჩატარდება ქუჩებში და მუნიციპალიტეტს ამ საქმეში დაეხმარება საპატრულო პოლიციაც. მძღოლები დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდებიან. „ა“ კატეგორიის ტაქსებს შესაძლებლობა ექნებათ, ქუჩიდანაც აიყვანონ მგზავრები და იმავდროულად აპლიკაციითაც ისარგებლონ, ხოლო "ბ" კატეგორიის ტაქსს არ ექნება უფლება ტაქსის ტრაფარეტი გამოიყენოს და ქუჩიდან აიყვანოს მგზავრი, მათ მხოლოდ შეეძლებათ აპლიკაციის გამოყენება და "ქოლ ცენტრიდან" შეკვეთის მიღება.

მიუხედავად იმისა, მძღოლები დიდი ხნის წინ იყვნენ ინფორმირებულნი ცვლილებების შესახებ, ისინი ჯერ კიდევ მოუმზადებლები არიან რეფორმისთვის. შესაბამისად, არის რისკი იმისა, რომ ბევრი მათგანი დაჯარიმდეს. მათ დამცველად ამჯერად ლეიბორისტები მოევლინენ. მათი წევრი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ არავინ გაბედოს მძღოლების დევნა და დაჯარიმება.

„რეალურად რომ ვთქვათ, ტაქსების რეფორმა ჩავარდა. თვითონ მერია ადასტურებს, რომ რეალურად გადაღებილია არაუმეტეს ტაქსების 10%-სა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათ ვერ უნდა გაბედონ და ჩვენ ვაფრთხილებთ, რომ არ გაბედონ დანარჩენი 90%-ის ტაქსის მძღოლების დევნა და დაჯარიმება, იმიტომ, რომ 25 ათასზე მეტი ტაქსის და მათი მძღოლის დევნა ნიშნავს მათი ოჯახების წევრი 100 ათასი ადამიანის მშივრად დატოვებას და ამას არ შეეგუებიან არც მძღოლები და არც ჩვენ, ლეიბორისტები, როგორც მათი მთავარი მხარდამჭერი ძალა.

თუკი ისინი გაბედავენ ამას, ჩვენ ხელახლა განვაახლებთ საპროტესტო მოძრაობას და ბრძოლას, რომელიც აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“, - აცხადებს ჩხარტიშვილი.