ზალკალიანი რუს კოლეგასთან შეხვედრის დეტალების საიდუმლოს ფარდას 15 ოქტომბერს ახდის

ზალკალიანი რუს კოლეგასთან შეხვედრის დეტალების საიდუმლოს ფარდას 15 ოქტომბერს ახდის

სერგეი ლავროვთან შეხვედრის დეტალებზე დავით ზალკანიანი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ისაუბრებს. „ნაციონალურ მოძრაობა“ დავით ზალკალიანისგან ითხოვს პასუხს, რა ფორმატით გაიმართა შეხვედრა სერგეი ლავროვთან, რა იყო ქართული მხარის გზავნილები და რატომ იყო გასაიდუმლოებული რუს დიპლომატთან შეხვედრის დანიშვნა? ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნული საკითხი ბიუროს სხდომაზეც დააყენეს. მათი განცხადებით, პლენარულ სხდომაზე მინისტრს საშუალება ექნება 60–მდე შეკითხვა დააგროვოს და შემდეგ იმას უპასუხოს, რომელსაც უნდა.

რომან გოცირიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ხრიკს მიმართავენ, საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ გაექცევა ვერც ერთ მძიმე შეკითხვას და შესაძლებელია, ვერც პასუხისმგებლობას იმ სამარცხვინო შეხვედრის გამო, რომელმაც საქართველოს ავტორიტეტი შეულახა.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, უმრავლესობის წევრებს სურთ, რომ მინისტრს შეუქმნან სასათბურე პირობები, შეკითხვები იყოს შეზღუდული და ჩარჩოში ჩასმული, არ დაესწრონ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკით დაინტერესებული სხვა პირები.

„საკომიტეტო მოსმენა იძლევა მეტ თავისუფლებას და საკითხის ამომწურავად გაშუქების შესაძლებლობას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტის ხელმძღვანელობა არღვევს რეგლამენტს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ხრიკსა და ფანდს მიმართავენ, საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ გაექცევა ვერც ერთ მძიმე შეკითხვას და შესაძლებელია, ვერც პასუხისმგებლობას იმ ჩავარდნილი, სამარცხვინო შეხვედრის გამო, რომელმაც საქართველოს ავტორიტეტი შეულახა.

ივანიშვილის დავალებით შემდგარი შეხვედრა იწვევს ძალიან ბევრ ეჭვს – ეს ხომ არ იყო რუსეთისადმი მორიგი დათმობების შეტყობინების პლატფორმა და საქართველოს ამჟამინდელ მმართველ პარტიას ხომ არ სურს მომავალ არჩევნებში რუსეთი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს?“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას უერთდება „ევროპული საქართველოც“. როგორც გიორგი კანდელაკი აცხადებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა არ არის პრობლემა, პრობლემა შეხვედრის კონტექსტია. შესაბამისად, დეპუტატი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, საგარეო საქმეთა მინისტრი კომიტეტის სხდომაზე წარსდგეს, რადგან პლენარულ სხდომაზე უშუალო კითხვა-პასუხის საშუალება არ არის.

„ოკუპანტთან უნდა ვისაუბროთ და დიალოგი უნდა გვქონდეს, მაგრამ პრობლემაა კონტექსტი – ეს შეხვედრა ხელს უწყობს თუ უშლის საერთაშორისო ასპარეზზე ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაციას. თუ ოკუპანტს ვხვდებით და თავს მძევლის მდგომარეობაში ვიყენებთ, როგორც ეს ვოლსკიმ თქვა, თუ ევროკავშირი და ამერიკა სანქციებში დევნილების დაბრუნების და ოთხოზორია–ტატუნაშვილის საკითხს შეიტანენ, მაშინ რუსეთიდან ქართველებს გამოყრიანო, მაშინ ასეთი მძევლის მდგომარეობაში ვიქნებით.

საგარეო უწყება აგრესიულად გვიმტკიცებდა, რომ საქართველოს შეხვედრა არ მოუთხოვია, მაგრამ ვოლსკიმ აღიარა, რომ საქართველოს მოთხოვნა იყო. ეს ფაქტი შეგვახსენებს, „ქართული ოცნება“ რაოდენ არასანდოა. ერთ დღეს ერთს ამბობენ, მეორე დღეს – მეორეს. „ქართული ოცნება“ ამტკიცებდა, გავრილოვი არ მოგვიწვევია, არაფერ შუაში ვართ, პარლამენტში ლამის თვითონ შემოვარდაო, მაგრამ ყველაფერს ნათელი მოეფინა“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დავით ზალკალიანი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა 15-18 ოქტომბერს გაიმართება. თუმცა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო ქაცარავას განცხადებით, ეს არ გამორიცხავს, რომ საკომიტეტო ფორმატში მინისტრს კიდევ ერთხელ მოუსმინონ.

„ყველას ექნება შესაძლებლობა კითხვა დასვას, როგორც მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციას, მათ შორის, იმ მწვავე საკითხთან დაკავშირებით, რაც ყველას აინტერესებს. რაც შეეხება სიტყვა ოკუპაციას ლავროვის მხრიდან, ჩვენ ეს განცხადება არაერთხელ მოგვისმენია, მთავარია მოვისმინოთ ის, თუ რას ამბობს ჩვენი დელეგაცია თუნდაც ამ შეხვედრის შემდეგ. ტერმინი ოკუპაცია – საერთაშორისო საზოგადოებაში დამკვიდრებული ტერმინია, რომელსაც დოკუმენტებსა და ყველანაირ ფორმატში იყენებენ“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.

ზალკანიანი–ლავროვის შეხვედრაზე განცხადება გააკეთა გიორგი გახარიამ. პრემიერ–მინისტრის განცხდებით, ქართული მხარის სათქმელი იქნება ყოველთვის იქ, სადაც შესაძლებელია გარკვეული პროგრესის მიღწევა და დაძაბულობის მოხსნა, რაც ქართულმა მხარემ უნდა გააკეთოს.

„პირველი, ეს შეხვედრა მოხდა სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან. მეორე, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ურთულესი პრობლემები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, მოაგვაროს... ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გვესმოდეს ერთი რამ – როდესაც მე ვამბობ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯს გადავდგამთ აბსოლუტურად პრაგმატულად, ცივი გონებით, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს. ჩვენი სათქმელი იქნება ყოველთვის ჩვენი სათქმელი და იქ, სადაც შესაძლებელია, გარკვეული პროგრესის მიღწევა, დაძაბულობის მოხსნა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ქვეყნის ინტერესების სრული დაცვით, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმის გააზრებით, რომ რაც უნდა მძიმე იყოს, ჩვენს გასაკეთებელს, ჩვენ მაგივრად, ვერავინ გააკეთებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

tngh ამ შეხვედრით უკმაყოფილონი მხოლოდ სამარცხვინო "სირცხვილია" და დემაგოგი "ნაც-ოპოზიციაა"... შედეგი დიალოგს აუცილებლად ექნება.
4 წლის უკან
tngh ამ შეხვედრით უკმაყოფილონი მხოლოდ სამარცხვინო "სირცხვილია" და დემაგოგი "ნაც-ოპოზიციაა"... შედეგი დიალოგს აუცილებლად ექნება.
4 წლის უკან