გარეჯში ჯარი, თურმე, სულიერად ნათლდება

გარეჯში ჯარი, თურმე, სულიერად ნათლდება

დავით გარეჯში მოქმედი სამხედრო პოლიგონის პრობლემებს 20 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „უდაბნოს“ მიერ მოწყობილი პრეს-კონფერენცია მიეძღვნა.

ფონდის აღმასრულებელი მდივნის, ლადო მირიანაშვილის განცხადებით, განახლებული საწვრთნელი ვარჯიშები აქ 1995-96 წლებში დაიწყო, რისთვისაც სამხედროებს არავითარი კანონიერი საფუძველი არ ჰქონდათ.

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი ოფიცრები გარეჯის დატოვებას არ აპირებენ და მიაჩნიათ, რომ ჯარისკაცთა მომზადებისთვის გარეჯის კომპლექსი შესანიშნავი ადგილია.

„ეკლესია-მონასტრების გარემოცვაში მიმდინარე საწვრთნელი სანახაობა ჩვენი არმიის სულიერ გაჯანსაღებას გამოიწვევს“, - მიაჩნია გენერალ თავაძეს.

სპეციალისტების აზრით კი, მიზანში ნათლისმცემლის მონასტერია - უნებლიე გასროლას შეიძლება ძეგლი შეეწიროს. თუმცა, როგორც თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, არმიის ძლიერებისთვის რაღაცის დათმობა მოგვიწევს.

ეს „რაღაცა“ კი ამჟამად სამხედროების მიერ „ალგეთის“ საწვრთნელ პოლიგონად მონათლული გარეჯის უნიკალური კომპლექსია.