„ერთ გზას დააგებენ, „ჯიპს“ იყიდიან და ჰგონიათ, რომ მაგარი კომპანია აქვთ, მიდის მერე პირამიდები, რაღაცეებს მაიმუნობენ“ - კალაძე კონტრაქტორებმა აღაშფოთეს

„ერთ გზას დააგებენ, „ჯიპს“ იყიდიან და ჰგონიათ, რომ მაგარი კომპანია აქვთ, მიდის მერე პირამიდები, რაღაცეებს მაიმუნობენ“ - კალაძე კონტრაქტორებმა აღაშფოთეს

დედაქალაქის მერი გაჭიანურებულმა ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა მწყობრიდან გამოიყვანა და მის ხელქვეითებს მკაცრი ზომების მიღება დაავალა. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა კახა კალაძე კონტრაქტორი კომპანიებით უკმაყოფილებას გამოთქვამს, თუმცა თავად ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მერის პოზიციას არ ეთანხმებიან.

მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაგვიანებული და გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო კომპანია „ენსისი“ და კომპანია „ინშაათ საქართველო“ გააკრიტიკა.

„არ მოვერიდები და პირდაპირ ვიტყვი - ეს იქნება ბოლო გაფრთხილება კონკრეტულად იმ კომპანიის მიმართ, ვინც ადგილზე მუშაობს. მინდა, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ თუ სამუშაოები არ წარიმართება ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს, მაშინვე შეწყვიტეთ ხელშეკრულება და დაიწყეთ ალტერნატიული კომპანიის მოძიება.

ჩვენ როცა მივდივართ სამუშაოების დასათვალიერებლად, გვაჩვენებენ, რომ ყველა მუშაობს, მიდის ფუსფუსი, გამოვდივართ და სამი დღის შემდეგ, ხუთი-ექვსი კაცი მუშაობს. ეს კატეგორიულად მიუღებელია პირადად ჩემთვის და შეურაცხყოფაა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. შესაბამისად, კომპანიამ კეთილი ინებოს და დაამატოს ჯგუფები, იმისთვის, რომ სამუშაოები დროულად დასრულდეს. მომდევნო დღეების განმავლობაში მივიდეთ ადგილზე და სიტუაციას კიდევ ერთხელ გავეცნოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ და მოუწოდა შესაბამის პირებს ორივე კომპანია მერიაში დაიბარონ.

თბილისის მერი კონკრეტულად ორი პროექტს გლდანში, ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებს და კიკვიძის ბაღში მიმდინარე სამუშაოებს შეეხო.

„მშენებლობის კულტურა არ გვაქვს ქვეყანაში. განსხვავებული მიდგომები აქვთ. აქვთ სამშენებლო კომპანია, რაღაც ერთ გზას დააგებენ, „ჯიპს“ იყიდიან და ამით ჰგონიათ, რომ უკვე მაგარი კომპანია აქვთ, აწყობილი აქვთ ყველაფერი... მიდის მერე პირამიდები, რაღაცეებს მაიმუნობენ... სამუშაოს ვერ შეასრულებს, მერე ვინ არის დამნაშავე? საზოგადოებას არ აინტერესებს კონტრაქტორია დამნაშავე თუ სხვა. პასუხისმგებელი ხარ შენ - დედაქალაქის მერია და შესაბამისად, ჩვენს მიმართ აქვთ პრეტენზიები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის მიერ გაკრიტიკებული ერთ-ერთი კომპანია „ენსისია“. მისი ხელმძღვანელი და დამფუძნებელი გეგი ქელბაქიანი ამბობს, რომ ადგილი აქვს გაუგებრობას იმიტომ, რომ შესაძლოა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს არ ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია, ეს კი ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული.

„რეალურად საკითხი იყო ასე - 2019 წლის მაისში შევიდა „ჯორჯიან უოთრე ენდ ფაუერი“ წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელების შესაცვლელად, რომლის სამუშაოების უდიდესი წილი სექტემბრისთვის დასრულდა, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე ისინი დღესაც კი მუშაობენ, რაც ავტომატურად აფერხებს ჩვენს სამუშაოებს. მეორე მხრივ, რაც შეეხება პროექტირებას, ჩვენ ტენდერი მოვიგეთ ერთი კონკრეტული პროექტით, რომელიც გასულ წელს იყო დამუშავებული, მაგრამ ამასობაში როგორც მოგეხსენებათ, მერიამ დაიქირავა ფრანგული კომპანია „სისტრა“, რომელსაც დაავალა ახალი მარშრუტების და გზების გადაპროექტება იმისათვის, რომ ქალაქი გახდეს უფრო მეტად ფეხითა და ველოსიპედით მოსიარულეებზე მორგებული. შესაბამისად, ჩვენ სამუშაოების დიდ ნაწილს პრაქტიკულად ვერ ვახორციელებდით, ველოდებოდით ამ პროექტს, რომელიც მერიას სექტემბრის პირველ რიცხვებში ჩაბარდა“, - აღნიშნა „კომერსანტთან“ საუბრისას ქელბაქიანმა.

რაც შეეხება იმას, თუ როდის დასრულდება გლდანში, ხიზანიშვილი-ვეკუას მონაკვეთის რეაბილიტაცია, ქელბაქიანი აცხადებს, რომ ხელშეკრულების მიხედვით, ჩაბარების დროდ განსაზღვრულია 2020 წლის იანვარი, თუმცა იმის გამო, რომ სამუშოები გაჩერდა, ვადამ გადაიწია.

„ჩვენ ზაფხულში რაც უნდა გვეკეთებინა, პრაქტიკულად, ნახევარიც ვერ გავაკეთეთ“, - აცხადებს ქელბაქიანი.

tngh ზედმეტი პომპეზურობის გარეშე გაიხსნა კანდელაკის ქუჩა!!! შესანიშნავია!!! ზოგიერთების გულის გასახეთქად...
4 წლის უკან
tngh ზედმეტი პომპეზურობის გარეშე გაიხსნა კანდელაკის ქუჩა!!! შესანიშნავია!!! ზოგიერთების გულის გასახეთქად...
4 წლის უკან