ტექდათვალიერების საკითხში უკვე იმდენი პრობლემა დაგროვდა, რომ საჭიროა კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა. ავტმფლობელებმა ბევრი ხრიკი მოიფიქრეს და ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავი ავტომობილი დადის, რომელსაც ინსპექტირების ვადა კარგა ხნის გასული აქვს, მაგრამ ჯერაც უპრობლემოდ გადაადგილდებიან.
არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ შევიდეს ცვლილებები კანონში, რომლის თანახმადაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების არგავლის გამო მძღოლები 30 დღის ნაცვლად, ყოველ 72 საათში ერთხელ დაჯარიმდნენ.
„ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ დახარვეზებული ავტომობილების მფლობელებს ურჩევნიათ ყოველ თვე ჯარიმა გადაიხადონ, ვიდრე ავტომობილი ტექნიკურად გამართონ. ამავე დროს თბილისში ჯერ კიდევ გადაადგილდება 82000-მდე ისეთი მანქანა, რომელმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარა.
„ტექინსპექტირება გაუვლელ მანქანებს, ძირითადად, ვიდეოკამერები აკონტროლებენ. პირველი იანვრიდან აგვისტოს ბოლომდე 773 000 მძღოლმა მიმართა ტექინსპექტირების ცენტრს და აქედან 11%, დაახლოებით 82 000 ავტომანქანა დახარვეზდა. ამის მიუხედავად, ეს ავტომანქანები დღეს გადაადგილდებიან ქუჩებში. პრობლემას კი ის ქმნის, რომ ასეთ ავტომობილების მფლობელებს ურჩევნიათ ჯარიმა გადაიხადონ, ვიდრე წესრიგში მოიყვანონ საკუთარი ავტომანქანა.
დღეს 30-დღიანი ვადა არსებობს, ანუ, ის მძღოლები, რომელთა ავტომანქანამაც ტექინსპექტირება ვერ გაიარა, თვეში ერთხელ ჯარიმდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში 20%-იანი ფასდაკლება ვრცელდება, ურჩევნიათ, თვეში 40 ლარის გადახდა. ამ ხარვეზების გაანალიზება უნდა მოხდეს, რომ რეფორმები წარმატებულად ჩაითვალოს. თუ ეს ცვლილება არ შევიდა ძალაში, რეფორმა ჩავარდება. კანონში შესატანც ვლილებებს კი პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება, რომ დროულად შევიდეს ძალაში და შემდეგი წლიდან ამოქმედდეს“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაწილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყო და მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა. ჯარიმის ოდენობა იმ ფიზიკური პირებისთვის, ვინც ტექნისპექტირების გავლის გარეშე გადაადგილდება ავტომობილით, 50 ლარია, იურიდიული პირებისთვის კი 200 ლარი.
„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია ამბობს, რომ თუკი ხელისუფლებას ვითარების გაუმჯობესება უნდა, ტექდათვალიერების საკითხები კიდევ უნდა გადაიხედოს და მიდგომა შეიცვალოს.
„ის, რომ ავტომობილი გადის ინსპექტირებას, არ ნიშნავს, რომ ეკოლოგიურად სუფთაა. დღევანდელი მონაცემით, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიც არაა შესაბამისი. აუცილებელია დამონტაჟდეს სხვადასხვა სტაციონალური ცენტრები ქალაქებში, ასევე შეიქმნას მაკონტროლებელი ტექნიკური ჯგუფები. ჯერჯერობით მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ფარგლებში, ეს პუნქტები არც კი განიხილება.
ვხედავთ, რომ მიუხედავად ტექდათვალიერებისა, ქალაქში მაინც დადის უკვე ინსპექტირება გავლილი ავტომობილები, რომლებსაც დიდი გამონაბოლქვი აქვს. მძღოლები ამას სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი ხრიკებით აღწევენ, იქნება ეს ნაწილების თხოვება სპეციალურად ინსპექტირებისათვის თუ სხვადასხვა მინარევების ავზში ჩასხმა, გამონაბოლქვის შესამცირებლად. ამიტომაც, აუცილებელია მძლავრი საინფორმაციო კამპანია მძღოლებისთვის სახელმწიფოს და მედიის მხრიდან და ასევე, გამართული ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც შავ ხვრელებს აღარ დატოვებს“, - განაცხადა იზორიამ.