რობერტ სტურუა - „ძალაუფლება და ფული საშინლად რყვნის“

რობერტ სტურუა - „ძალაუფლება და ფული საშინლად რყვნის“

(იბეჭდება შემოკლებით)

რობერტ სტურუა:

„მიტინგზე ხალხი არა მარტო ცუდმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ მიიყვანა, არამედ რაღაც შეურაცხყოფამ, რომელიც ხალხმა მთავრობისგან იგრძნო.

ცინიკური დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ ყველა საქციელში ჟონავს.

ქართველი კაცი არ არის ისეთი, რომ მთლად მონად გადაიქცეს. ყველაფერი უცებ აფეთქდა.

უკვე გამაგიჟა იმან, რომ ტელეფონით რომ ველაპარაკები მეგობრებს ვცდილობ, ისეთი ენით ვილაპარაკო, რაც უკვე დავიწყებული მქონდა. ბრეჟნევის დროს და უფრო ადრე რაღაც ნიშნებით ვსაუბრობდით, ახლა კვლავ აღსდგა ის საშინელი დრო, „მერე ვილაპარაკოთ, როცა შევხვდებით“, ასეთ რაღაცეებს ვეუბნებით ერთმანეთს.

ის ადამიანები, რომლებიც მთავრობაში არიან, რაღაც ბოროტი ხალხია, მათი საქციელები არც ერთ ლოგიკას არ ექვემდებარება.

ძალაუფლება და ფული საშინლად რყვნის. ის, რასაც ისინი ამბობენ, არის ტიპური საბჭოთა სტილი ადამიანებთან ურთიერთობის. თვითონ გვაბრალებენ რაღაცეებს, ახლა თვითონ არიან ტიპური საბჭოთა ფაშისტური მიმართულების ადამიანები.

ერთადერთი, რისაც მეშინია, რომ, შესაძლოა, მათ ძალა გამოიყენონ და არ დაინდონ თავისი მოქალაქეები, ეს კი ჩემთვის მომაკვდინებელია“.