სავალუტო ფონდმა ეროვნულ ბანკს გაცვლითი კურსი დაუწუნა

სავალუტო ფონდმა ეროვნულ ბანკს გაცვლითი კურსი დაუწუნა

საქართველოში ვიზიტად მყოფმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ პირველად გამოთქვა წუხილი ქართული ვალუტის კურსის რყევასთან დაკავშირებით. მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა-მარტინის განცხადებით, საქართველო გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, თუმცა ამ პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას ეროვნული ვალუტის გაუფასურება წარმოადგენს.

ფონდს კარგად ესმის, რომ გაცვლითი კურსის გაუფასურებამ ქართული ოჯახებისა და ბიზნესების მატერიალურ მდგომარეობაზე ნეგატიური გავლენა იქონია, თუმცა, აქვე მარტინი აღნიშნავს, რომ გაცვლითი კურსის მცურავი რეჟიმის შენარჩუნება ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

„მივესალმებით ხელისუფლების მზაობას განაგრძოს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება და სტრუქტურული რეფორმების გატარება. ინფლაციის მოლოდინის ზრდის ფონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამა წლის სექტემბერში მართებულად ასწია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით და ბაზარს ანიშნა მონეტარული პოლიტიკის შემდგომი შესაძლო გამკაცრების შესახებ, თუ ინფლაციური წნეხი შენარჩუნდა.

სსფ-ს კარგად ესმის, რომ ბოლო თვეებში ლარის გაუფასურების გამო ბევრი ქართული ოჯახი და ბიზნესი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, განსაკუთრებით ისინი, ვისაც სესხი აქვს აღებული დოლარში. თუმცა, საერთო ჯამში, მოქნილი გაცვლითი კურსი ეკონომიკას საშუალებას აძლევს სწრაფად მოერგოს შოკებს და ამით კარგ სამსახურს უწევს ქვეყანას“, - აცხადებენ სავალუტო ფონდის მისიაში.

ეროვნულ ბანკში სსფ-ს ვიზიტის შემდეგ უკვე სხვაგვარად საუბრობენ. ისინი ირწმუნებიან, რომ ლარი დიდი ალბათობით გამყარებას დაიწყებს, ხოლო სებ-ი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას კვლავაც გააგრძელებს. ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრი არჩილ მესტვირიშვილი ამბობს, რომ ლარი იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ამას საგარეო მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს.

„ექსპორტი იზრდება 12 პროცენტზე მეტით, იმპორტი 4.4%-ით არის შემცირებული პირველი რვა თვის განმავლობაში. ამ მხრივ სავალუტო ბაზარზე დადებითი ტენდენციაა. ფულადი გზავნილები დახლოებით 8 პროცენტით იზრდება, თუმცა ტურიზმის სტატისტიკა გამოვაქვეყნეთ რამდენიმე დღის წინ და ივლისში შემცირება იყო 13 პროცენტი, აგვისტოში - 10 პროცენტი. ჯამურად მთელი წლის განმავლობაში ზრდა თითქმის არ იყო. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც ლარის კურსზე გავლენა მოახდინა.

ჩვენ სრული ინფორამაცია ჯერჯერობით არ გვაქვს. როდესაც გვექნება საგადამხდელო ბალანსი, ეს მოგვცემს მთლიან სურათს, მაგრამ უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღევანდელი კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე საგარეო შოკი ამას მოასწავებდა“, - განაცხადა „პირველი არხის“ ეთერში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

მესტვირიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ფასების სტაბილურობაა, რაც ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდის აუცილებელი ფაქტორია. ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდა კი ინფლაციის საშუალოვადიან დინამიკაზეა დამოკიდებული, რაც ლარის კურსის გამო, დღეის მდგომარეობით, არ არის სასურველ დონეზე, ამიტომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გააგრძელებს.

„ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდისთვის მთავარია ინფლაციის საშუალოვადიანი დინამიკა და კურსის არსებული დინამიკა ინფლაციაზე უარყოფით გავლენას ახდენს. უკვე დავიწყეთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ეს ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტია და ასე გავაგრძელებთ ნაბიჯ-ნაბიჯ. იძულებული ვართ, გავამკაცროთ მონეტარული პოლიტიკა. ეს, რა თქმა უნდა, გაცვლით კურსზე გავლენას იქონიებს, რადგან გაცვლითი კურსი არის ერთ-ერთი გადაცემის არხი“, - განცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

tngh სასაცილოა, როდესაც ინფლაციაზე და დევალვაციაზე, ამ დარგის ევროპის რეკორდსმენი, სინდის-ნამუს დაკარგული, უხსენებელი და ნაძირალა, საზიზღარი დემაგოგი, რ. გოცირიძე ლაპარაკობს...
4 წლის უკან