რა თანხას იღებენ „ლეიბორისტები“ ყოველწლიურად

რა თანხას იღებენ „ლეიბორისტები“ ყოველწლიურად

„ვიკილიკსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი არჩევნების წინ ხელისუფლებას „ლეიბორისტების“ ლიდერი დაუბარებია და არჩევნებში არმონაწილეობის სანაცვლოდ, თანხა შეუთავაზებია, თუმცა შალვა ნათელაშვილს შემოთავაზებაზე უარი უთქვამს.


ამ ინფორმაციას ხსენებული გამოცემა საქართველოში აშშ-ის ელჩის მიმოწერაზე დაყრდნობით ავრცელებს. მეორე მხრივ, ცნობილია, რომ ქართველმა „ლეიბორისტებმა“ არც მწვადი დაწვეს და არც შამფური და 2008 წლის მოწვევის პარლამენტში არც შევიდნენ და კიდეც შევიდნენ. სხდომებს არ ესწრებიან, როგორც თავად განმარტავენ, ბოიკოტის ნიშნად, თუმცა სადეპუტატო ხელფასებსაც იღებენ და, ამდენად, საპარლამენტო პენსიაც განაღდებული აქვთ.


ამჟამად საქართველოს პარლამენტში მოქმედი ოთხი „ლეიბორისტი“ ირიცხება (შალვა ნათელაშვილი, იოსებ შატბერაშვილი, კახა ძაგანია და გიორგი გუგავა), რადგან ორმა დანარჩენმა, „ლეიბორისტების“ პარტიული სიით გასულმა დეპუტატმა (ბ-ნებმა ერგემლიძემ და თედორაძემ) პარტიასა და „ლეიბორისტულ“ პათოსს არჩევნების შედეგების გამოქვეყნებისთანავე უგანა.


გთავაზობთ, „ლეიბორისტი“ დეპუტატების ქონებრივსა და საფინანსო დეკლარაციებს (მათთვის მათი შევსება სავალდებულოა, რადგან, უნდათ თუ არა, უფრო კი, როგორც ჩანს, უნდათ, ხალხის რჩეულები ბრძანდებიან).


შალვა ნათელაშვილი


შალვა ნათელაშვილის პირველი დეკლარაცია 1998 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც პარლამენტის წევრმა და ფრაქცია „ლეიბორისტის“ თავმჯდომარემ. დეკლარაციაში არ მიუთითებია საცხოვრებელი მისამართი, სამაგიეროდ მიუთითა ოჯახის წევრები: მეუღლე ბელა ალანია და შვილები: ბექა და დარეჯანი.


რაც შეეხება უძრავ-მოძრავ ქონებას: შალვა ნათელაშვილის საკუთრებად ჩამოთვლილია: მიწის ნაკვეთი დუშეთის რაიონში, სოფელ ბაზალეთში (ფასი არ არის დაზუსტებული); საცხოვრებელი სახლი სოფელ ბაზალეთში (10 000 ლარი); საცხოვრებელი სახლი დაბა ფასანაურში (5 000 ლარი); ბინა თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე (70 000 ლარი); კომპიუტერი (2 000 ლარი) და სამეული (2 300 ლარი). ბელა ალანიას საკუთრებად კი დასახელებულია საძინებელი გარნიტური (2 500 ლარი) და როიალი (2 500 ლარი).


დეკლარაციის შევსების დროს შალვა ნათელაშვილსა და ბელა ალანიას, ნაღდი ფულის სახით, ერთობლივად ჰქონდათ 10 000-დან 25 000 ლარამდე.


შემოსავალი მხოლოდ შალვა ნათელაშვილს ჰქონია: როგორც პარლამენტის წევრსა და ფრაქციის თავმჯდომარეს, 5 290 ლარი აუღია.


1999 წლის დეკლარაცია თითქმის იმეორებს წინამორბედს: როგორც ქონების, ისე შემოსავლების ოდენობით.


მისი მომდევნო დეკლარაცია 2008 წლის 29 აპრილით თარიღდება და შალვა ნათელაშვილმა ის პარლამენტის წევრობის კანდიდატის რანგში შეავსო.


იმ დროისთვის შალვა ნათელაშვილი მეუღლესთან, ბელა ალანიასთან, შვილებთან – ბექასთან და დარეჯანთან ერთად, ცხოვრობდა თბილისში, მიროტაძის ქუჩაზე.


სამოთახიანი ბინა მიროტაძის ქუჩაზე, 400 000 ლარად ღირებული, შალვა ნათელაშვილის საკუთრებად ირიცხებოდა, ისევე, როგორც საცხოვრებელი სახლი დუშეთში 500 000 ლარად ღირებული (დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ეს არის არა საბაზრო ღირებულება, არამედ ბ-ნი შალვას ვარაუდი);, ავტომანქანა „ტოიოტა ლენდ კრუიზერი“, 70 000 ლარად ღირებული (დეკლარაციაში მითითებულია, რომ ავტომანქანა დატვირთული იყო „პროკრეტიდბანკის“ კრედიტით). „ლეიბორისტების“ ლიდერის საკუთრებას წარმოადგენდა ასევე „ლეიბორისტების“ ოფისიც, რომლის ღირებულებადაც 2010 წლის დეკლარაციაში 500 000 ლარია მითითებული.


რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს: შალვა ნათელაშვილს იმ დროისთვის „თი ბი სი ბანკის“ ვიზა პლასტიკურ ბარათზე 500 აშშ დოლარი ერიცხებოდა, ავსტრიული ბანკის ანგარიშზე კი – 117 000 ევრო (დეკლარაციაში მითითებულია, რომ ანგარიშზე თანხა კეთილისმყოფელებმა ჩარიცხეს ბ-ნი ნათელაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად).


რაც შეეხება შემოსავლებს: შალვა ნათელაშვილმა, როგორც „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, 27 000 ლარი აიღო, როგორც პარლამენტის ყოფილმა წევრმა, კომპენსაციის სახით, 8 400 ლარი, დეკლარაციის შევსების დროს კი, ნაღდი ფულის სახით, 7 000 ლარი ჰქონდა.


2009 წლის პირველ მაისს წარდგენილ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ბ-ნი შალვა ნათელაშვილის სამსახურის ადგილი საქართველოს პარლამენტია, ხოლო დაკავებული თანამდებობა – პარლამენტის წევრი, თუმცა შემდეგ ფურცელზე დაზუსტებულია – „ბოიკოტში მყოფი“. ბუნებრივია, უცვლელია მისი ოჯახის წევრთა ოდენობა, ასევე, საცხოვრებელი მისამართი (დამატებით ვიგებთ, რომ მიროტაძის ქუჩაზე მდებარე სამოთახიანი ბინა 136 კვადრატული მეტრია). უცვლელია ნათელაშვილების უძრავ-მოძრავი ქონების ოდენობა და ავსტრიის ბანკში კვლავაც 117 000 ევრო ერიცხება.


შემოსავლებში მითითებულია, რომ, როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, 51 147 ლარი აიღო (ოღონდ იქვე განმარტავს – „ყაჩაღური საგადასახადო კანონმდებლობით“), ხოლო, როგორც პარლამენტის წევრმა („ბოიკოტში მყოფმა“), 26 200 ლარი და 25 თეთრი.


2010 წელს შევსებული დეკლარაციით, შალვა ნათელაშვილის ქონება შემდეგნაირია: საცხოვრებელი ბინა თბილისში, მიროტაძის ქუჩაზე, აგარაკი ბაზალეთზე, საოფისე ფართი თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, მიწის ნაკვეთი ბაზალეთზე, მიწის ნაკვეთი თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე და მსუბუქი ავტომანქანა „ჯიპი“.


ანაბარი ვენის ბანკში ახლა უკვე ბელა ალანიას სახელზეა, რომელზეც 117 500 ევრო ერიცხება.


2010 წლის დეკლარაციაში შალვა ნათელაშვილს დასაქმების ადგილებად მითითებული აქვს „ლეიბორისტული პარტია“ და საქართველოს პარლამენტი (იქვე განმარტავს: „პარლამენტის წევრი ფორმალურად“) და მიუთითებს ანაზღაურების ოდენობას – 64 395 ლარს.


2011 წლის დეკლარაცია, ფაქტობრივად, იმეორებს 2010 წლის დეკლარაციას, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად შემოსავლად, როგორც პარლამენტის წევრის და პარტიის თავმჯდომარის, 67 110 ლარს ასახელებს.


გიორგი გუგავა


გიორგი გუგავამ თავისი პირველი სადეპუტატო საფინანსო და ქონებრივი დეკლარაცია 2008 წლის 29 აპრილს შეავსო. ის 1974 წელსაა დაბადებული. ჰყავს მეუღლე თეა ჭანტურია და ორი შვილი: ლილე და ლუკა. გუგავები დეკლარაციის შევსების დროს ცხოვრობდნენ თბილისში, დიღმის დასახლებაში.


გიორგი გუგავას საკუთრება იყო მიწის ნაკვეთი ხონის რაიონში, 40 000 ლარად ღირებული და ავტომანქანა „მერსედესი“, 20 000 ლარად შეფასებული. თეა ჭანტურიას კი ეკუთვნოდა საცხოვრებელი სახლი (მისამართი დეკლარაციაში მითითებული არ ყოფილა), რომლის ღირებულებაც 60 000 ლარი იყო (ის წილის მეოთხედის მესაკუთრე გახლდათ).


გადეპუტატებამდე (რასაც „ლეიბორისტები“ „ფორმალურს“ უწოდებენ) გიორგი გუგავა თბილისის საკრებულოს წევრი გახლდათ და მისი წლიური შემოსავალი 15 000 ლარს შეადგენდა, თუმცა დეკლარაციის შევსების დროს, ნაღდი ფულის სახით, 10 000 ლარი ჰქონდა.


2009 წლის პირველ მაისს გიორგი გუგავამ მორიგი დეკლარაცია შეავსო, ამჯერად, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა. უცვლელია მისი ოჯახის წევრთა მდგომარეობა და ქონება. ოღონდ ამჯერად, დეკლარაციის შევსების დროს, ნაღდი ფულის სახით 20 000 ლარი ჰქონდა. სახელფასო შემოსავლად კი 32 397 ლარს მიუთითებდა, თუმცა არ არის დაზუსტებული, ეს თანხა აიღო, როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა თუ, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა (საქართველოს პარლამენტის წევრად 2008 წლის ივნისიდან ირიცხება).


2010 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გუგავას ქონება შემდეგნაირია: მიწის ნაკვეთი ხონის რაიონში (2 500 კვადრატული მეტრი), მშენებარე ბინა თბილისში, საცხოვრებელი სახლი სამტრედიაში (მეუღლის საკუთრება) და ავტომანქანა „მერსედესი“ (1999 წლის). 2009 წელს გიორგი გუგავას საპარლამენტო ხელფასმა 37 245 ლარი შეადგინა.


ბოლო დეკლარაცია მან 2011 წელს შეავსო და ცვლილება ისაა, რომ ბ-ნი გუგავას საპარლამენტო ხელფასმა 40 100 ლარი შეადგინა.


იოსებ შატბერაშვილი


„ლეიბორისტული პარტიის“ მაშინ გენერალურმა მდივანმა დეკლარაციების ბიუროში თავისი პირველი დეკლარაცია 2008 წლის 30 აპრილს წარადგინა, რის მიხედვითაც 1954 წელს დაბადებული იოსებ შატბერაშვილი ცხოვრობდა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, მეუღლესთან, მანანა შატბერაშვილთან და შვილებთან – გიორგისთან (დაბადებული 1986 წელს) და ნინოსთან (დაბადებული 1987 წელს) ერთად.


მათი საცხოვრებელი ბინა ყაზბეგის გამზირზე იოსებ შატბერაშვილის საკუთრება იყო და 300 000 აშშ დოლარი ღირდა, მასვე ეკუთვნოდა მეზობლად მდებარე ბინაც, 150 000 აშშ დოლარად ღირებული. ამას გარდა, იოსებ შატბერაშვილი ფლობდა ორ კომერციულ ფართსაც: ორივეს თბილისში (ვაჟა-ფშაველას გამზირსა და ყაზბეგის ქუჩაზე), შესაბამისად, 120 000 და 200 000 აშშ დოლარად ღირებულს; აგრეთვე, სახლსა და საკარმიდამო ნაკვეთს კასპის რაიონში, 40 000 აშშ დოლარად ღირებულს და 5 000 აშშ დოლარად შეფასებულ ავტომანქანა „ვოლგას“. მანანა შატბერაშვილის საკუთრება იყო 50 000 აშშ დოლარად ღირებული ბინა ბორჯომში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე.


იოსებ შატბერაშვილს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ ანაბარზე 2008 წელს 5 000 აშშ დოლარი ერიცხებოდა, მანანა შატბერაშვილს კი ორი ანაბარი ჰქონდა იმავე ბანკში და, შესაბამისად, 12 000 და 4 000 აშშ დოლარს ინახავდა.


ქ-ნი მანანა ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პროფილაქტიკური ცენტრის ექიმი გახლდათ და მისი შემოსავალი 1 500 ლარს შეადგენდა, გიორგი შატბერაშვილი თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში მუშაობდა წამყვან სპეციალისტად და მისი ანაზღაურება 7 200 ლარი იყო. რაც შეეხება იოსებ შატბერაშვილს: მან, როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა, წლის განმავლობაში ხელფასის სახით 15 000 ლარი აიღო.


დეკლარაციის შევსების დროს, ნაღდი ფულის სახით, იოსებ შატბერაშვილს 20 000, გიორგი შატბერაშვილს კი 5 000 აშშ დოლარი ჰქონდათ.


2010 წელს იოსებ შატბერაშვილმა დეკლარაცია პარლამენტის წევრის რანგში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე და ვაჟიშვილი.


2010 წლის დეკლარაციაში იოსებ შატბერაშვილის სახელზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი შემდეგნაირია: 70 კვადრატული მეტრის ფართის ბინა ყაზბეგის გამზირზე; იმავე მისამართზე მდებარე ბინა, ოღონდ 40 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე და არასაცხოვრებელი ფართი (20 კვადრატულ მეტრი). საცხოვრებელ ფართს ფლობს, ასევე ვაჟა-ფშაველას გამზირზეც (22 კვადრატული მეტრი); ბინას ბორჯომში (35 კვადრატული მეტრი), ბინას ქობულეთში (30 კვადრატული მეტრი); მიწის ნაკვეთს მარტყოფში (1 300 კვადრატული მეტრი), აგარაკს იმავე მარტყოფში (100 კვადრატული მეტრი, რომელიც 14 000 ლარად შეიძინა) და 2008-წლიან „ტოიოტა პრადოს“.


რაც შეეხება შემოსავლებს: იოსებ შატბერაშვილმა 2009 წლის განმავლობაში, როგორც პარლამენტის წევრმა, 37 245 ლარი აიღო; მისმა მეუღლემ, როგორც შიდსისა და იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ექიმმა – 2 558 ლარი, ხოლო გიორგი შატბერაშვილმა, როგორც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა – 13 870 ლარი. შემოსავალი იოსებ შატბერაშვილს სხვა წყაროებიდანაც ჰქონდა. კერძოდ: ბინის იჯარამ მას 14 400 ლარი მოუტანა; არასაცხოვრებელი ფართის იჯარამ – 2 400 ლარი, მეორე არასაცხოვრებელი ფართის იჯარამ – 6 000 ლარი.


2011 წლის დეკლარაციაში კი ვკითხულობთ, რომ იოსებ შატბერაშვილის უძრავი ქონების ანგარიშს დაემატა მიწის სამი ნაკვეთი: თბილისში (ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, 120 კვადრატული მეტრი), ქობულეთსა და ბორჯომში (40 კვადრატული მეტრი). ორი ანაბარიც გახსნა „ტაოპრივატბანკსა“ და „საქართველოს ბანკში“, რომლებზეც 4 000 და 8 000 აშშ დოლარი ერიცხება. ანაბარი აქვს ქ-ნ მანანასაც, რომელზეც 700 ევრო ერიცხება.


იმ წელს გაიზარდა ბ-ნი შატბერაშვილის შემოსავალიც: მან, როგორც პარლამენტის წევრმა, 2010 წლის განმავლობაში, 40 100 ლარი აიღო; მისმა ვაჟმა, რომელიც კვლავ მერიის ზედამხედველობის სამსახურში მუშაობს – 13 483 ლარი; ხოლო ქ-ნმა მანანამ – 2 558 ლარი.


შატბერაშვილების ოჯახს იჯარისგან შემოსავალი 2010 წელსაც მიუღიათ: ორი არასაცხოვრებელი ფართის გაქირავებამ მათ, შესაბამისად, 6 960 და 15 600 ლარი მოუტანა.


კახაბერ ძაგანია


„ლეიბორისტული პარტიის“ იდეოლოგიურმა მდივანმა თავისი პირველი დეკლარაცია 2008 წლის 30 აპრილს შეავსო. კახაბერ ძაგანია 1970 წელსაა დაბადებული, ჰყავს მეუღლე, ნინო და ვაჟი, ბექა. მათი საცხოვრებელი ბინის მისამართად 2008 წლის დეკლარაციაში მითითებული იყო: თბილისი, ნინოშვილის ქუჩა.


ძაგანიების საცხოვრებელი ბინა ოჯახის საერთო საკუთრებას წარმოადგენდა და 200 000 აშშ დოლარი ღირდა. ბ-ნი ძაგანიას დედას ეკუთვნოდა საცხოვრებელი ბინა თამარაშვილის ქუჩაზე, 200 000 აშშ დოლარად ღირებული, თუმცა ბინა წყნეთის ქუჩაზე, 100 000 აშშ დოლარად ღირებული, კახა ძაგანიას მეუღლის საკუთრებაა; უცნობია თელავში მდებარე საკუთარი სახლის, 100 000 აშშ დოლარად შეფასებულის და ტაბახმელაში არსებული საცხოვრებელი სახლის, 150 000 აშშ დოლარად ღირებულის, მფლობელი. კახა ძაგანიას საკუთრება იყო მიწის ნაკვეთი ბაზალეთის ტბაზე (30 000 აშშ დოლარი) და ავტომანქანა „მერსედესი“ (20 000 ლარი).


ოჯახის უფროსს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ ანაბარზე 30 000 აშშ დოლარი ერიცხებოდა, დეკლარაციის შევსების დროს კი, ნაღდი ფულის სახით, 10 000 აშშ დოლარი ჰქონდა.


კახა ძაგანიას, როგორც იდეოლოგიური მდივნის, წლიური შემოსავალი 15 000 ლარი იყო, მისი მეუღლის კი, რომელიც „სახალხო ბანკის“ საერთაშორისო განყოფილებაში მუშაობდა – 7 500 ლარი.


მომდევნო დეკლარაცია კახა ძაგანიამ 2010 წლის მაისში შეავსო. სამსახურის ადგილად მიუთითა საქართველოს პარლამენტი, სამუშაო ადგილად კი – პარლამენტის წევრი.


რაკი დეკლარაციის ახლებურად შევსების წესი უკვე მითითებული ქონების გამეორებას არ ითვალისწინებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ძაგანიების ქონებრივ ბალანსზე ისევ ის ქონებაა, რაც წინა წლის დეკლარაციაშია მითითებული, იმ განსხვავებით, რომ კახა ძაგანიას საკუთრებას დაემატა მიწის ნაკვეთი ბაზალეთზე (ფასი არ არის მითითებული, მხოლოდ ფართობი – 600 კვადრატული მეტრი) და ავტომანქანა „მერსედესი“, 1996 წლის. მის მეუღლეს კი ჰყავდა 1998 წლის „აუდი“.


დეკლარაციის შევსების დროს ნინო ძაგანიას „თი ბი სი ბანკში“ გახსნილ ანაბარზე 25 000 ლარი ერიცხებოდა. მაშინ, როდესაც კახა ძაგანია პარლამენტის წევრი იყო და მისმა წლიურმა ანაზღაურებამ 2009 წლის განმავლობაში 37 465 ლარი შეადგინა, მისმა მეუღლემ, როგორც „სილქნეტის“ თბილისის სერვის-ცენტრების უფროსის მოადგილემ – 3 400 ლარი აიღო.


2011 წელს შევსებულ დეკლარაციაში ის სიახლეა, რომ ნინო ძაგანიას ახლა უკვე ორი ავტომანქანა ჰყავს: 1998 წლის „აუდი“ და 2005 წლის „ტოიოტა“, თუმცა აღარ აქვს ბანკში გახსნილი ანაბარი.


2011 წლის განმავლობაში გაიზარდა ოჯახის ორივე ზრდასრული წევრის შემოსავალი: კახა ძაგანიამ, როგორც პარლამენტის წევრმა 40 210 ლარი აიღო, ხოლო, რაკი ნინო ძაგანია დაწინაურდა „სილქნეტის“ მთავარ სპეციალისტად, მისმა წლიურმა ხელფასმა 10 200 ლარი შეადგინა.