პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ცვლილება შედის, რომელმაც შეიძლება დასაქმებულებს დიდი პრობლემა შეუქმნას. საუბარია ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა აიკრძალება. თუ რა მოჰყვება ამ ცვლილების განხორციელებას ძნელი წარმოსადგენი არ არის – სამუშაო ადგილების შემცირება და საჭირო მუშახელის არალეგალური დასაქმება.
შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, „ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მეთექვსმეტე მუხლის მე-5-ე პუნქტის მიხედვით, მოქალაქეებს ეკრძალებათ ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად აჭარბებს შრომის კოდექსის მეხუთე თავში არსებულ განაწესს.
„აკრძალულია ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმება, თუ დასაქმებულის მიერ მეორე და/ან შემდეგი სრული და/ან არასრული სამუშაო განაკვეთის შესრულებით (შეთავსებით) ჯამურად ირღვევა მე-5 თავით დადგენილი სამუშაო დროის სტანდარტი“, - ნათქვამია კოდექსის პროექტში.
თავად შრომის კოდექსის მეხუთე თავში კი აღნიშნულია: „დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს და დღის განმავლობაში 8 საათს... შვიდდღიანი სამუშაო პერიოდის განმავლობაში, ზეგანაკვეთების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს“.
იმისთვის, რათა მოქალაქეს ერთზე მეტ სამსახურში შეეძლოს მუშაობა, მისი პირველი სამუშაოს შესრულებით, აღნიშნული თავით დადგენილი მაქსიმალური ლიმიტები არ უნდა იყოს შევსებული. ის, რომ შეთავსებული სამუშაოს შესრულება ძირითადი სამსახურისგან თავისუფალ საათებში უნდა მოხდეს, ეს მოქმედი კანონმდებლობითაც არის დადგენილი, თუმცა, არსებულ კანონმდებლობასთან შედარებით ახალი კანონპროექტი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე უფრო მკაცრ მოთხოვნებს აწესებს, რაც თავის მხრივ ზღუდავს დროის იმ შესაძლო მონაკვეთის მოცულობას, რომლის განმავლობაშიც, მოქალაქეს მეორე სამსახურის შესრულება შეუძლია.
ის რომ, აღნიშნული გარემოება პრობლემურია, ეს საქართველოს ბიზნესომბუდმენის აპარატის შეფასებაშიც არის ასახული. ცვლილებამ შესაძლოა, ათასობით ადამიანს დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, შეთავსებადი სამუშაოს შესრულება აუკრძალოს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, წარდგენილ პროექტს გაცილებით მაღალი სტანდარტი შემოაქვს, ვიდრე გათვალისწინებულია ევროდირექტივებით.
„ამიტომაც, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ვიღებთ იმაზე მაღალ სტანდარტებს, ვიდრე ეს შეიძლება, ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში იყოს. ჩვენ გვქონდა და გვაქვს კომუნიკაცია ბიზნესთან და ვხედავთ, რომ ამ კანონპროექტმა მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ავტორს კეთილი სურვილი აქვს, შესაძლოა, უმუშევრობის ზრდა და ხელფასების შემცირება გამოიწვიოს, ასევე კონკრეტული ინდუსტრიების საერთოდ გაჩერებაც“, – განაცხადა ვეფხვაძემ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, კანონპროექტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მომტანი გახდება.
მასვე ეთანხმება ანალიტიკოსი და მკვლევარი ნიკა ნანუაშვილი, რომელიც იმავე დროს ფიქრობს, რომ ასეთი ცვლილება ხელფასების შემცირებას გამოიწვევს.
„იმ პირობებში, რომ სამუშაო ძალის პროდუქტიულობა ძალიან დაბალია, სამუშაო საათების შემცირება ავტომატურად გამოიწვევს ხელფასების შემცირებას და ეკონომიკაში თითოეული დასაქმებულის შენატანს შეამცირებს. არაერთი სექტორია, სადაც ცვლაში მუშაობასთან დაკავშირებით სპეციფიკური განრიგებია და ჩვენ შემთხვევაში გამონაკლისების და ზეგანაკვეთური მუშაობის აკრძალვა დიდი პრობლემა იქნება“, - განაცხადა ნანუაშვილმა.
რაც შეეხება ამავე საკანონმდებლო ინიციატივით განსაზღვრულ მინიმალური ხელფასის დაწესებას, ნანუაშვილის თქმით, ნორმატიულ აქტებში შეტანილი ცვლილებები ქვეყანაში საშუალო ხელფასის ზრდას ვერ უზრუნველყოფს.
„კარგია, თუ ქვეყნის ეკონომიკა იძლევა საშუალებას, რომ მინიმალური ხელფასი მაღალი იყოს, მაგრამ არც ერთი ნორმატიული აქტი, არც ერთ კოდექსში ცვლილება ვერ უზრუნველყოფს საშუალო თუ მინიმალური ხელფასის ზრდას ქვეყანაში. ეს მოხერხდება მხოლოდ ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების შემთხვევაში“, - განაცხადა ნანუაშვილმა.
ყოველთვის იყო ნებადართული 1,5 განაკვეთზე მუშაობა ერთი დაწესებულების შიგნით (მაგ. პედაგოგიური + ადმინისტრაციული ან პირიქით) ან სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის 0,5 განაკვეთის სხვა საქმიანობასთან შეთავსება და ეს ახლაც არ უნდა იყოს პრობლემა.
1,5-ზე მეტი განაკვეთის (სტაციონალურ სამუშოებზე) დაკავება ყველა ვარიანტით კატეგორიულად უნდა აიკრძალოს.
უნდა აიკრძალოს ასევე სამეცნიერო პედაგოგიური თანამდებობის დაკავება ორ სხვადასხვა სასწავლო ან სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებაში. სახელმწიფო მმართველობითი დაწესებულების არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე დასაქმებულ პირებს არ უნდა ჰქონდეთ ერთზე მეტ სასწავლო ან/და სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებაში 0,5 განაკვეთზე მეტი შეთავსების (ნებისმიერი სტატუსითა და ფორმით) უფლება.
ყველა შემთხვევისათვის მკაცრად უნდა იყოს დაცული, სტაციონალურ თანამდებობებზე 1,5-ზე მეტი განაკვეთის დაკავების აკრძალვის პირობა. არასტაციონალური (არაფიქსირებული სამუშაო ადგილი ან როცა სამუშაოს შესრულება შესაძლებელია დღეღამის ნებიმიერ დროს ან ინტერნეტსაკომუნიკაციო რეჟიმში) ხასიათის საქმიანობისათვის არანაირი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს, რადგან ასეთის შემთხვევაში ყველაფერი მხოლოდ დასაქმებულის ნებაზეა დამოკიდებული, თანაც მისი გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელია.
რას მიედ-მოედებით თქვენცა და ვიღაც დიმიტრი ცქიტიშვილი?
ვისი რა საქმეა სად და რამდენ ადგილზე ვიმუშავებ?
თუ ვინმეს ეხალისება ორ სამსახურში მუშაობა?
შექმნან პირობები იმისა, რომ ერთზე მეტ სამსახურში არავის მიდიოდეს სამუშაოდ.
ევროპა-ამერიკა რომ აკერიათ პირზე, შემოიღონ მინიმალური ანაზღაურების ზღვარი, რომელიც ღირსეული და საკმარისი იქნება მოქალაქისთვის და ნახეთ, თუ ვინმე წავა სამუშაოდ.
ან რომ წავიდეს კიდეც მეორე და მესამე ადგილზე სამუშაოდ, სად აღირიცხება ეს სამუშაო? შრომის წიგნაკები საერთოდ აღარ არის და კონტრაქტი კიდევ არ იძლევა სრულ ინფორმაციას.
და კიდევ, თუ დამსაქმებელს აკმაყოფილებს ჩემს მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი და მოცულობა, ვინ ეკითხება ვიღაც ცქიტიშვილს მე კიდევ სადმე ვიმუშავებ თუ არა?
ან რა შუაშია გეოგრაფია?
"სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის 0,5 განაკვეთის სხვა საქმიანობასთან შეთავსება" არც ეხლაა პრობლემა, მაგრამ პრობლემა სხვაშია.
მაღაზიაში გაყიდველ გოგონებს რომ 200 ლარზე ამუშავებენ და დღეში 12-14 საათი, ეს როგორ რეგულირდება? ბანკებში ოპერატორებს 400 ლარი რომ აქვთ ნორმალურია?
პროფესორ-მასწავლებლებს 500 ლარი რომ აქვთ და ამაში შედის როგორც პედაგოგიური, ასევე სამეცნიერო სამუშაო, ეს მისაღებია?
რას მიედ-მოედებით მართლა?
გეთანხმებით. სწორედ ასეთი უმსგავსობები უნდა აღმოფხვრას ნორმალურმა სახელმწიფომ და შრომის კოდექსმა.
პრობლემა სამუშაო ადგილების რაოდენობა კი არა არამედ ის არის, სტაციონარულ სამსახურში (ანუ კვირაში ხუთი დღე 40 საათი სამუშაო მაგიდასთან რომ უნდა იჯდეს) დასაქმებულ პიროვნებას რანაირად შეუძლია სამსახურშიც იყოს , რისთვისაც, სხვათა შორის საბიუჟეტო, ხელფასს აძლევენ და იმადროულად (9-დან 18 საათამდე) სხვა გეოგრაფიულ ადგილზე ეწეოდეს საშტატო საქმიანობას? სწორედ ამიტომ უნდა იყოს დაცული მაქსიმუმ 0,5 განაკვეთიანი ზღვარი, რაც შაბათი დღის მაქსიმალური სტაციონალური დატვირთვით მიიღწევა, პლიუს არასტაცინალური ნაწილის დღეღამის ნებისმიერ დროს შესრულებით.
პრობლემა ერთი და იგივე სამუშაო საათების დროში გაორებასა და გასამებაშია, თორემ სამუშაო საათების შემდეგ ვინ სად იმუშავებს ვისი რა საქმეა. ამ საკითხზე წინა კომენტარშიც იგივეს ვწერდი.
ვინმემ თუ სხვანაირი არითმეტიკა იცის მაშინ მართლაც, "პრობლემა სხვაშია".