თამბაქოსა და სხვა პროდუქციაზე, აქციზის განაკვეთის გაზრდის შემდეგ, ორი წლის განმავლობაში შემოსავლები მუდმივად მცირდება. შედეგი იმდენად სავალალოა, რომ მთავრობას დანაკლისის შევსება შიდა ვალის აღებით ან სხვა ხარჯების გადათამაშებით უწევს. წელს ამ მხრივ ბიუჯეტში 175-მილიონიანი გარღვევაა.
2017 წელს აქციზიდან შემოსული გადასახადები საშემოსავლო ნაწილს 16,1%-ს შეადგენდა, იგივე მაჩვენებელი 2018 წელს 15,1%-ით განისაზღვრა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის წარმომადგენელი მის რეკომენდაციას და ამჟამინდელ რეალობას ახლა ასე განმარტავს:
„პრიორიტეტები გამოკვეთილია, მაგრამ ფული ამ ყველაფერს არ ყოფნის. შესაბამისად, საჭიროა, დამატებითი რესურსების მოძიება. ამდენად, მთავრობასთან დისკუსიისას და იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ თავისუფლების აქტი ზღუდავს გადასახადების გაზრდას, სადაც გამონაკლისი აქციზის გადასახადია, ჩვენ ეს რეკომენდაცია გავეცით, როგორც ერთ-ერთი გამოსავალი“, - განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინმა.
კითხვაზე - რამდენად გაითვალისწინა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გვერდითი ეფექტები, მათ შორის, ინფლაციის, კონტრაბანდული ან დაჭრილი თამბაქოს მოცულობის ზრდა - ვერა-მარტინის პასუხია, რომ მთავრობამ ახლა სწორედ ამ გვერდით ეფექტებს უნდა მიხედოს.
საქართველოს მთავრობამ კი მხოლოდ ის მოიფიქრა, რომ 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვს და გეგმის შეუსრულებლობის გამო, აქციზის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელს 175 მილიონი ლარით ამცირებს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიზეზებსაც ასახელებს. გიორგი კაკაურიძის თქმით, გეგმა ვერ შესრულდა იმიტომ, რომ თამბაქოს მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 30% ე.წ. თუთუნის მოხმარებაზე გადავიდა.
„კონტრაბანდა არც ჩვენთან და არც სხვა ქვეყანაში გამორიცხული არაა, როდესაც აქციზის გადასახადი ქვეყანაში არსებობს და მეზობელ ქვეყნებში უფრო დაბალი განაკვეთია, რა თქმა უნდა, კონტრაბანდის რისკი ყოველთვის იარსებებს. თუმცა როგორ შემოსავლების სამსახური, ასევე საგამოძიებო სამსახური აქტიურად მუშაობს და თუ ნახავთ გამოვლენები გაცილებით მეტია ბოლო ორი წლის განმავლობაში. რაც შეეხება თავად სტრუქტურას, კონტრაბანდის ეფექტი არის გაცილებით უფრო დაბალი, ვიდრე ე.წ. „თუთუნის“ კომპონენტი, რაზედაც მოხმარების, დაახლოებით, 30% არის გადასული. კონტრაბანდის მოცულობა შეიძლება იყოს 3-4%“, - განაცხადა კაკაურიძემ „საქმის კურსთან“.
ბიუჯეტის პროექტის თანდართულ განმარტებით ბარათშიც სწორედ ეს მიზეზია დასახელებული: „გადასახადის ამ სახეში (აქციზში) დანაკლისი გამოიწვია 2019 წლის მანძილზე თამბაქოს მოხმარების სტრუქტურის მნიშვნელოვანმა ცვლილებამ და შესაბამისად, თუთუნის მოხმარების (რომლის დაბეგვრა პრაქტიკაში მინიმალური განაკვეთით ხდება) მნიშვნელოვანმა ზრდამ“.
ეკონომისტები ამბობენ, რომ სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესრულება ქვეყანას და მის მოსახლეობას ყოფა-ცხოვრებას უფრო ურთულებს, თუმცა მერაბ ჯანიაშვილის აზრით, მთავრობა სხვაგვარად ვერ მოქმედებს.
„აქციზის გადასახადი, როგორც წესი, არის იმ პროდუქტებზე დაწესებული, რომლებიც ფასის მიმართ არ არის დიდად ელასტიური და შესაბამისად, გადასახადის ზრდა არ იწვევს ხოლმე ამ პროდუქტის მოხმარების შემცირებას. მართლაც ასე მოხდა თამბაქოზე, თუმცა შეიცვალა მოხმარების მოდელი და მოსახლეობის დიდი ნაწილი გადავიდა თუთუნის მოხმარებაზე, რომელიც სხვაგვარად იბეგრება.
სავალუტო ფონდთან ჩვენ ნამდვილად არ გავქვს ახლა მომგებიანი პოზიცია. იმდენი სესხი გვაქვს მათგან აღებული, რომ ყველა რეფორმის შეთანხმება გვიწევს. ეს ეხება როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას. ძალიან ცუდია, რომ მათი ყველა რეკომენდაცია 100%-ით ჩვენი რეალობის გათვალისწინების გარეშე სრულდება და ჩვენს ცხოვრებას კიდევ უფრო ართულებს და აძვირებს. ამას აკეთებს ეროვნული ბანკიც და ცენტრალური ხელისუფლებაც“, - აღნიშნა ჯანიაშვილმა.