პოლიტიკა როგორც რინგი

პოლიტიკა როგორც რინგი

წარმოიდგინეთ მოკრივე რინგზე, რომელსაც ორთაბრძოლის დროს ტრუსები უვარდება ხოლმე. დამეთანხმებით, რომ ბევრს ვერაფერს იზამს. ჩვენს პოლიტიკაშიც ასე ხდება, პოლიტიკური მოკრივეები გადიან პოლიტიკურ რინგზე, ტრუსებჩავარდნილები მარცხდებიან და მერე იწყებენ თავის მართლებას. ასე მოუვიდა „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტების მიერ მართულ „ანტი-საოკუპაციო“ მიტინგს რუსთაველზე, რომელიც სამოქალაქო პროტესტიდან სწრაფადვე გადაიზარდა პოლიტიკურ აქციაში. ვიდრე ტრუსები ბოლომდე არ ჩაძვრათ, იმიტინგეს, იყვირეს, მოაწყვეს სხვადასხვა პერფორმანსები, სასტვენებიდან დაწყებული ცხვრებით დამთავრებული, და ბოლოს ჩამძვრალი ტრუსებით დაიშალნენ. აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ „ისტორიულ გამარჯვებას“ მიაღწიეს და ხელისუფლება 2020 წლისთვის პროპორციულ არჩევნებზე დაითანხმეს, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან (შეიძლება ხვდებიან კიდეც), რომ მათი პროტესტი ბიძინა ივანიშვილმა შესანიშნავად გამოიყენა იმისათვის, რომ ერთი გასროლით რამდენიმე კურდღელი მოეკლა.

რუსთაველზე საპროტესტო აქციის გამოყენებით, ივანიშვილმა შეძლო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარების და პარტიაში მათი მხარდამჭერების მოთვინიერება და უარი ათქმევინა პოზიციაზე, რის გამოც სრულიად პროპორციული არჩევნები მხოლოდ 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო, პროტესტის ფონზე ასევე უმტკივნეულოდ მოახდინა პარტიის ხელმძღვანელ რგოლში ის საკადრო ცვლილებები, რომელმაც საშუალება მისცა პარტიაში უთანხმოება გაენეიტრალებინა, სამიტინგო მუხტიც ჩაეცხრო და დასავლეთთანაც პირნათელი გამოჩენილიყო.

პროპორციული არჩევნების „ნულოვანი ბარიერით“ ჩატარების ინიციატივა, რაც საარჩევნო ბლოკების გაუქმებას გულისხმობს, პრაქტიკულად სპობს „ნაციონალების“ თუ სხვა წამყვანი პოლიტიკური ძალის ირგვლივ გაერთიანებების შესაძლებლობას და ელექტორატს აკარგვინებს. ამავე დროს, „ნულოვანი ბარიერი“ გზას უხსნის უკვე არსებულ და პერსპექტიულ მცირე პარტიებს (არ არის გამორიცხული „ოცნების“ ეგიდით შექმნილებსაც), რომ მცირე წარმომადგენლობით, მაგრამ შევიდნენ პარლამენტში და იქ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში მთავრობა ჩამოაყალიბონ. არაერთი მცირე პარტია იმედით ელოდება ამას. საგულისხმოა, რომ NDI-ს ბოლო გამოკითხვით, რომელიც 20 ივნისის შემდეგ ჩატარდა, რუსთაველზე აქციების ფონზე, „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი წინა გამოკითხვასთან შედარებით 17% დან 9% მდე დავარდა, ხოლო „ევრონაცების“ კი კატასტროფულ 4%-მდე. პასუხი კითხვაზე - ვინ გამოვიდა რინგზე ამ ორთაბრძოლიდან გამარჯვებული, მკითხველისათვის მიგვინდია.

თუმცა, ეს შემთხვევა „ნაციონალებისა“ და „ევრონაცებისათვის“ გაკვეთილი ვერ გამოდგა და მორიგ პოლიტიკურ რინგზე, ისევ უვარგისი და მოშვებული ტრუსებით გავიდნენ.

„ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში „ქართულ ოცნებისგან“ კატეგორიულად მოითხოვა მხარი დაეჭირა დადგენილების პროექტისთვის, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობას უნდა მიეღწია, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია შესულიყო იმ მოთხოვნებში, რომლის გამოც ევროკავშირმა და აშშ-მ სანქციები დაუწესა რუსეთს. მიუხედავად იმისა, რომ დადგენილების არარეალისტურობა ცხადი იყო პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანისათვისაც, „ევრონაცებმა“ მძლავრი კამპანია ააგორეს, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსულ ძალად წარმოეჩინად. „ევრონაცები“ ერთდროულად რამდენიმე კურდღლის მოკვლას აპირებდნენ. თუ დადგენილების პროექტი არ გავიდოდა, არაფერს კარგავდნენ და გააგრძელებდნენ პროპაგანდისტულ კამპანიას. თუ მაინც მიიღებდნენ, რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ გარდუვალ დამსჯელ ზომებს ხელისუფლების უნიათობაში დადანაშაულებისათვის და დესტაბილიზაციისათვის გამოიყენებდნენ.

ისტერიული კამპანია შეწყდა მას შემდეგ, რაც „ევრონაცებს“ ცივი წყალი გადაასხა საქართველოში შვეიცარიის ელჩის პატრიკ ფრანცენის განცხადებამ, რომ ნებისმიერ სანქციას მოჰყვება თავისი შედეგები და, რომ გასათვალისწინებელია, თუ რა მოჰყვება ამ სანქციებს საქართველოსთვის.

იმის გასაცნობად, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს საქართველოს რუსეთის საპასუხო ზომებმა, საკმარისია გავეცნოთ თუნდაც იმ პროდუქციის ჩამონათვალს, რაც საქართველოს რუსეთიდან შემოაქვს. სია საკმაოდ შთაბეჭდავია და ალბათ, ბევრისთვის მოულოდნელიც კი. წარმოიდგინეთ, რომ რუსეთის კონტრსანქციების შედეგად ამ პროდუქციის ექსპორტი საქართველოში შეწყდა ან თუნდაც განახევრდა.

http://russian-trade.com/reports-and-reviews/2019-02/torgovlya-mezhdu-rossiey-i-gruziey-v-2018-g/

თუ ამას დავუმატებთ, საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულ პროდუქტებზე მოსალოდნელ ემბარგოს, ტურიზმის ნაკადის მკვეთრ შემცირებას, ახალ სამხედრო პროვოკაციებს სადერმაკაციო ხაზებზე, გართულებების ინიცირებას ჩვენს ეთნიკურ რეგიონებში და სხვა საფრთხეებს, შეგვიძლია მიახლოებით დავთვალოთ მოსალოდნელი ზარალის მთელი სიმძიმე.

საქმე ის არის, რომ ევროკავშირსა და ნატოში სანქციებთან მიმართებაში მოქმედებს მიზანშეწონილობის პრიორიტეტი, რაც გულისხმობს იმას, რომ სანქციებმა თავად ევროკავშირს და აშშ-ს მინიმალური პრობლემები უნდა მოუტანონ და, რა თქმა უნდა, დაუტოვონ მანევრის სივრცე რუსეთთან დიალოგისათვის. უკრაინის მოვლენების გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს უკვე 5 წელი უსრულდება და უკრაინის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ უკვე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული დასავლური „სანქციები იდეოლოგიურად იფიტება“, და ეს არ არის აღმოჩენა. 2019 წლის მარტში, ბრიტანული კომპანია YouGov (https://today.yougov.com/) მიერ საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს დაკვეთით ევროკავშირის 14 ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ თითქმის ნახევარ მათგანში, მოსახლეობის ერთი მესამედი თვლის, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ზედმეტად მკაცრია და

ევროკავშირში სულ უფრო ხმამაღლა ისმის მოწოდებები სანქციების შერბილებაზე და მხოლოდ სახის შენარჩუნების გამო, აშშ-ს ზეწოლით და უკრაინის დაკარგვის შიშით, აგრძელებს ევროკავშირი ყოველი ექვსი თვით სანქციებს. ექსპერტთა დიდი ნაწილი თვლის, რომ სანქციები ჯერჯერობით ვერ იძლევა სასურველ შედეგს, მათ შორის ევროპელთა შორის განსხვავებული ხედვების გამო. საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა იმაზე, რომ ევროპული კომპანიები ელოდებიან რუსეთზე დაწესებული სანქციების მოხსნას, და რაც ყველაზე საინტერესოა, რამდენიმე მსხვილი კომპანია, შეუფერხებლად აგრძელებს ან იწყებს რუსეთში ბიზნესს სანქციების გვერდის ავლით. მაგალითად, გერმანიამ, რომელიც სანქციების ერთ ერთი მთავარი ინიციატორია, მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ დაწყებული „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ პროექტს, გერმანიის უმსხვილესი გიგანტი „დაიმლერ-ბენცი“ ავტოქარხანას აშენებს მოსკოვთან ახლოს E-კლასის მერსედესების გამოსაშვებად.

ფრანგულმა „ტოტალმა“ მოსკოვთან ახლოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახსნა და რუსეთის Arctic LNG 2 პროექტის აქციების 10% შეიძინა. რუსეთთან ბრიტანეთის მკვეთრი დაპირისპირების მიუხედავად, „ბრიტიშ პეტროლეუმმა“ „როსნეფტის“ აქციების 19,75% შეიძინა, მიუხედავად მასზე დადებული სანქციებისა. იტალიის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მატეო სალვინიმ იტალიურ კომპანიებს მოუწოდა ეძებონ რუსეთზე ევროკავშირის სანქციების შემოვლის გზები. ევროპის მიერ რუსული გაზის შესყიდვის მოცულობებმა კი ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

სამწუხაროდ, არც ამ ეტაპზე და არც თვალსაწიერ მომავალში, თუკი რუსეთსა და დასავლეთს შორის სიტუაცია მნიშვნელოვნად არ გართულდა, სანქციების პაკეტში საქართველოს ოკუპაციის თემის ჩადება, არარეალისტურად გამოიყურება.

„ევროპულ საქართველოს“, რომლის დადგენილების პროექტი ჩავარდა და ისტერიულმა კამპანიამ შედეგი ვერ გამოიღო, მორიგ ჯერზე მოუწია ჩავარდნილი ტრუსებით რინგიდან დამარცხებული გასვლა.

ისე კი, საინტერესოა, რა უშლიდათ ხელს ხელისუფლებაში ყოფნისას დაეწყოთ მუშაობა ევროპასთან და აშშ-სთან, რომ საქართველოს ოკუპაციისათვის რუსეთს სანქციები დაწესებოდა?! მით უმეტეს, რომ იქ გავლენიანი მეგობრებიც საკმაოდ ჰყავდათ. თუმცა, მათ შესაძლოა, სხვებზე უკეთ იციან, რომ პოლიტიკაში მუდმივი მეგობრები არ არსებობენ...

Katana . კარგი შედარებაა: ტრუსჩამძვრალი მოკრივე :)
მაგრამ ესენი ' ს ი რ ც ხ ვ ი ლ გ ა მ ძ ლ ე' ჯიში გამოიყვანა მიშა მიჩურინმა, ადვილად არაფერზე ჩავარდებიან უხერხულობაში. ამათ ქალებს ქმარმა რომ საყვარელთან მიუსწროს საკუთარ ლოგინში, იქით დაადებენ ვალს - რა წესია უნებართვოდ შემოსვლაო!
1 თვის უკან
Katana P.S. სამწუხაროდ, ბმული ("ლინკი") არ იხსნება!
1 თვის უკან